COVID-19-ის ტერმინთა განმარტება: რა რას ნიშნავს?

მეორე ტალღა

ეს ტერმინი აღწერს შესაძლებლობას, რომ ქვეყნების გახსნასთან ერთად ოფისებში, სკოლებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ხალხის დაბრუნებამ შეიძლება ახალი კორონავირუსით ინფიცირების ხელახალი მატება გამოიწვიოს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ ვაქცინას შეუძლია მოგვცეს შესაძლებლობა, მოვხსნათ სხვადასხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც ამჟამად კაცობრიობის ნახევარს შეეხება. თუმცა, მთავრობებმა ბევრგან დაიწყეს ყველაზე უფრო მკაცრი ზომების შემსუბუქება გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული გამანადგურებელი ზიანის გამო.

PCR ტესტები

PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტები ყველაზე სანდო გზა არის COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების დასადგენად მაშინაც კი, როდესაც ადამიანს სიმპტომები არ აღენიშნება. ტესტის ჩასატარებლად სტერილური ჩხირით ხახიდან ნაცხს იღებენ და შემდეგ ლაბორატორიული ანალიზის მეშვეობით მასში ახალი კორონავირუსის უნიკალურ გენეტიკურ კოდს ეძებენ. ის, ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, შეიძლება კარანტინში მოთავსდეს, რათა თავიდან იქნეს არიდებული ვირუსის სხვებზე გადაცემა.

ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები

ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომლებიც ასევე სეროლოგიური ტესტების სახელითაა ცნობილი, ეყრდნობა სისხლის ლაბორატორიულ ანალიზს იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა ინდივიდის იმუნურ სისტემას COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები. რადგან ანტისხეულები ინფექციის საპასუხოდ გამომუშავდება, მათი აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ვირუსით იყო ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა, თუმცა კი სიმპტომები შეიძლება არ ჰქონოდა. ანტისხეულებზე დამყარებული ტესტებით, თეორიულად, შეიძლება დადგინდეს, თუ ვისთვისაა სამსახურში დაბრუნება უსაფრთხო - იმ დაშვებით, რომ ვისაც ეს დაავადება მოხდილი აქვს, მის წინააღმდეგ იმუნიტეტიც გამოუმუშავდა. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ანტისხეულების მქონენი დაცულები იქნებიან ხელმეორედ ინფიცირებისგან.

იმუნიტეტის პასპორტები

ზოგიერთმა მთავრობამ წამოაყენა იდეა, რომ ადამიანში COVID-19-ის ანტისხეულების დადგენის შემთხვევაში გაიცეს „იმუნიტეტის პასპორტი“ ან „რისკის არქონის სერტიფიკატი“, რაც ინდივიდებს მოგზაურობის ან სამსახურში დაბრუნების საშუალებას მისცემდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ იდეას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ანტისხეულების მქონენი დაცულები იქნებიან ხელმეორედ ინფიცირებისგან.

ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები

ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები აანალიზებს პაციენტის ნაცხს უცხო ნივთიერებებზე, როგორებიცაა ვირუსი ან ბაქტერია. ექიმები მას ხშირად იყენებენ გრიპის დასადგენად. ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებს განსაკუთრებული ლაბორატორია და სპეციალიზებული ხელსაწყოები არ სჭირდება და, თეორიულად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა COVID-19-ზე მასობრივი ტესტირებისთვის. წესით, მათი ჩატარება ადამიანს თავად უნდა შეეძლოს სახლში. დღეისთვის არ არსებობს სანდო ტესტი ანტიგენზე ახალი კორონავირუსისთვის, თუმცა მის შესაქმნელად არაერთი კომპანია მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დღეს არსებულ ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებს COVID-19-ის დადგენა 34 პროცენტიდან 80 პროცენტამდე სიზუსტით შეუძლიათ.

