COVID-19: სიკვდილიანობის მატებასთან ერთად შვედეთის პოლიტიკური ექსპერიმენტი მიმზიდველობას კარგავს

შვედეთი არის ერთადერთი ევროპული გამონაკლისი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიას წინააღმდეგობა არ გაუწია და ცხოვრება დღემდე, მეტ-ნაკლებად უცვლელად განაგრძო.

გაზაფხული შვედეთში წელს განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე დანარჩენ ევროპაში. კაფეებში ყავას მოგიდუღებენ, ბარებში ლუდს ჩამოგისხამენ. ბავშვები ყოველ დილით სკოლაში დადიან და მოედნები, სპორტული დარბაზები თუ სავაჭრო ქუჩები ისე არ გაუკაცრიელებულა, როგორც დანარჩენ კონტინენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა მობილობა და უმეტესობა ემზადება აღდგომის სახლში აღსანიშნავად იმის ნაცვლად, რომ საზღვარგარეთ ან აგარაკზე წასულიყვნენ, ჩრდილოეთის ეს ქვეყანა მაინც არ აპირებს სრულ გაჩერებას.

სავალდებულო წესები მოიცავს მხოლოდ სკოლის მაღალი კლასებისა და უნივერსიტეტების დახურვას, 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას (ორი კვირის წინ ჯერ კიდევ 500-კაციანი შეკრებები იყო დაშვებული) და ბარებისა და რესტორნებისთვის იძულებას, რომ მხოლოდ მაგიდებთან მსხდომ მომხმარებლებს მოემსახურონ, რათა თავიდან აიცილონ გადატვირთვა. პირბადეები არსად ჩანს და საზღვრებიც ღია რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებმა - დანიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ უკვე ჩაკეტეს თავიანთი საზღვრები. ეს „ნორდიკული ტრიო“ გაჰყვა ევროპის სხვა ქვეყნების უმეტესობის მიერ გაკვალულ გზას მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვითა და სხვა ზომების შემოღებით.

ანდერს ტეგნელმა, შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა და პოლიტიკის არქიტექტორმა, თქვა, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთხელ შეუძლია სრული კარანტინის გამოცხადება, ამიტომ დალოდება სჯობს, ვიდრე აჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული ხმებიც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორც მთავრობის, ასევე პრემიერ-მინისტრის რეიტინგები მკვეთრად გაუმჯობესდა. როგორც ჩანს, შვედები ჯერჯერობით ბედნიერად აკვირდებიან და ენდობიან თავიანთ ხელისუფლებას.

უნდა ენდობოდნენ, კი? ერთი შეხედვით, ინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ლოგიკურია. 10 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანამ აღრიცხა 9 000-ზე მეტი შემთხვევა და 800-ზე მეტი დაღუპული, რაც ბევრად დაბალია ვიდრე იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდსა და გაერთიანებული სამეფოში, სადაც ათასობით ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამავე დროს, ეს ნამდვილად არ არის სამართლიანი შედარება. „ნორდიკული ქვეყნები“ ისე მჭიდროდ არ არიან დაკავშირებული „მატერიკულ ევროპასთან“, რომლისგანაც ბალტიის ზღვა გამოჰყოფთ და დანიის გარდა, ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობაც და სიმჭიდროვეც უფრო ნაკლებია.

შეადარეთ შვედეთი დაახლოებით 10.2 მილიონი მოსახლეობით და ჩეხეთის რესპუბლიკა ცენტრალური ევროპის შუაგულში 10.7 მილიონი ადამიანით. ეს ორი ქვეყანა თითქმის იდენტურია ზომით, მაგრამ არჩეული აქვთ საპირისპირო სტრატეგიები, როდესაც საქმე ეხება მათი მოსახლეობის იზოლაციას. დღემდე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც პანდემიის დასაწყისიდანვე დაწესებულია მკაცრი ზომები სავალდებულო პირბადეების ჩათვლით, აღირიცხა კორონავირუსის 5000-ზე მეტი შემთხვევა და 104 გარდაცვალება - 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე შვედეთში.

თუ შევადარებთ შვედეთს მისსავე ჩრდილოელ მეზობლებთან, შვედეთი ისევ გამონაკლისია, უარყოფითი კუთხით.

შვედეთში უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე დანარჩენ სამ ქვეყანაში ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დანიის, ფინეთის და ნორვეგიის მთლიანი მოსახლეობა 16 მილიონზე მეტია. ოთხივე ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ლეტალური შედეგი ერთდროულად დაფიქსირდა. ერთ სულ მოსახლეზე, ფინეთი და ნორვეგია შვედეთთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურებიან. დანიის ციფრებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი აღმოსავლელი მეზობლის ერესუნის სრუტის გასწვრივ.

არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, რა მოხდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. შვედეთს აქვს ბუნებრივი უპირატესობები, რამაც შეიძლება განსაზღვროს უკეთ გადაიტანს ის ამ კრიზისს თუ არა, სხვა ქვეყნებთან შედარებით. შვედები გაცილებით მეტად ენდობიან ხელისუფლებას, ვიდრე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. შვედური შინამეურნეობების ნახევარზე მეტი, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ერთი პირისგან შედგება და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები ურთიერთობაა თაობებს შორის. ასაკოვანი ხალხი მოხუცებულთა სახლებში ცხოვრობენ, შორს ოჯახის ახალგაზრდა წევრებისგან. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას ამ „კორონალურ“ დროში. თუმცა ახალგაზრდები მაინც ზრუნავენ ასაკოვნებზე, რასაც ადასტურებს ბოლოდროინდელი ამბები, რომელთა თანახმად, კორონავირუსი სტოკჰოლმის მოხუცებულთა სახლების მესამედში გავრცელდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება შვედეთს მოუწიოს გადახედოს კორონავირუსთან ბრძოლის აქამდე გატარებულ პოლიტიკას. ამ პანდემიის ჟამს მისი არჩეული გზა მისაბაძ მოდელად დიდად ვერ გამოდგება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.