გამოფენაზე შესვლისთანავე გალერეის თეთრ კედლებზე შავ-თეთრ ფოტოებსა და მინაწერებს დაინახავ, ფოტოებით კი ლიანდაგებით გარემოცული ადამიანების ცხოვრებას უახლოვდები.
ფოტოგამოფენასაც ასე ჰქვია: „ცხოვრება რელსებზე“. იგი ადამიანების ამბებს აერთიანებს: ვიღაც მატარებლით მგზავრობს, ვიღაც ცდილობს სამსახური იშოვოს, ვიღაც ცდილობს რამე გაყიდოს, ვიღაც კი სარკინიგზო მაგისტრალსა და თბილისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის შეჩერებულ მშენებლობასთან ცხოვრობს.
ფოტოგრაფმა ვახო ხეთაგურმა “რელსებზე მცხოვრებთა” გადაღება 2012 წლიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტით დაიწყო მისი ფოტოგრაფობაც.
მოგზაურობდა მატარებლით, იცნობდა ადამიანებს და ინტერესდებოდა მათი ყოველდღიურობით.
ერთ ფოტოზე მოხუცი ქალია გამოსახული, სახელად ელისო. იქვეა მისი ხელით დაწერილი ტექსტიც: “რაც რკინიგზა გაიყვანეს, იმის შემდეგ ჩაგვიჭრეს შუქი და ვართ უშუქოდ. ვცხოვრობთ ბაზრის ძველ დანგრეულ შენობაში”.
ერთ ფოტოზე ბიჭი საფლავებს შორის დგას, სასაფლაოზე კიშემოვლითი რკინიგზა გადის.
მომდევნო ფოტოზე მამუკაა, რკინიგზის მახლობლად ოჯახთან ერთად ძველ შენობაში ცხოვრობს, თავის სარჩენად ნანგრევებში ჯართს აგროვებენ. მამუკა იხსენებს, რომ ერთ დროს იგი მუსიკოსი იყო და ფულს ხელოვნებით შოულობდა, დღეს კი ის აღარავის სჭირდება.
ამ მინაწერებსა და ამბებს ვახო ოთხი წელიწადი აგროვებდა. ვახოს ნამუშევრებში მთავარი ადამიანია და, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანია “უხმო ადამიანების” ამბავი საზოგადოებას მიაწოდოს.
“ეს ადამიანები არსებობენ, უნდა მოვუსმინოთ მათ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ადამიანს ვიღებ და ის უკან იყურება, ვერც წარმოიდგენს, რომ მას ვიღებ, თავის თავი გამჭვირვალე ჰგონია. როდესაც ვეუბნები, რომ შენი გადაღება მინდა, მასში გაოცებას იწვევს, თუ რატომ მაინტერესებს ის. მე კი სწორედ ეს ადამიანები მაინტერესებს, დროში და სივრცეში არიან ხოლმე გაფანტულები. ზოგი ფოტოგრაფი ვერც ხვდება, რატომ ვიღებ, ზოგისთვის საერთოდ უინტერესოა ხოლმე”.
ინფორმაცია მოდიოდა სრულად, არაფერი იკარგებოდა პროექტის შესახებ, შიდა პერსონაჟები და შიდა პატარა ამბები, რომელსაც აერთიანებს ვახოს გამოფენა და ეს სერია. ავტორის სიძლიერე ჩანს იმაში, თუ რა ვიზუალურ ნიშნებს ირჩევს ის იმისთვის, რომ რეალური ძალიან მწვავე პრობლემატიკა გაშალოს და გვაჩვენოს...ნესტან ნიჟარაძე
ანა ყაჭეიშვილი კი გამოფენას ათვალიერებს და ფოტოგრაფის სათქმელს ზუსტად ხვდება:
“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გადაიღოს ისეთი კადრი, რომლის გადაღებაც შეუძლია ნებისმიერ გამვლელს ან ტურისტს, ვახოს ფოტოში არის უფრო მეტი სულიერება, რაღაცით მაგიური არის. ხაზგასმით ვამბობ, რომ ძლიერი ფოტოები აქვს. ერთ რამესაც ვეტყვი: მიწერა არ სჭირდება ფოტოებს, ანუ უკვე იმდენად ნათქვამი აქვს ყველაფერი, რომ შეუძლია აღარ მიაწეროს”.
ნესტან ნიჟარაძე, თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახოს პროფესიული კუთხით აფასებს. დიდი ხანია მის ნამუშევრებს იცნობს და ამბობს, რომ ვახოს აქვს სათქმელი და შეუძლია ამ სათქმელით ემოციის გამოწვევა:
“ინფორმაცია მოდიოდა სრულად, არაფერი იკარგებოდა პროექტის შესახებ, შიდა პერსონაჟები და შიდა პატარა ამბები, რომელსაც აერთიანებს ვახოს გამოფენა და ეს სერია. ავტორის სიძლიერე ჩანს იმაში, თუ რა ვიზუალურ ნიშნებს ირჩევს ის იმისთვის, რომ რეალური ძალიან მწვავე პრობლემატიკა გაშალოს და გვაჩვენოს. დამსახურება სწორედ ამაშია, რომ ის, რაც მან აჩვენა და როგორც გააკეთა, მოქმედებს დამთვალიერებელზე, პირველ რიგში, ემოციურად და ინფორმაციულად. ვინც კითხულობს, იმან წაიკითხა კიდევაც ის ისტორიები, რომელიც მოჰყვება”.
ვახოს ფოტოსერია გრძელვადიანია, ხშირად ისევ უბრუნდება გადაღებულ ადგილებს, ადამიანებსა და მათ ამბებს, იცნობს ახლებსაც. იღებს იმას, რაც აინტერესებს, აღელვებს და უყვარს. მის ობიექტივში მოხვედრილი ამბები განსხვავებული და თან რაღაცით მსგავსია. ამბები გრძელდება, ვახოს შავ-თეთრი გამოფენა კი ევროპის სახლის კედლებზე 12 მაისამდე დარჩება.