ანტივირუსული წამლები

ანტივირუსული წამლები ვირუსს გამრავლების და ახალი უჯრედების ინფიცირების საშუალებას უსპობს. დღეს მეცნიერები რამდენიმე ანტივირუსულ პრეპარატს შორის ყველაზე ეფექტიანს ეძებენ. 29 აპრილს ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ პრეპარატ რემდესივირის კლინიკურმა ცდებმა დადებითი შედეგი აჩვენა - COVID-19-ით მძიმედ დაავადებული პაციენტები, რომლებსაც ეს წამალი მისცეს, 30 პროცენტით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომლის წევრებმაც პლაცებო მიიღეს. რემდესივირი თავის დროზე ებოლის წინააღმდეგ შექმნეს, თუმცა ამისთვის ეფექტიანი არ აღმოჩნდა. მეცნიერები ასევე იკვლევენ ჰიდროქლოროქინს (მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს), EIDD-2801-ს და კიდევ რამდენიმე ანტივირუსულ წამალს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს COVID-19-ის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის.

COVID-19 (COronaVIrusDesease-2019)

ეს სახელი ეწოდება კორონავირუსის პანდემიურ დაავადებას, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მისი გამომწვევია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა.

კორონავირუსი

ვირუსების ოჯახი, რომლებშიც შედის ასევე ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS-CoV).

SARS-CoV-2

ეს არის COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის მეცნიერული სახელი. მისი სრული ინგლისური სახელწოდებაა Severe acute respiratory syndrome coronavirus 2.

სოციალური დისტანცირება (ან ფიზიკური დისტანცირება)

ზომების ერთობლიობა, რომლის მიზანიცაა ადამიანების ახლო ურთიერთობების შეზღუდვა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმპტომები არა აქვთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ადამიანებს შორის სულ მცირე ორი მეტრის დისტანციის დაცვა. ჯანმო უპირატესობას ანიჭებს „ფიზიკურ დისტანცირებას“, რადგან ეს ტერმინი უფრო ზუსტია და არ მოიაზრებს სოციალური კავშირების გაწყვეტას. რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან სტატიებში ამიერიდან ამ ტერმინს გამოიყენებენ.

თვითიზოლაცია

ფიზიკური დისტანცირების უფრო მწვავე ფორმა, რომელიც, როგორც წესი, იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს ეკუთვნიან და მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ. ან შეეხება მათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ახლა დანარჩენი მოსახლეობისგან იზოლირებულია 14 დღის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ თავადაც არ არიან ინფიცირებულნი.

ჩაკეტვა

ამ ტერმინს ხშირად აღნიშნავენ ხელისუფლების მიერ გარკვეულ ქალაქსა ან რეგიონში გაცემულ განკარგულებას მოსახლეობის სახლში დარჩენის შესახებ. ბევრგან „ჩაკეტვას“ და „კარანტინს“ ერთი და იმავე დატვირთვით მოიხსენიებენ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, „ჩაკეტვის“ ხსენებისას უნდა ვახსენოთ ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული ზომები.

კარანტინი

იზოლაციის ყველაზე სერიოზული ფორმა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. როგორც წესი, მას ახლავს მკაცრი რეგულაციები ინფიცირებულთა იზოლაციისთვის დანარჩენი მოსახლეობისგან. შეიძლება ასევე ნიშნავდეს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის განცალკევებას. ბევრგან „ჩაკეტვას“ და „კარანტინს“ ერთი და იმავე დატვირთვით მოიხსენიებენ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, „კარანტინის“ ხსენებისას უნდა ვახსენოთ ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული ზომები.

PPE

სამედიცინო პერსონალის დამცავი ეკიპირება (ინგლისურად personal protective equipment). ამაში შედის ქირურგიული პირბადეები, რესპირატორები, სახის დამცავი ფარები, ხელთათმნები და წინსაფრები.

