თბილისში არის ერთი სახლის სახურავი, სადაც „ცისქვეშეთელები“ (Under Sky) თითქმის ყოველდღე იკრიბებიან - წერენ, კითხულობენ, ხატავენ, მუსიკას უსმენენ ან, უბრალოდ, ლაპარაკობენ. სულ ათნი არიან - 18-19 წლის ბიჭები და გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვართ ლიტერატურა, უყვართ ერთმანეთი, ავტოსტოპით მოგზაურობა და სახურავი. სახელიც თავად დაირქვეს - ერთ დღესაც, როცა ცას შეჰყურებდნენ, სახურავამდე კი ძლივს აღწევდა ქალაქის მოგუდული ხმაური.
პირველად სახურავზე ძმები საბა და ლუკა ჭანუყვაძეები ავიდნენ. იგრძნეს, რომ იქ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო, რაღაც სხვა უნდა დაენახათ ზემოდან - თან ისე, რომ ქალაქთან ახლოსაც ყოფილიყვნენ და შორსაც. თანამოაზრეები მაშინვე არ უპოვიათ - სანამ მერე დათო (სიხარულიძე) და თორნიკე (კიკნაძე) არ გაიცნეს.
ჩვენ ოთხს ხშირად დაგვიწერია ერთად ტექსტი და, მგონი, კარგად გამოგვსვლია. წერა, პრინციპში, მთავარია, რამაც ჩვენი „ცისქვეშეთი“ გააჩინა...დათო სიხარულიძე
მათი მეგობრობაც სწორედ იქ, სახურავზე, დაიწყო და დღემდე გრძელდება. იქაურობა მათი შეხვედრების უცვლელ ადგილად იქცა - ადგილად, სადაც თავისუფლებას გრძნობენ და ათასი იდეა მოსდით თავში - მათ შორის, მათი ჩანახატებისაც:
„სახურავიდან ყველაფერი განსხვავებულად ჩანდა. თითქოს ყველაფერი ქვემოთ რჩება და მარტო ჩვენ ვრჩებით, ქალაქის რუტინა კი დაკარგულია“.
„თავიდან ხანდახან გვიშლიდნენ, მაგრამ მერე და მერე, როცა მიხვდნენ, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდით, რომ მხოლოდ ვწერდით, ვხატავდით და მხოლოდ სიყვარული გვაერთიანებდა, მიხვდნენ, რომ ამით არაფერი შავდებოდა, არც იატაკი გაფუჭდებოდა და არც ჭერი და არაფერი“.
„რატომ გვიყვარს სახურავზე ყოფნა? იმიტომ რომ იქ სიმშვიდეა და ქალაქის ხმაც ისე ისმის, მოგუდულად, თითქოს იხრჩობა“.
„სახურავზე პირველი, რასაც ხედავ და გრძნობ, ისაა, რომ თავისუფალი ხარ. აი, იმ ყვავებივით, რომლებიც იუსტიციის სახლის სახურავზე სხედან ხოლმე“.
თავიდან სახელი არ ჰქონდათ - „ცისქვეშეთის“ და, შესაბამისად, „ცისქვეშეთელების“ იდეა ერთ დღეს გაჩნდა,როდესაც ეროვნული გამოცდებიდან დაბრუნებული ლუკა და დათო, უკვე ტრადიციულად, სახურავზე ავიდნენ და ცას ახედეს.
Your browser doesn’t support HTML5
„სახურავზე ვიწექით, მზეზე, ცას ავყურებდით და მხოლოდ ცა ჩანდა, ცის ქვეშ ვიყავით და ასე ვთქვით, რომ „ცისქვეშეთელები“ ვართ. ასე დაგვრჩა ეს სახელი“, იხსენებს ლუკა. „ცისქვეშეთელ“ ოთხეულს მერე სხვებიც შეუერთდნენ - როგორც საბა ამბობს, მათი მსგავსი ინტერესების მქონე კიდევ ექვსი ადამიანი (გიორგი შალამბერიძე, ლევან იაშვილი, ნინო ერაძე, თეკლე ოდილავაძე, ტატე ღელეყვა, მარიამ აკობიძე, თინათინ ნაცაური). ასე გაბევრდნენ.
„სულ ათნი ვართ. გოგოებიც, ბიჭებიც, მეგობრებიც, შეყვარებულებიც“.
ბევრი არაფერი გვჭირდებაო, - ამბობენ, - ერთმანეთი, ცოტა ლუდი, ცოტა სიგარეტი და ბევრი ემოცია. ხშირად ერთად წერენ და მერე საკუთარ ტექსტებს ერთმანეთს უკითხავენ. - წერა სწორედ ისაა, რამაც „ცისქვეშეთი“ გააჩინაო, ამბობს დათო. ერთად წერის და მოსმენის ტრადიცია კი მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ სახელოსნოში გაჩნდა:
„ჩვენ ოთხს ხშირად დაგვიწერია ერთად ტექსტი და, მგონი, კარგად გამოგვსვლია. წერა, პრინციპში, მთავარია, რამაც ჩვენი „ცისქვეშეთი“ გააჩინა“.
რა აწერინებთ? ყველაფერი - ხან სიყვარული, ხან პროტესტი. სათქმელი ბევრი აქვთ, ცდილობენ ყველაფერი ქაღალდზე გადაიტანონ, რაზეც წერენ: ქალაქზე, ღმერთზე, სიყვარულზე, სექსზე, ხალხზე, ბოჰემაზე, პროტესტზე...
