რუსეთის მზარდი პროპაგანდა აშშ-ის კონგრესში, 15 აპრილს საგანგებო მოსმენის საგანი გახდა, სადაც კანონმდებლებმა და ექსპერტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს კრემლის აგრესიულ საინფორმაციო ძალისხმევასთან ბრძოლის თხოვნით მიმართეს.
რუსული მედიიდან მომავალი დეზინფორმაციის მთავარი მიზანი უკრაინის მოვლენებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობაა. ეს განცხადება "Russia Today_ის ყოფილმა კორესპონდენტმა და წამყვანმა ელიზაბეთ ვალმა გააკეთა. იგი შარშან, პირაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემის დროს, პროტესტის ნიშნად არხიდან წავიდა.
"გამიზნულად დამაბნეველი რიტორიკის მიღმა, ფაქტები უტყუარი იყო: რუსეთმა სუვერენული ქვეყნის ანექსია მოახდინა და ტყუილის ტირაჟირებით აგრძელებდა საკუთარი პოზიციის დაცვას." განაცხადა ვალმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთი ცრუობს. "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდებისა და უკრაინაში მიმდინარე ძალადობისთვის ის დღემდე ამერიკასა და ნატოს ადანაშაულებს.
რუსი ლიდერი ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარს ხარჯავს, ერთის მხრივ შინ ძალაუფლების კონსოლიდაციის და მეორეს მხრივ, უცხოეთში საზოგადოების დანაწევრების მიზნით, აცხადებენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში. ამ პოზიციის ყველაზე აქტიური დამცველი კომიტეტის ხელმძღვანელი ედ როისია:
"
რუსეთის პროპაგანდას ნატოს წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციის პოტენციალი გააჩნიააშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
რუსეთის პროპაგანდას ნატოს წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციის პოტენციალი გააჩნია, რაც უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ვალდებულებებზეც იმოქმედებს"-დასძინა მან.
რუსეთისთვის პროპაგანდა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ამახინჯებს, ძალიან მომგებიანია, ამბობს პიტერ პომერანცევი, ლონდონში ბაზირებული ლეგატუმის ინსტიტუტის ექსპერტი.
მისი თქმით, ნატოს ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებ, ასევე დასავლეთს ბევრად ძლიერი სოციალური და პოლიტიკური სისტემა-დემოკრატია აქვს, რომელიც ღიაობასა და კონკურენციას ეფუძნება. მოსკოვი ცდილობს ნატოს გვერდი აუქციოს და დასავლეთს არა სამხედრო ძალით, არამედ ინფორმაციით დაარტყას -ამბობს პიტერ პომერანცევი.
არაერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა და ექსპერტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა მეტი გააკეთოს რუსეთის პროპაგანდის დასაძლევად. ჰელე დეილი, რომელიც ვაშინგტონში ბაზირებული ჰერითიჯის ფონდის მკვლევარია ამბობს, რომ შეერთებული შტატები კომუნიკაციის სტრატეგიის დახვეწას ცდილობს, თუმცა:
"შეერთებული შტატები ცდილობს დახვეწოს საკომუნიკაციო სტრატეგია, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკა შეეცადა ეს სტრატეგია ყოფილი საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლების გულისა და გონების მოსაგებად მიემართა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩათვალეს, რომ რუსეთსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში დასავლეთმა იდეოლოგიური ომი უკვე მოიგო და ახლა იგივე საკომუნიკაციო სტრატეგიის წარმართვის საჭიროება აღარ იყო."
ანდრე მენდესი, რომელიც მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს მოქმედი აღმასრულებელი პირია-საბჭო, რომელიც "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" ზედამხედველობს- ამბობს, რომ კონგრესში გამართულმა შეხვედრამ არაფერი თქვა იმ ბოლოდროინდელ ძალისხმევაზე, რომელიც საბჭომ, რუსულენოვანი მოსახლეობის მოსაზიდად გასწია.
"მაუწყებლობის მმართველთა საბჭო იზიარებს კონგრესის კომიტეტის შეშფოთებას, რომ რუსული პროპაგანდა გაიზარდა, მაგრამ ამ ფონზე ჩვენ მოქნილი, ინოვაციური, აგრესიული მულტიმედია კამპანიით ვცდილობთ რუსეთის მოსახლეობაზე და ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისევე როგორც ევროპაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაზე გავლენა მოვახდინოთ."
საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ედ როისმა განაცხადა, რომ იგი კონგრესში ხელახლა წარადგენს ამერიკის საერთაშორისო მაუწყებლობის რეფორმისკენ მიმართულ კანონმდებლობას.
"ამერიკის ხმის" დირექტორმა დევიდ ენზორმა, კი,რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, გააკეთა გაფრთხილება, რომ "ამერიკის ხმის" ქარტია, რომელიც სამართლიან, ობიქტურ და ზუსტ მაუწყებლობასა და პროგრამებს უზრუნველყოფს, ნებისმიერი რეფორმის პროცესში, ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.