რესპირატორი

დამცავი ხელსაწყო, რომელსაც სახეზე ან მთლიან თავზე ატარებენ და რომელიც, სულ მცირე, ცხვირსა და პირს ფარავს. რესპირატორებს სამედიცინო პერსონალი იყენებს ვირუსებისგან თავის დასაცავად. სხვა გარემოში მას მავნებელი ნაწილაკებისგან ან გაზებისგან თავის დასაცავად იყენებენ.

სკრინინგი და ტესტირება

ეს ორი ტერმინი სინონიმი არ გახლავთ. სკრინინგი ზოგადი ტერმინია, რომელიც შეიძლება აღწერდეს სხვადასხვა ხერხს, რომლის მიზანიცაა დადგენა, ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ ადამიანს შეხება ინფიცირებულთან ან აქვს თუ არა დაავადების სიმპტომები. ზოგ ქვეყანაში სკრინინგი გამოიხატება ადამიანებისთვის სიცხის მასობრივ გაზომვაში, კითხვარების შევსებაში ან სატელეფონო კვლევების ჩატარებაში. როდესაც „სკრინინგს“ ვახსენებთ, ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში.

ტესტირება სპეციფიკური ტერმინია, რომელიც, როგორც წესი, შეეხება ინდივიდში ინფექციის დადგენას ლაბორატორიული ანალიზის მეთოდით. თუმცა, ზოგი ქვეყანა ამ ტერმინს უფრო ზოგადად მოიხმარს და მასში სკრინინგს მოიაზრებს. ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის უნდა დავაკონკრეტოთ, თუ რა იგულისხმება „ტესტირებაში“.

ნაცხის ტესტი (swab test)

ტესტი, რომელიც უტარდება პაციენტის ცხვირიდან ან ხახიდან მოპოვებულ ნაცხს, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას ვირუსი. რადგან მსგავსი ტიპის ანალიზს ტრადიციულად სპეციალური ხელსაწყოები და გაწვრთნილი პერსონალი სჭირდება, ტესტის პასუხების მიღებას რამდენიმე საათი ან, ლაბორატორიის გადატვირთვისას, რამდენიმე დღე სჭირდება. ბევრი ქვეყანა ცდილობს სანდო სწრაფი ტესტების შემუშავებას, რომელთა ჩატარება სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი. ბევრი სწრაფი ტესტი, რომელიც ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებს, მათ შორის ესპანეთსა და ჩეხეთს გაუგზავნეს, მხოლოდ ნაწილობრივ ადგენს ინფიცირების შემთხვევებს.

ინტუბაცია

პაციენტის სასუნთქ გზებში მილის ჩადგმის პროცესი, რომელიც შემდეგ ჰაერს (ხშირად ჟანგბადით გამდიდრებულს) მიაწოდებს ფილტვებს. პაციენტის ინტუბაცია ხორციელდება, როდესაც ფილტვებს არ შეუძლიათ სრულყოფილი ფუნქციონირება ვირუსული ინფექციის გამო. ინტუბაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს - შეიძლება მილი პაციენტის სასუნთქ გზებში პირდაპირ პირიდან მოათავსონ, ან, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა მილის ტრაქეიდან შესაყვანად. მილი მიერთებულია ვენტილატორს.

ვენტილატორი

აპარატი, რომელსაც საავადმყოფოები იყენებენ, რათა ჰაერი (ხშირად ჟანგბადით გამდიდრებული) მიაწოდონ პაციენტს, როდესაც დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, რადგან ფილტვები ვირუსული ინფექციის გამო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ. შედარებით მსუბუქი ინფექციის დროს აპარატი პაციენტს ჰაერს აწვდის სახეზე დამაგრებული ნიღბის მეშვეობით. მწვავე შემთხვევებში საჭირო ხდება მილის პირდაპირ სასუნთქ გზებში მოთავსება. ვენტილატორი პაციენტის იმუნურ სისტემას დროს აძლევს ვირუსთან გასამკლავებლად.

(გამოყენებული წყაროები: Merriam-Webster Dictionary, The Independent, BBC, CDC, CNN, WHO)