COVD-19 და ჯარიმები - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ივნისს

COVID-19: რის გამო შეიძლება მოქალაქე დაჯარიმდეს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ?

დადასტურებული შემთხვევა - 812

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 683

კარანტინში - 2902

სტაციონარში - 249

პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომლის მიხედვითაც, პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქმედებისთვის ჯარიმები დაწესდება. ცვლილებების ინიციატორები მმართველი გუნდის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ანრი ოხანაშვილი არიან. საკანონმდებლო ცვლილებებს ამ კვირაში დაჩქარებული წესით უყრიან კენჭს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ კანონპროექტს მწვანე შუქი უკვე აუნთო.

  • კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და თუ პირი არ დაიცავს ამ წესს, ის დაჯარიმდება 20 ლარით.
  • პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.
  • ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის პირი 2 000 ლარით, კომპანია კი 10 ათასით დაჯარიმდება.

პასუხი „ლელოს“ ლგბტ თემიდან

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ტვ პირველის ეთერში ნათქვამს, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინების წინააღმდეგია და რომ ბავშვი დედამ და მამამ, ოჯახმა უნდა გაზარდოს, საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ეს განცხადება ჰომოფობიურად შეფასდა. ხოლო თავად „ლელოს“ სხვა წევრებს საჯარო განმარტებების კეთება მოუწიათ - ნაწილმა საკუთარი ლიდერის პათოსი გაიზიარა, ნაწილი კი არ მოერიდა ლგბტქ თემის მიმართ მხარდაჭერის ღიად გამოხატვას.

რით აიხსნება, რომ არჩევნების წინ, კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური ძალა უმცირესობის თემაზე მსგავს განცხადებებს აკეთებს? არის თუ არა ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი პოზიცია? როგორ აღიქმება მსგავსი განაცხადი თავად ლგბტქ თემში და არის თუ არა გეი ქორწინება დღეს თემისთვის უპირველესად გადასაჭრელი პრობლემა? ამ კითხვებით ლგბტ თემის წევრებსა და აქტივისტებს ეკა ქევანიშვილმა მიმართა. წაიკითხე მათი პასუხი აქ.

დეპუტატების ახალი რეგლამენტი: ვინ დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში?

ოპოზიცია ფიქრობს, რომ პარლამენტში მათი უფლებები მნიშვნელოვნად სუსტდება. ეს კი უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიძლება მოხდეს. ლაპარაკია კანონპროექტზე „საქართველოს პარლამეტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც დეპუტატებისა და დეპუტატთა ჯგუფების უფლებებს განსაზღვრავს. შეზღუდვების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2020 წლის არჩევნების გამო. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს.

ოპოზიცია ერთადერთი არაა, ვისაც ეს ცვლილებები აღელვებს. ამაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორიც. ფრაქციის შექმნის გაძნელება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავარეს პრობლემას კანონპროექტის ხარვეზების ვრცელ ჩამონათვალში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია გვეუბნება, რომ ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს შექმნის 2020 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში.

წაიკითხე მეტი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ლელა კუნჭულიას სტატიაში.

დღეს პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი შედის

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს დღეს წარუდგენენ. პროექტი იმ პროგრამების შესახებ იქნება, რომელიც კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებს უკავშირდება. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროგრამა ასახული იქნება ბიუჯეტის შესწორებულ ვერსიაში, ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი.

„ბიუჯეტი პარლამენტში ხვალ შემოვა, პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან. ეს პროგრამები ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში. ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელსაც აქამდე ვასახელებდით. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4.5-პროცენტიან ზრდაზე, ახლა საქართველში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე გვექნება -4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ასევე ჩადებულია მშპ-სთან მიმართებაში დეფიციტი, რომელიც იქნება 8,5 პროცენტის ფარგლებში. დანარჩენი - ციფრები, ხარჯვითი ნაწილი, შემოსავლები, ყველაფერის პრეზენტაცია იგეგმება და შემდეგ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სტოლტენბერგი სიტყვით გამოვა და ნატოს გაძლიერების გზებზე ისაუბრებს

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 8 ივნისს სიტყვით გამოვა და ისაუბრებს ალიანსის გაძლიერების გზებზე, იმ ფონზე, როცა ევროპაში აშშ-ის მოკავშირეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გავრცელებულ ცნობებზე, რომ აშშ აპირებს გერმანიიდან ჯარი გაიყვანოს.

