COVID-19-ის რეგისტრირებული შემთხვევები 11-ით გაიზარდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივნისს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 794

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 624

კარანტინში - 2508

სტაციონარში - 300

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 783-დან 794-მდე გაიზარდა. განიკურნა კიდევ 19 პაციენტი.

„სერიოზულ მიკროაფეთქებას“ უწოდებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გასულ კვირაში თბილისში, საბურთალოს რაიონში გამოვლენილ შემთხვევებს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ამ კლასტერში, სადაც გასულ კვირაში 8 შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძემ გუშინ საქართველოში დაგეგმილ ეპიდკვლევაზეც ისაუბრა.

„შემოდგომაზე ჩვენ ვგეგმავთ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას, ამერიკის დაავადების ცენტრთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სადაც შეირჩევა რამდენიმე ათასი ადამიანი. დაახლოებით, ამ ტიპის კვლევა გვაქვს ჩატარებული C ჰეპატიტთან დაკავშირებით, მაშინ 7 ათასი პირი შეირჩა ქვეყნის მაშტაბით და ყველა რეგიონზე მოგვცა ინფორმაცია“, - თქვა გამყრელიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს. ის ვარაუდობს, რომ მთავრობის სხდომაზე დაინფიცირდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს. მას გამოჯანმრთელება პრემიერმა გიორგი გახარიამ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც უსურვეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

წუხელ თბილისში გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დეტალები დღეს გახდება ცნობილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც რადიო თავისუფლებას პრესსამსახურში უთხრეს, მსხვერპლი არ არის, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მას სხეულის 25% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი გაზგასამართი სადგურის არსებობას დიდი ხანია აპროტესტებდნენ და მერიასაც კი მიმართეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სადგურის სიახლოვეს რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსია.

თბილისში სახიფათო ადგილებზე მოწყობილ ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდით. აქ შეგიძლია წაიკითხო, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი ობიექტები იმისთვის, რომ მშვიდად იყოს მფლობელიც და ახლომდებარე მოსახლეობაც და რამდენად საშიშია, როცა სტანდარტები დარღვეულია.

პუტინმა 1 ივლისს დანიშნა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 ივლისს დანიშნა კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც, სხვა ასპექტებთან ერთად, მას უფლებას მისცემს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

ეს გადაწყვეტილება პუტინმა გამოაცხადა რეფერენდუმის მომზადებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ თქვა, რომ იდეას მხარს უჭერს და დასძინა, რომ კენჭისყრა ოფიციალურ დღემდე ერთი კვირით ადრე დაიწყება, რათა ხალხმრავალი ჯგუფების თავშეყრა არ მოხდეს.

პამფილოვამ ასევე განაცხადა, რომ ორ ან სამ რეგიონში კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდება, თუმცა რეგიონები არ დაუკონკრეტებია.

წაიკითხე მეტი.

საპროტესტო გამოსვლების გამო ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აშშ-ში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო. ადგილობრივი დროით 1 ივნისის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა ვაშინგტონშიც, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ანტირასისტული დემონსტრაციები რამდენჯერმე გადაიზარდა ძალადობაში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ტელეკომპანია CNN-ის და გაზეთ The New York Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლთან საპროტესტო აქციის დროს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარკვეული დროით გადაიყვანეს მიწისქვეშა ბუნკერში.

კომენდანტის საათი გამოცხადებულია აშშ-ის სულ მცირე 40 ქალაქში. პოლიციელების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო.

პოლიციელების მიერ დაკავებული, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, ქალაქ მინეაპოლისში გარდაიცვალა. დაკავებისას მიწაზე პირქვედამხობილ ფლოიდს, რომელიც ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა და შველას ითხოვდა, პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერდა. ეს ყველაფერი გამვლელთა ტელეფონის ვიდეოკამერითაა აღბეჭდილი.

წაიკითხე მეტი.

რვა ბავშვი, რვა სიკვდილი - დედის, მამისა და საბარგო მანქანის გარეშე

„ამ ცხოვრების დედაც - ალაგ-ალაგ, ქუჩაში, ალბათ კიდევ გხვდებათ ხოლმე ეს ფრაზა. უფრო მეტად ისეთ ადგილებში, რომლებიც მერიის დასუფთავების სამსახურის ყურადღების მიღმა დარჩა. გადაქექილ ხის ღობეზე, სადარბაზოს შესასვლელში, მიტოვებული შენობის მინგრეულ კედელზე. მოკრავ თვალს უკვე გახუნებულ წარწერას და არ არსებობს, 15 წლის ლუკა არ გაგახსენდეს. ეს და კიდევ რამდენიმე მსგავსი ფრაზა, რომელიც მან „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვა, სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ნინო 2019 წლის 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ამბობდნენ გოგონას ოჯახის წევრები. ამას ამბობდა ბავშვის მამობილი, არკადი ძავაშვილიც, რომელიც 23 იანვარს, რადიო თავისუფლებამ სანზონაში, ზიგზაგის ქუჩაზე მდებარე ბარაკში ჩაწერა. სწორედ იქ, სადაც ერთი დღით ადრე, ბავშვი დაიღუპა. კაცი ჰყვებოდა, რომ ნინო გაციებული იყო და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ეს ორი ამბავი აქ არ სრულდება და ისინი, სხვა მსგავსი შემთხვევების მსგავსად, ქვეყანაში დღეს არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე მიუთითებს.

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ასაკთან შეუსაბამო შრომა და ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა. სწორედ ეს ჩამონათვალი იქცა იმ რვა ბავშვის სიკვდილის მიზეზად, რომელთა შესახებაც ნინო თარხნიშვილის სტატიაში წაიკითხავთ.

ასევე ნახეთ სიღარიბე, ძალადობა, სუიციდის მცდელობები - საშუალოსტატისტიკური ბავშვობა

იქ, სადაც დედა ყველაზე ლამაზია, მამა ყველაზე ძლიერი, სიხარული - ყველაზე გულწრფელი, მზერა კი სუფთა. დღეს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ჩვენ რეჟისორს, პოეტს და დიპლომატს იქ დაბრუნება ვთხოვეთ, სადაც ყველაფერი ერთდროულად იყო მარტივიც და რთულიც - მათ ბავშვობაში.

ინტერვიუების სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ: bit.ly/3cm0867