COVID-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 მაისს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 604

გარდაცვლილი - 9

გამოჯანმრთელებული - 240

კარანტინში - 4919

სტაციონარში - 495

საქართველოში კორონავირუსის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა უკვე 600-ს გადააჭარბა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი. COVID-19-ის 198 შემთხვევა კი ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა საქართველოში ეპიდსიტუაციის შესახებ.

„ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია, შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა დაინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა, ამ კლების პროცესში, არის გარკვეული დღეები, როდესაც არის ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე“, - თქვა ტიკარაძემ.

წაიკითხე მეტი.

რატომ გაძვირდა კიტრი, სხვა ბაღჩეული, ბოსტნეული, სურსათი

ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, თევზი, ხორცი - აპრილში ფასები გაიზარდა არა მხოლოდ წინა თვესთან შედარებით, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებითაც. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არალოგიკურია შემცირებული მოთხოვნის პირობებში - დახურულია რესტორნები, ბარები, გაჩერებულია ტურიზმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აპრილის მონაცემებით, ყოველთვიური და წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ზრდამ. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა: გასულ თვესთან შედარებით - 3%-ით; ხოლო შარშანდელ აპრილთან შედარებით - 16%-ით.

კორონავირუსის საფრთხის გამო, როდესაც, მაგალითად, შეჩერებულია ტურიზმი და დახურულია რესტორნები თუ სასტუმროები, ცხადია, რომ შემცირდა მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც.

საბაზრო ეკონომიკის კანონებით, შემცირებული მოთხოვნის დროს, ფასები უფრო უნდა მცირდებოდეს, ვიდრე - გაიზარდოს.

რამ გააძვირა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რა ლოგიკა და მექანიზმი მუშაობს კორონავირუსის ფონზე და არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო გაზრდა - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველოში 47 აგრარული ბაზარი გაიხსნება

დღეიდან საქართველოში თითქმის ყველა აგრარული ბაზარი იხსნება. ბაზრების ადმინისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა ევალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისინი ისევ დახურონ.

გუშინ დაანონსებულ ვადაზე ერთი კვირით ადრე განაახლეს საქმიანობა სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაოების განახლება კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროდუქციის მწარმოებლების საქმიანობაზე შეზღუდვა მოხსნა, სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის რეალიზებაზე ეს შეზღუდვები კვლავ რჩება. უფრო ზუსტად კი დაშვებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ონლაინვაჭრობა. რა საქმიანობებია ნებადართული და რა არა, წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

აშშ საზღვაო წვრთნებს ატარებს ბარენცის ზღვაში, პირველად 1980-იანი წლების შემდეგ

ოთხი ამერიკული სამხედრო გემი და ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძლების ერთი ფრეგატი 4 მაისს შევიდა ბარენცის ზღვაში არქტიკის უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში მიმდინარე ტაქტიკური მანევრების ჩასატარებლად. პენტაგონის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა 1980-იანი წლების შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემები შევიდნენ ბარენცის ზღავაში, რუსეთის ჩრდილოეთ საზღვრის მახლობლად.

ამ მანევრების ფონია, რუსეთის ბოლოდოინდელი მზარდი სამხედრო სამზადისი არქტიკაში, რომელსაც კრემლი გეოსტრატეგიულად მიიჩნევს მისი არა მხოლოდ ენერგეტიკული რესურსების და თავდაცვითი მნიშვნელობის გამო, არამედ ასევე როგორც ნაოსნობის პოტენციურ მოგებიან მარშრუტს, რომელიც კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოიკვეთა.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ცნობით, „შესაძლო რისკების შემცირებისა და ყოველგვარი მოსალოდნელი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მანევრების დაწყების თაობაზე გაფრთხილებული იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ხოლო რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი თვალს ადევნებს ამერიკულ-ბრიტანულ საზღვაო მანევრებს“.

წაიკითხე მეტი.

როგორ (არ) მუშაობს Stop Covid აპლიკაცია

კონტაქტების დადგენისთვის შექმნილი აპლიკაციის Stop Covid-ის არც ერთ მომხმარებელს არ მიუღია შეტყობინება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid 16 აპრილს ამოქმედდა. მას შემდეგ 20 დღე გავიდა. დროის ამ მონაკვეთში Covid-19 დაუდასტურდა 270-მდე ადამიანს, თუმცა აპლიკაცია არც ერთ მათგანს არ გამოუყენებია:

„ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინფიცირება. შესაბამისად, მსგავსი შეტყობინება არ გვქონია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია, დაახლოებით, 200 000-მა ადამიანმა ჩამოტვირთა.

წაიკითხე მეტი.

ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება და კონკორდატი. საუბრობს ბასილ კობახიძე.

ანარეკლების სრული გადაცემა „ერი და ბერი“ ნახე აქ.