გერმანიიდან აშშ-ის სამხედროთა გაყვანის შესახებ გასულ კვირაში გაავრცელეს ცნობები The Wall Street Journal-მა და Der Spiegel-მა. ამ ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანაში, რომლებიც თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა მეტოქეების, მაგალითად, რუსეთის პოზიციები, - იუწყებოდა The Wall Street Journal-ი 7 ივნისს.

The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ მასთან ვაშინგტონს ეს ცნობები ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ბილ გეიტსი პასუხობს "სულელურ" შეთქმულების თეორიებს კორონავირუსთან მის კავშირზე

ამერიკელი მილიარდერი და კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელიბილ გეიტსი უარყოფს სოციალური მედიით გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, თითქოს ის დგას გეგმის უკან, ვაქცინები გამოყენებული იყოს ადამიანებისთვის სათვალთვალო მიკროჩიპების ჩასადგამად.

"არასოდეს მქონია კავშირი მიკროჩიპებთან დაკავშირებულ არანაირ ამბავთან", - განაცხადა მან გასულ კვირაში, სატელეფონო საუბარში ჟურნალისტებთან. "ამის უარყოფაც კი რთულია, ეს ყველაფერი იმდენად სულელური და უცნაურია, რომ გამეორებაც კი გარკვეულ სიმყარეს სძენს".

ბილ გეიტსის სახელს სხვადასხვა ფორმით გლობალური პანდემიის დაწყებიდანვე უკავშირებენ შეთქმულების თეორიებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. გასულ თვეში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ განმეორებით აღარ აჩვენა პროგრამა, რომელიც გეიტსს ადამიანებისთვის ჩიპების ჩანერგვის მიზანში ადანაშაულებდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, Ria Novosti-მა, ამ, თითქმის 50-წუთიან გადაცემას "შეთქმულების ექსტრავაგანტული წარმოდგენა" უწოდა.

გეიტსი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით პანდემიების საფრთხის შესახებ და მისმა ფონდმა ახლახან 300 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19-თან ბრძოლის და ვაქცინის შექმნის საქმეს.

ამ ნაბიჯების გამო, ზოგიერთმა მარგინალურმა მემარჯვენე ჯგუფმა და კომენტატორმა იანვარში ინტერნეტით დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს გეიტსი რაღაც ფორმით ამ ვირუსის უკან დგას და მისგან ფინანსური სარგებლის ნახვა სურს.

სიმართლე მწვანე თბილისზე

თბილისს ყოველთვის უჭირდა სიმწვანის, ხეებისა და ჩრდილების თვალსაზრისით. ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ძველად, 100 და 200 წლის წინ, თბილისი მწვანეში ჩაფლული ქალაქი იყო და ცხელი ზაფხულიც იოლად გადაჰქონდათ იმ ძველ თბილისელებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. თბილისის დღევანდელი მწირი სიმწვანეც კი ბევრი ადამიანის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია და ყოველი მოჭრილი თუ გამხმარი ხე, დიდი ნაბიჯებით გვაბრუნებს უკან თბილისის მოშიშვლებულ ქუჩებსა და მის ხრიოკ შემოგარენში.

„არა მგონია, დედამიწაზე მოინახებოდეს მეორე ქალაქი, რომელიც ისე იყოს უპატრონოდ და ღვთის ანაბარად მიგდებული, როგორც ჩვენი ტფილისი...“ - წერდა შორეულ 1878 წელს გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი და ბევრ სხვა მიზეზთა შორის („ბინძური ქუჩები, აყროლებული მაიდნები, ნაგვითა და უწმინდურობით სავსე ეზოები“) ასახელებდა ბაღების - მწვანე სივრცეების ნაკლებობას და ვინმე შენინგის მიერ „ალექსანდროვის“ ერთადერთ ბაღში გელათის მყრალი ნახშირის გამოყენებას.

„...მთელი ბაღის ჰაერს აფუჭებს. ეს, რასაკვირველია, „საქებია“ იმის მხრით, მაგრამ ჩვენ, ქალაქის მცხოვრებლებმა, რომელთაც ამ ზაფხულში სხვაგან სადმე წასვლის ბედნიერება არ გვღირსებია და საღამოობით მაინც სულის მოსაბრუნებლად ეს ერთადერთი ბაღი დაგვრჩენია, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ სუნთქვას გვიბუგავს და ჰაერს გვიფუჭებს!“

ბაღებისა და სკვერების თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობა არც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო. „დღეს ამოდენა ქალაქს მარტო ორი ბაღი აქვს თითქმის. ერთი ალექსანდროვის ბაღი და მეორე მუშტაიდი“, - ჩიოდა ილიას „ივერიაც“

წაიკითხე მეტი.