განსხვავებული პოზიციები ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თაობაზე

ერგნეთი

ერგნეთსა და ცხინვალში ერგნეთის სავაჭრო ცენტრის გახსნის იდეას ადგილობრივი მცხოვრებლები დადებითად აფასებენ. მათი აზრით, ეს ცენტრი, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ნდობის აღდგენასაც შეუწყობს ხელს.

ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თემას დახურულად აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი. ოსურ სააგენტო „რესისთვის“
მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ საქართველოსთან საზღვარზე ვაჭრობის განახლება სამხრეთ ოსეთს დიდ ზიანს მიაყენებს და ხელისუფლების მხრიდან ერგნეთის ბაზრის აღდგენაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს.

ოსი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამ საკითხის განხილვას სიფრთხილით უდგება და აცხადებს, რომ გზის გახსნის გარეშე ბაზრობის აღდგენა აზრს კარგავს. გარდა ამისა, ალბოროვას ბაზრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ არაერთი კითხვა უჩნდება.

სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ბაზრობის აღდგენამდე ოსურ საზოგადოებას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება უნდა შესთავაზოს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მოძიების საკითხზე. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. ოსური მხარე თითქმის 4 წლის განმავლობაში დაბისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვდა და სანაცვლოდ ქართული სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების პირობას დებდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვლის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახალგორის რაიონში გაზის შეყვანას ცდილობს. ივანიშვილის განცხადებას პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურად ჯიოევი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის საკითხი მათთვის აქტუალური აღარ არის, რადგან ცხინვალიდან ახალგორამდე სატრანსპორტო კომუნიკაცია უკვე დამყარებულია და მალე რუსული გაზის მილსადენსაც გაიყვანენ.

დღეს ოსური მხარე ყველაზე მეტად საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლებას და უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებას მოითხოვს.