Covid-19-ის ერთი-თვე: სახლში ყოფნასაც ჰქონია საზღვარი

„5 გზა, როგორ უნდა გაატარო დრო თვითიზოლაციაში“, ფსიქოლოგის რჩევები, როგორ უნდა დავრჩეთ ნაყოფიერები, მხიარულები, აქტიურები და ისეთები, როგორიც COVID 19-მდე ვიყავით, მთლად ბოლომდე აღარ ჭრის. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩვენი გმირებისთვის, რომლებზეც ერთი თვის წინ გიყვებოდით და ვინც საგანგებო მდგომარების გამოცხადების პირველ დღეებში დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს სახლში გამოკეტილი დღეების „გამოცოცხლება“.

ასევე ნახეთ "ფანტაზია და მარჯვე ხელები" თვითიზოლაციაში: ვინ რა გაიხსენა და ვინ რა გამოიგონა?

გავიდა ერთი თვე და მათაც მოეწყინათ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოწოდება „დარჩი სახლში“ ისევ აქტუალურია და ისინიც კარანტინის წესებს ემორჩილებიან, ყველას ძალიან მოენატრა „წინა ცხოვრება“ - ნამდვილი, ცოცხალი ადამიანებური ურთიერთობები, სცენაზე ასვლა, ქუჩაში გასვლა, ახალი კაბების გამოფენა, ნამდვილი სეირნობა, ნამდვილი სკოლა და ნამდვილი სამსახურიც კი.

აღარც კეთება მინდა და აღარც ჭამა!

ერთი თვის წინ, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დიდი შემართებით ჩაება კერძების შინ მომზადების პროცესში. მაგრამ გავიდა ერთი თვე და კეთებაც მობეზრდა და, ცოტა არ იყოს, ჭამაც. თან, ძალიან მოიმატა და მისი სიტყვებით რომ ვთქვა, თავისი წონის ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია:

„ხომ გახსოვთ, წინა ინტერვიუში ხახვს რომ ვჭრიდი? ესეც მომბეზრდა და საერთოდაც, დიეტა დავიწყე. და რადგან გარეთ ჰაერიც შედარებით დაიწმინდა და მანქანებიც დროებით აღარ დადიან, ახლა უფრო სასიამოვნოა ცოტა ხნით გარეთ გასეირნებაა. ამიტომ, თუ ერთი თვის წინ შეშინებულები სახლში ვისხედით, ამ ბოლო დროს ცოტა გავთამამდი და ჩემი ორი წლის ეველინიც მიმყავს ხოლმე სასეირნოდ“.

საამისოდ დილას არჩევს, როცა გარეთ ნაკლები ხალხი დადის და ქუთაისშიც ჰაერი უფრო სუფთაა. დისტანციით და ყველა წესით დაცვითო, ამბობს.

ამ ბოლო დროს ცდილობს რამდენიმე კილომეტრი გაიაროს ფეხით და ის ისტორიული წონა სასურველზე ჩამოიყვანოს. მკაცრი კარანტინი კვირაში ერთხელ რადიოში წასვლით ირღვევა, სადაც დათოს თავისი გადაცემა მიჰყავს - აქაც დისტანციური სტუმრებით.

დათო ლიკლიკაძესაც გაუჭირდა შინ გამოკეტვა - ვინც მას იცნობს, კი იცის, რომ ხან გადაღებაზეა, ხან გიდია, ხან რომელიმე ღონისძიების წამყვანია და ხანაც მსახიობი; „ცოტა ამოქოქვა კი მჭირდება, ძალიან გავზარმაცდი და კიდევ მგონი, რაღაცებს შევეგუე, მაგრამ იმედია, ისევ მალე დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებას“.

სანდრომ პირბადიანი ტიპი დახატა და საწოლთან გაიკრა

ლელა ცისკარიშვილმა ამასწინათ ფეისბუკზე დაწერა - ძველ საბურავებს სად ვიშოვიო - პატარა ეზო აქვს და როგორც გაირკვა, ხელნაკეთი საყვავილეების გაკეთება უნდოდა. თან ბავშვები გააფერადებდნენ. რაღაც ერთობლივი საქმე გამოვიდოდა.