და კიდევ მუსიკა. სახურავზე როკი, როკენროლი და ალტერნატიული მუსიკაა ჩართული, 70-იანელების სიყვარული და ამბავი. ლეგენდარული ჯგუფ „დორსის“ „Break on through”-ს კი მათი მეგობრობის საუნდტრეკიც შეიძლება ეწოდოს.
ორი წლის წინ ერთობლივი წიგნის გამოშვებასაც ფიქრობდნენ, მაგრამ დროებით თავი შეიკავეს. ლუკა ამბობს, შეიძლება ჯერ საკმაოდ თავდაჯერებულად თავს არ ვგრძნობთო, თუმცა ბიჭები წერას აგრძელებენ და თუ ძალიან მოუნდებათ, ამასაც გააკეთებენ. დასაწერიც დაუგროვდებათ - ჯერ, როგორც თავად ამბობენ, სხვების დაწერილიც ბევრი აქვთ წასაკითხი. ისე, როგორც თორნიკე შენიშნავს, ხშირად წიგნებს ერთად კითხულობენ. ხან წიგნი წრეზე ტრიალებს და მერე შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ - ვის რომელი უფრო მოეწონა, რომელმა მწერალმა დატოვა დაუვიწყარი შეგრძნებები:
„აი, მაგალითად, მურაკამის „კაფკა პლაჟზე“ ერთად წავიკითხეთ. ხან მე ვუკითხავდი დათოს, ხან ის მე. ასეა ხოლმე, თითქოს წრე იკვრება, ენერგია ტრიალებს და სხვანაირი მუხტი მოაქვს წიგნს“.
„ჯოისის „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ - ეს რომ წავიკითხე, მართლა დაუვიწყარი ემოცია მოიტანა, გადატრიალება“.
„ბეროუზის „ჯანქი“ - სულ სხვანაირად დამანახვა ყველაფერი. რომ მარტო ნარკოტიკი არ არის და ცოტა წინ უნდა გაიხედო“.
„ჯოისი თითქმის ერთად წავიკითხეთ მე და ლუკამ და მართლა ძალიან მაგარი იყო, მაგრამ დოსტოევსკის რამდენიმე რომანი წავიკითხე და სულ სხვა თემაა ჩემთვის“.
„ბოლოს კიდევ ბულგაკოვმა მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება. „ძაღლის გული წავიკითხე“ და კიდევ ერთხელ დამანახვა და დამარწმუნა, რა საზიზღრობაში უწევდა ხალხს ცხოვრება საბჭოთა პერიოდში“.
რაზე ბრაზდებიან, რა იწვევს მათში პროტესტს, რა არ მოსწონთ განათლების სისტემაში ან რა არის ის, რაც ამ ქვეყანაში უყვართ ან აწუხებთ - ამაზეც ვილაპარაკეთ ცოტ-ცოტა. სახურავის ბიჭებს არ მოსწონთ დამახინჯებული თბილისი და დედაქალაქის ცენტრში ჩადგმული მაღალსართულიანი შენობები. კიდევ არ მოსწონთ, როცა ადამიანები, მათი განსხვავებულობის გამო, პატივს არ სცემენ ერთმანეთს; გული სტკივათ, რომ სოფლები იცლება; არ მოსწონთ, როგორ ასწავლიან სკოლებში ლიტერატურას... თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ჯერ არ უოცნებიათ, წასვლასა და გაქცევაზე არ არის „ცისქვეშეთელების“ ფიქრები:
„არა, სხვაგან ცხოვრებაზე არ ვოცნებობ არც მე და არც ჩემი მეგობრებისგან გამიგია მსგავსი რამ. ცოტა ხნით წასვლა, სწავლა შეიძლება, კი, მაგრამ სულ წასვლა, არა მგონია. ის გამოთქმაც მართალი მგონია, რომ „ყველაფერი კარგია იქ, სადაც არ ხარო“. მე კიდევ მგონია, რომ ყველა ქვეყანაში იქნება პრობლემები. აქედან წასვლის მთავარი მიზეზი კი ის მგონია, რომ თავის თავს ვერ პოულობენ, თვითრეალიზება უჭირთ და ჩვენ ჯერ ეს პრობლემა არ გვაქვს, ერთმანეთი გვყავს და გვიყვარს და ნებისმიერ ადგილას კარგად ვიქნებით. თუნდაც, თბილისში“.
კიდევ ერთი რამ, რაც „ცისქვეშეთელებს“ ძალიან უყვართ - ავტოსტოპით მოგზაურობაა.
„შარშან, მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე რომ წავსულიყავით, დაახლოებით 15 მანქანის გამოცვლა მოგვიწია და რამდენი ადამიანი გავიცანით, ხომ წარმოგიდგენიათ! საინტერესოა, მოგვწონს ეს“.
„უკვე ორი წელია ასე დავდივართ. ორი წლის წინ ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, არ ვიცი, ვინ ვეგონეთ, მაგრამ ახლა ჩვენს გარდა სხვებიც დადიან ავტოსტოპით და აღარავის უკვირს ეს საქართველოშიც“.
„მაგარია, სხვა ადამიანების შეხედულებებს როცა იგებ, ელაპარაკები, რას ფიქრობენ, რა უნდათ, ამით თითქოს მთელი ქვეყნის სახეც შეიძლება დაინახო“.
ის, რაც „ცისქვეშეთელებს“დღეს სურთ, დაუსრულებელი სვლაა, ბევრი სიარული, რაც შეიძლება ბევრი რამის ნახვა და მოსწრება, ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა და ისეთი ქალაქის სახურავებზე ასვლა, სადამდეც ავტოსტოპით მიაღწევენ.