COVID-19: ახალი ინფიცირებულები ქვეყანაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 სექტემბერს

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და კლასტერები

გუშინ საქართველოში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა რეკორდს მიაღწია, 170 რეგისტრირებული შემთხვევით ერთ დღეში. საერთო ჯამში, ქვეყანაში 1154 პაციენტი მკურნალობს ვირუსზე.

ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ აჭარაზე მოდის. იქ გუშინ 124 ახალი ინფიცირებული იყო. 5 ინფიცირებული ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფრიდანაა, რის გამოც მის მობინადრეებსა და თანამშრომლებს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ.

14 ახალი პაციენტი დაემატა ქუთაისში პედაგოგების კლასტერს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისში ვირუსის 80-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, გუშინ, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო, თუმცა დიდ ქალაქებში ისევ დისტანციურად. განათლების მინისტრის თქმით, ეს დროებითია და მოსწავლეები და სტუდენტები 1 ოქტომბრიდან სწავლას საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაგრძობენ.

წაიკითხე მეტი.

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 38%, „ნაციონალური მოძრაობა" - 15%

ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, 23% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია. სიაში პარტიების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება" - 38%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „გაერთიანებული ოპოზიცია" - 15%;
  • „ევროპული საქართველო" - 6%;
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია" - 3%.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ხუთი ოპოზიციური პარტია შეთანხმებას გააფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ

ოპოზიციური პარტიები: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ , „ერთიანი საქართველო“ და „ გირჩი“ დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლითაც პირობას დებენ, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე იზრუნებენ.

დოკუმენტზე ხელის მოწერა 11 საათზე შსს-ს შენობასთან გაფორმდება. შეთანხმება NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს წამოჭრილი საკითხების ნაწილს მოიცავს.

ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ფორმატი ღია იქნება. ნებისმიერ პარტიას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და ხელმომწერებს მომავალში დაემატოს.

მცოცავი ოკუპაცია ერთბაშად სამ სოფელში

ჯერ ხურვალეთი, ახლა ნიქოზი და ატოციც. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ერთბაშად სამ სოფელში მუშაობენ და ე.წ. საზღვრებს ავლებენ. ბორდერიზაციის პროცესი ხურვალეთიდან 12 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ჯერ ძელები ჩასვეს, შემდეგ კი ამ ძელებზე მავთულხლართები გაავლეს. ახალი საოკუპაციო ხაზი სოფლის სასაფლაოსთან გადის. ხურვალეთელები ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდება, რადგან შეიარაღებული პირები მათ თვალწინ მცოცავ ოკუპაციას აგრძელებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 14 სექტემბერს გამოჩნდნენ და იქ უკვე არსებული ღობის გასწვრივ პარალელური მავთულხლართებიანი ღობის მონტაჟი დაიწყეს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში კი უკვე არსებული ღობე მეზობელი სოფელ კოდის მიმართულებით გააგრძელეს. გარდა ამისა, ატოცელები საკუთარი ნაკვეთებიდან ხედავენ, საოკუპაციო ძალები სათვალთვალო კოშკებს როგორ აშენებენ.

წაიკითხე მეტი.

ლარი დოლართან გაუფასურდა: 1 დოლარი 3,15 ლარი გახდა

ლარი მსოფლიოს 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის, დოლარსა და ევროსთან. 16 სექტემბრისთვის ლარი დოლართან მიმართევაში 2,38 თეთრით გაუფასურდა და 3,1546 ლარს გაუტოლდა. ევროს შემთხვევაში ლარი 3,43 თეთრით გაუფასურდა და 3,7521 ლარი გახდა.

ლარი დოლართან სამლარიან ნიშნულს კორონავირუსის პანდემიის დროს, 17 მარტს გადასცდა და ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელს (3,4842) 10 დღეში მიაღწია. მას შემდეგ დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ივნისში რამდენიმე დღით ჩამოსცდა და მალევე გაუფასურების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა.

რა ემართება დემოკრატიას პანდემიის დროს?

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა, რომელიც 2007 წლის 8 ნოემბერს დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ეს დღე პირველად აღინიშნება პანდემიის პირობებში, როცა შეზღუდულია მთელი რიგი თავისუფლებები და უფლებები, როცა ჩაკეტილია საზღვრები და მკაცრად რეგლამენტირებულია გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება.

საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიაა. ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველო, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, 165 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზე იმყოფება. ასეთი სურათი გვაქვს 2018 წლიდან, როცა საქართველომ, 2017 წელთან შედარებით (79-ე), მთელი ათი საფეხურით დაიხია უკან.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს სულაც არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

როგორ მოჩანს საქართველო გარედან და როგორ უყურებენ დემოკრატიას შიგნით, ქვეყანაში? რა პარადოქსებს ვაწყდებით, როცა ვსაუბრობთ საქართველოს მოსახლეობის მიერ დემოკრატიის აღქმაზე? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

მათ, ვისაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ დღეს, როდესაც კოვიდინფიცირებულთა რეკორდული, 170 შემთხვევა დაფიქსირდა, პარლამენტთან აქცია გამართეს.

ნახეთ, რას ითხოვენ და რას აპროტესტებენ ისინი, ვისაც პანდემია გამოგონილი ჰგონიათ.