ესეც თვითიზოლაციაში გამოგონილი აქტივობებიდან ერთ-ერთია. გამოგონებების გარეშე ოთხ პატარასთან, ორ შვილთან და ორ შვილიშვილთნ ერთად გამოკეტვა წარმოუდგენელია - მუდმივად იმაზე გეფიქრება, როგორ გაუადვილო მათ ბევრი „არშეიძლებისგან“ შემდგარი ასეთი შინყოფნა:

„ასე მძაფრად სახლში დარჩენის სირთულე არასდროს მიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია არ ვმუშაობ და სახლში ვარ. მაგრამ ეს - იძულებითი თვითიზოლაცია, კიდევ სხვა რამე ყოფილა. ერთი, არც ისე დიდი სივრცე, ამდენი ბავშვი, რომლებსაც ეს სივრცე არ ჰყოფნით. და შენ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და გააძლებინო, გაართო, არ აგრძნობინო, ეს დღეები გაატანინო“.

მაგრამ თვითიზოლაცია ვაკუუმში ყოფნას ხომ არ ნიშნავს - ბავშვებს ყველაფერი ესმით, გრძნობენ და კითხვებსაც სვამენ. ამასწინათ სანდრომ პირბადიანი ტიპი დახატა და თავის საძინებელში საწოლთან მიიკრა - ყველაფერი ნათქვამია.

მერე უცებ ოთხივე დაინტერესდა, საიდან მოვიდა ეს კორონავირუსი და გლობუსზე ჩინეთი მოძებნეს. დიდხანს შერჩნენ სხვა ქვეყნების აღმოჩენის პროცესს.

ამ ერთ თვეში ლელამ ბავშვებს სახლის ბიბლიოთეკის დალაგების წესები ასწავლა. რადგან ყველაზე უფროსი სანდროა, ამ საქმით ძირითადად ის დაკავდა - წიგნები დაახარისხა. ნაწილი უბნის ბიბლიოთეკას აჩუქეს.

უბნის კატებიც მოიშინაურეს და მათი დაპურებაც კარანტინის დღის რეჟიმის ნაწილი გახდა.

ეს კი სოდით ჩატარებული ექსპერიმენტის დღეა - ხელნაკეთი ვულკანი!

მაგრამ ახლა ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამოელიათ საღებავები, ფანქრები, კინეტიკური ქვიშაც გათავდა. არადა, ყველა მაღაზია დაკეტილია. სესილის პირველი კლასის რვეულებიც აღარ აქვს და მეცადინეობაც შეფერხდა. ეს დრო როგორმე უნდა გავიდეს. ძველი ცხოვრება დაბრუნდეს. სივრცე გაიხსნას. ლელასთანაც სახლში ამ მოლოდინში არიან.

გადახაზული დღეები კალენდარზე

ანანო გახსოვთ? სკუტერით აივანზე. და დედამისი - მარიამო ჯანელიძე, ბავშვობის ყველა თამაში რომ ხელახლა გაიხსენა. ერთი თვის შემდეგ მათაც ცოტა მოეწყინათ.

„ადამიანები მენატრებიან“, - მარიამო გვეუბნება. და ადამიანებში იგულისხმება არა ზუმში გამართული ვირტუალური დისკუსიები და ხანდახან ვირტუალური ჭიქის მიჭახუნება, არამედ სადმე ერთად გემრიელი თავმოყრა.

დღის პირველი ნახევარი ანანოს ონლაინგაკვეთილებს ეთმობა და მერე მეცადინეობას, მაგრამ მაინც რჩება გრძელი, დანარჩენი დღე. ეზოში თითქმის არ ჩადიან, ამიტომ ახლა ყველაფერი სახლში ან აივანზე ხდება. აივანზეა გაბმული რეზინი - რეზინობანასთვის, და რაც მთავარია, აივანი იქცა კაფედ.

ესეც იმიტომ, რომ ანანომ სადმე კაფეში დაჯდომა და შოკოლადიანი ბლინი ინატრა. მარიამომ კი ასეთი გამოსავალი იპოვა - აივანი დაალაგეს, მოაწყვეს კაფეს მსგავსად, ჩამოკიდეს განათება და ყოველ დილით იქ მიდიან ყავის დასალევად. მთელი რიტუალია. დილაობით აივნიდან ჩიტების გუნდი მოჩანს - „თითქოს მთაში ვარ, სადაც ყოფნა ძალიან მიყვარს“ - ამბობს მარიამო.

კიდევ, აპლიკაციების კეთების ტრადიციაც გაიხსენა ბავშვობიდან - თუ სადმე რამე ჟურნალი ჰქონდათ, ამოქექეს და ორივემ თავისი აპლიკაცია შექმნა, რასაც, ცხადია, მოჰყვა გამოფენა ოჯახის დანარჩენი წევრებისათვის.

ყველაზე სასაცილო მაინც ის არის, რომ რადგან მარიამო ტელევიზიაშიც და გამომცემლობაშიც მუშაობს, ვიდეოების ჩაწერაც ხშირად უწევს, ამიტომ მთელი სერიოზულობით არჩევს, რა ჩაიცვას. მერე გულმოდგინედ იკეთებს მაკიაჟს და კამერის წინ ჯდება.

