დაკავებულები – სავაჭრო თემა ახალ მომლაპარაკებლებთან?

დვანი

დვანელები ცხინვალის ციხეში მყოფი თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ. ვასილ კობახიძე და ზურაბ მეკარიშვილი 2 თვის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მას შემდეგ სოფელში დაკავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვთ. ზურაბ მეკარიშვილის მამა გელა მეკარიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონოდ დააკავეს.

სოფელი დვანი ოსურ სოფლებს ესაზღვრება. სოფლის გარშემო, მთებზე, რუსი მესაზღვრეები დგანან და დვანს მუდმივად აკონტროლებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მესაზღვრეებს გაწვრთნილი ძაღლები ჰყავთ და ხშირად სწორედ ამ ძაღლებს იყენებენ ადამიანთა დასაკავებლად. გარდა ამისა, ოსური ხელისუფლების მიერ გავლებული ეგრეთ წოდებული საზღვარი დვანელების სახლებთან და ნაკვეთებთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ ამ დრომდე რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. დვანელი სიმონ მეკარიშვილი აცხადებს, რომ სოფელს ომის შემდეგ სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებამ არხები გადაკეტა.

დვანელების მსგავსად, თანასოფლელების გათავისუფლებას სოფელ კირბალის მცხოვრებლებიც ითხოვენ. 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოფლის ტყეში გიორგი პაპიტაშვილი, აკაკი და გოგი აბალაკები დააკავეს. მათაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზეც განიხილებოდა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე კი ოსური მხარის პოზიციის გამო გაკვირვებას ვერ მალავს.

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევები დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ. ამ პირობას ოსური მხარე მართლაც 2-3 დღეში ასრულებდა ხოლმე, დღეისათვის კი ცხინვალის ციხეში უკვე 13 საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, დაკავებული ქართველების გათავისუფლების გაჭიანურებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს. მისი აზრით, როგორც ერგნეთის, ისე ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის შემადგენლობა მალე შეიცვლება, ოსური მხარე კი დაკავებულთა თემას ისევ წამოსწევს და საუბარს დაიწყებს პრინციპზე „ყველა – ყველაზე“, რაც პატიმრების გაცვლას ითვალისწინებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ საკითხში გარდატეხა ნოემბრის ბოლოს დაიწყება, როცა მოლაპარაკების მაგიდას საქართველოს დელეგაციის ახალი წევრები მიუსხდებიან.