COVID-19: გადაუდებელი შესყიდვებისთვის ბიუჯეტიდან უკვე 21,5 მილიონი ლარია დახარჯული

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი უჯდება. სასტუმროების მომსახურებაში, ფარმაცევტული პროდუქციისა და სადეზინფექციო საშუალებების შეძენაში, რამდენიმე უწყებამ ბოლო 1 თვეში 21,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.


კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან:

ტურიზმის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტრო

ინფექციური საავადმყოფო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი

თავდაცვის და შს სამინისტროები

ჩვენ დავთვალეთ, 26 თებერვლიდან (ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან) დღემდე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერების გარეშე, ამ უწყებებმა ვირუსთან ბრძოლისთვის რა თანხა დახარჯეს და რაში.

კანონით, გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვების მეთოდს სახელმწიფო დაწესებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა ტენდერის ჩატარებისთვის საჭირო დრო არ რჩება და კონკრეტული საქონელი ან მომსახურება სწრაფად, გადაუდებლად სჭირდებათ.

ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებები მიმართავენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, წარუდგენენ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის დასაბუთებას და ნებართვას ითხოვენ. სააგენტოს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს.

ჩვენ მიერ შესწავლილ, კორონავირუსთან დაკავშირებულ შესყიდვებში, სააგენტო ყველა შემთხვევაში დაეთანხმა შემსყიდველ ორგანიზაციას.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ყველაზე დიდი მოცულობის თანხა ტურიზმის ადმინისტრაციამ დახარჯა - 16 მლნ 125 ათასი ლარი.
ტურიზმის ადმინისტრაციამ 37 ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმობნეულ სასტუმროებთან, სადაც საკარანტინო ზონები მოეწყო.

ყველაზე მსხვილი, 2 მილონ ლარზე მეტი მოცულობის კონტრაქტი ადმინისტრაციამ „კურორტ საირმესთან“ გააფორმა, კონტრაქტით სახელმწიფომ სასტუმროს 210 ნომერი იქირავა, ერთ ოთახში 140 ლარს იხდის, კარანტინში მყოფი ერთი ადამიანის დღიურ კვებაში 30 ლარს, ამას ემატება სასტუმროს დეზინფექციის საფასური - 1 კვ.მ-ზე 25 თეთრი.

ანალოგიური შინაარსისაა სხვა სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც, თუმცა ყველა შემთხვევაში განსხვავებულია სასტუმროს მომსახურების ფასები.

ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო ერთ თვეში COVID-19-თან საბრძოლველად, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ორი მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. პირველი შესყიდვა თითქმის მილიონი ლარის მოცულობისაა, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ტექნიკა, მათ შორის, 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და 19 ცალი დეფიბრილატორი შეიძინა, დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნიკა ადგილობრივი კომპანიის რეზერვებიდან შეიძინეს.
მეორე კონტრაქტის მოცულობა 1 182 500 დოლარია (4 088 612 ლარი), რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის ტესტები შეიძინა, ჯამში ხელშეკრულება 215 ათას ტესტზეა გაფორმებული, რომელსაც ჩინური კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს ეტაპობრივად გადმოსცემს.

გადაუდებელი შესყიდვების მოცულობით მომდევნო თავდაცვის სამინისტროა, წინა ორ უწყებასთან შედარებით მისი დანახარჯი მცირეა, სამინისტრომ ჯამში ათამდე ხელშეკრულება გააფორმა და დაახლოებით 190 ათასი ლარი დახარჯა.

მარნეული. 26 მარტი, 2020 წ.

კორონავირუსთან დაკავშირებული პირველი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 13 მარტს განახორციელა და 50 ათასი ლარის სადეზინფექციო საშუალებები შეიძინა. მომდევნო დღეებში სამინისტრომ იყიდა ხელთათმანები, პირბადეები, სამედიცინო ხალათები, ქუდები და ა.შ.

ბოლო გადაუდებელი შესყიდვა 25 მარტს განხორციელდა, თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 45 ათასი ლარის ღირებულების 2000 ცალი ბიოუსაფრთხოების კომბინეზონი და 5000 ცალი ქირურგიული ხალათი შეიძინა.

გადაუდებელ შესყიდვებში დაახლოებით 170 ათასი ლარი დახარჯა ბოლო 1 თვეში ინფექციურმა საავადმყოფომ, დაახლოებით 15-მდე ხელშეკრულება გააფორმა. პირველი შენაძენი 28 თებერვალს გაკეთდა, ჯამში 30 ათას ლარამდე ღირებულების რესპირატორები, ხელთათმანები და კომბინიზონები შეიძინეს. ყველა დანარჩენი შესყიდვაც კორონავირუსთან გამკლავებისთვისაა განკუთვნილი.

მოსახლეობის შემოწმების პროცესი მარნეულში

ჩვენ მიერ შერჩეული ხუთეულიდან ყველაზე მცირე მოცულობის გადაუდებელი შესყიდვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, სამინისტრომ ბოლო ერთ თვეში კორორნავირუსთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი შესყიდვა განახორციელა. სამინისტრომ 7800 ლარის სადეზინფექციო საშუალებები შეიძინა.

გადაუდებელი აუცილებლობით გამოყოფილი 21 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, არ მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებები კორონავირუსთან დაკავშირებით განკარგავენ. სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილს სოლიდური ტენდერები აქვთ გამოცხადებული ვირუსთან ბრძოლისთვის სხვადასხვა საჭიროების შესაძენად.