„აი ახლაც, თქვენთვის რომ მეჩვენებინა, სად არის ჩვენი კაფე და როგორ ვეფიცხებით მზეს, არ დამეზარა და ფოტოსთვის წითელი ტუჩსაცხი გადავისვი. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი გამობრწყინებაა, როცა გიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, თან როცა იცი, რომ ბევრმა ადამიანმა უნდა დაგინახოს. თურმე, სარკესთან ტრიალიც კი მომნატრებია“.

სახლში ყოფნამ მოიტანა ის, რომ დედამ ვიდეომონტაჟი ისწავლა, შვილმა - რეცეპტების რვეული გააკეთა. მერე ერთმანეთს თმა შეჭრეს. მერე ბებიამ ვიდეოზარით დარეკვა ისწავლა და ახლა საღამოობით მარიამოს, დედამისს, ბებიას და მამიდას მთელი ვიდეოკონფერენციის მოწყობაც შეუძლიათ. და არა უშავს თუ ბებიას რომელიმე ღილაკზე მოუხვდება თითი და კამერა უტრიალდება - გამოსავალი მალე იპოვა, ეკრანი სარკეს მიუშვირა და არც ვიდეო კონტაქტი შეწყვეტილა.

ესენი მარიამოს მეგობრები არიან:

და ასეა ყველა დღე - ზუმში შეხვედრა და საუბარი გარდაუვალი ამბავია. ამის გარეშე ამ დღეების გადატანა უფრო რთული იქნებოდა.

მოკლედ, ასე გადის დღეები. და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ სასოწარკვეთილება არ მოვიდეს. მარიამომ იცის, რომ ანანო მაგალითს მისგან აიღებს. თორემ ისე. ისე მასაც აქვს თავისი კალენდარი, რომელზეც ყოველი დღის დასრულების შემდეგ თითო დღეს გადახაზავს ხოლმე. კარანტინის ეს დღეც მიილია.

ქალაქში მოსიარულე კაცი წესებს ემორჩილება

ზურა პაპიაშვილი ის მწერალია, ვინც, მგონი, ყველა წიგნის პრეზენტაციაზე და ყველა მწერლის საღამოზე დადის ხოლმე, ამიტომ მას, როგორც „ქალაქში მოსიარულე კაცს“ყველაზე მეტად თბილისის ქუჩებში ხეტიალი ენატრება, ლიტერატურული საღამოები, ახალი წიგნების წარდგინებები, გამოფენები.

„დაავიღალე ამ დისტანციური ლაივ მოკითხვებით, სხვანაირად ვარ მოწყობილი, ადამიანი თუ გულში არ ჩავიკარი, სხვანაირად არ გამომდის. მაგრამ უნდა შევეგუო, რადგან ექიმები ამას გვიკრძალავენ“.

კარანტინში წერა-კითხვის რეჟიმი ზურას არ დაურღვევია. პრინციპში, მანამდე ცხოვრების წესიც ასეთი ჰქონდა: დილით წერს, მერე კითხულობს და მერე ფიქრობს. ახლა უფრო ოპტიმისტურ და კარგ მოვლენებზე...

„ხო, მართლა, ერთ კარგ გოგოზე ვარ შეყვარებული და შეყვარებული ადამიანი ყველა პრობლემას სხვანაირად უყურებს, უკვე შიშებიც გაქრა, პრაქტიკულმა ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, შეიძლება ამ საშინელი ვირუსის დამარცხება".

ამ ფოტოს დაარქვა "მე და იუნესკო":

ნაგვის გადაყრა, როგორც ამბის ნაწილი

„ნელ-ნელა სახლში ყოფნასაც სევდა შეერია“, - გვეუბნება ნათია მსხილაძეც ერთი თვის შემდეგ. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა საყვარელ ადამიანებთან დისტანციური ურთიერთობა გაქვს.

აი, სცენა - დემეტრეს მამა ყოველი კვირის ბოლოს ფანჯრებან მოდის, დემეტრე და მისი ძაღლი, დობი ფანჯრის მიღმა დგანან და მთელი კვირის ამბებს ასე უყვებიან ერთმანეთს.

როცა რუტინული დისტანციური სამუშაო დღე სრულდება ხოლმე, ნათია ცდილობს ისევ თავიდან იპოვოს საკუთარი თავი, რაღაც ახალი უნარი აღმოაჩინოს. დემეტრე, მაგალითად მთელი გატაცებით აცხობს და ხატავს.

კარანტინის პირველ დღეებში, როცა ნათია და მისი შვილი გარეთ ნაგვის გადასაყრელად გადიოდნენ ხოლმე, დემეტრეს პირბადისა და ხელთათმანის გაკეთება დიდად არ სიამოვნებდა, ვერ ვსუნთქავო, აპროტესტებდა, მაგრამ მერე, ესეც რაღაც ამბის ნაწილი გახდა.

„ამბავიც მან გამოიგონა. თქვა, რომ ამ აღჭურვილობით უცხოპლანეტელებს ვგავართ და თუ ნაგვის გადასაყრელად ასე წავალთ, მათ, შეიძლება, თავისიანები ვეგონოთო. ეს ერთგვარი თამაშიც, ალბათ, გამოსავალია ასეთ რთულ დღეებში“.

წინ, სულ ცოტა, ერთი თვეა ისევ ამ რეჟიმში ცხოვრების.

„ვფიქრობ ხოლმე, თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ალბათ, ჩამოვყალიბდებით პროფესიონალ მცხობელებად, მხატვრებად, მწერლებად, ფოტოგრაფებად. და მეცინება ამაზე. მაგრამ თან ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი მაინც არის ჩვენს თავებზე დაკვირვების დროც. როცა მას რაღაცას ახალას ამატებ, ავსებ მას“.

სახლში ყოფნასაც ჰქონია საზღვარი

ისეთი რაღაცაც შეიძლება ძალიან მოგბეზრდეს, რაც თითქოს ძალიანაც გიყვარს და სიამოვნებით აკეთებდი კარანტინამდე - მაგალითად, ქურასთან დგომა. ეს პოეტმა დიანა ანფიმიადიმ მითხრა, რომლის სიყვარული კულინარიისადმი დიდი ხანია გამჟღავნებულია და ორწიგნმიძღვნილიც.

ასეა, როცა რეჟიმი იცვლება, იცვლება დამოკიდებულებებიც - სახლი, რომელიც სამსახურიც არის, ბავშვისთვის სკოლა და სათამაშო მოედანი, სასადილოც და ა.შ. „მივხვდი, რომ თავსაც ისე უნდა მოვუფრთხილდე, როგორც გიორგის“. სახლში საქმე არასოდეს ილევა. ამ რეჟიმში კი რას დაწერ. მხოლოდ რამდენიმე ლექსი და ისიც მოპარული დროის ხარჯზე.

„თავიდან კი ვფიქრობდი, მოდი გაჩერებულ პროექტებს ჩავხედავ-მეთქი. მაგრამ ამ სიტუაციაში კონცენტრაცია ძალიან მიჭირს. შთაგონება ასე მარტივად არ მოდის. კიდევ, მეგონა, რომ ამ თვითიზოლაციაში ბევრ რამეს წავიკითხავდი, მაგრამ ეგეც არ გამოვიდა როგორც ვგეგმავდი“.

ერთი თვეც არ დასჭირდა იმას, რომ დიანა მიმხვდარიყო, ეს არ არის უბრალოდ თავისუფალი დრო. პირიქით - ეს არის ძალიან ბევრი საქმის დრო. და გამოწვევისაც, როგორ გადანაწილდეს ეს საქმე ისე, რომ შენთვისაც დაგრჩეს პირადი სივრცის პატარა ნაგლეჯი. ეგეთი დრო არის ხოლმე გვიან ღამით, როცა ყველა იძინებს, მაგრამ ამ დროს დიანაც დაღლილია.

„მაგრამ ამას გავუძლებთ. მე უფრო იმაზე ვწუწუნებ, გაზაფხული რომ ასე გავიდა. და რამდენიმე ფერადი კაბაც დამრჩა ჩაუცმელი. ისიც ფაქტია, რომ სახლში ყოფნა მაინც ერთგვარ კომფორტად იქცა, თუმცა ვხედავ იმასაც, რომ სახლსაც თავისი საზღვარი აქვს. გასვლა მაკლია. სივრცე. მეგობრები. მოგზაურობა“.

თავიდან კი დიდი ენთუზიაზმით დაგეგმეს, რომ ერთად ონლაინ ყავის სმას მოაწყობდნენ, მაგრამ მერე ყველა თავის საქმეში გადაეშვა და ეგეც არ გამოვიდა. ეს გამოდგა სახლში სამმაგი მუშაობის დრო.

მაგრამ დიანასაც აქვს ერთი პატარა განსაკუთრებული ადგილი, სადაც გაზაფხული მაინც მოვიდა - ეს მისი ძალიან პატარა ბაღია, სადაც რამდენიმე დღის წინ იასამანი აყვავდა.