საბიუჯეტო რესურსების გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება, ზეწოლა-მუქარა, ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია – ეს და სხვა დარღვევები ასახულია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც 8 სექტემბერს გამოაქვეყნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED).
Your browser doesn’t support HTML5
ანგარიშში ხაზგასმულია კანონსაწინააღმდეგო ტენდენციები, რომლებიც ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს მიზნად და ლაპარაკია ასევე სოციალური ქსელების შესაძლებლობათა ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების პრაქტიკაზე. ISFED-ის პირველი შუალედური ანგარიში ეყრდნობა 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
ფიზიკური დაპირისპირების – ორი, ზეწოლა-მუქარის – ასევე ორი და სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ერთი ფაქტის გარდა, „სამართლიანი არჩევნების“ ახალ ანგარიშში საუბარია ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე.
სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა საბიუჯეტო ცვლილებების ტენდენცია და საყურადღებოდ ჩაითვალა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტებით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, საკრებულოს 2017 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური დაცვის პროგრამები გაიზარდა 5,080,000 ლარით. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სოციალური ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო 4,000,000 ლარი. იგივე მდგომარეობაა მთელ საქართველოში. მოვიყვანთ გარდაბნის მაგალითს:
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ივნის-აგვისტოს თვეებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 950,000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ასევე გამოიყო თანხა შიდა გზების რეაბილიტაციისთვის – 1,000,000 ლარის ოდენობით“.
მართალია, საარჩევნო კოდექსი ამით არ დარღვეულა, რადგან ცვლილებები საარჩევნო კამპანიის 60-დღიანი პერიოდის დაწყებამდე დაიგეგმა, მაგრამ როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო „თავისუფლებას“, ეს ყველაფერი ეჭვებს მაინც აღძრავს:
იწვევს ეჭვებს, რომ ეს არის სწორედ საარჩევნო მიზნებისთვის და ამომრჩევლის გულის მოსაგებადმიხეილ ბენიძე
„როდესაც ჩვენ ამ პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურებთ გზების მშენებლობას და ასე შემდეგ და დამატებით სოციალურ დახმარებებს გავწევთ სხვადასხვა მიზნობრივობით, სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩევლისთვის, ეს თავისთავად ცუდი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ თუ პროგრამები იწყება უშუალოდ არჩევნების პერიოდში, რეალურად ნიშნავს იმას, რომ ეს არის გვერდის ავლა ოფიციალური შეზღუდვისა და, თუ მაინც განხორციელდება ასეთი პროექტები, მაშინ, ბუნებრივია, ეს იწვევს ეჭვებს, რომ ეს არის სწორედ საარჩევნო მიზნებისთვის და ამომრჩევლის გულის მოსაგებად“.
ორგანიზაციის შეფასებით, 21 ოქტომბრისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა, ეს სრული სურათი არ არის, რადგან 22 აგვისტოდან დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ მცირე ნაწილით მოექცა ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ასევე დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებული ტენდენციები, რომელთათვისაც სოციალური ქსელები, და უპირატესად – ფეისბუქი, გამოიყენება. ასეთი შემთხვევები მიმართულია, ძირითადად, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ:
„არაერთი შემთხვევა, არაერთი ფაქტი იყო, როდესაც გარკვეული პოსტები იდება და გარკვეული დეზინფორმაცია, ცრუ მასალები ვრცელდება სხვადასხვა კანდიდატის წინააღმდეგ. ვნახეთ, რომ ეს, ძირითადად, ოპოზიციურ კანდიდატებზეა მიმართული... და რაც საინტერესოა ამ ნაწილში, ასეთი პოსტები დასპონსორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წინასწარ არის დაფინანსებული – რომ უფრო ფართო აუდიტორიამ ნახოს. და ის, რომ ასეთი აგიტაცია არის დასპონსორებული და დაფინანსებული, რეალურად ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ასეთი შემთხვევები არის შემოწირულობა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს“.
იმის კონტროლი, თუ ვინ არის ამ კამპანიის უკან და რა თანხები იხარჯება ამაში, საკმაოდ რთული გახლავთ.ლევან ნატროშვილი
პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით, სოციალური ქსელების გამოყენების პრაქტიკა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, თუმცა არასამთავრობო სექტორში კარგად იციან, რომ ძალიან ძნელია დაადგინო და ამხილო კონკრეტული პირები, რომლებიც ასეთი დეზინფორმაციის უკან დგანან. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, ასეთი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა რთულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – განვითარებულ ქვეყნებშიც:
„იმის კონტროლი, თუ ვინ არის ამ კამპანიის უკან და რა თანხები იხარჯება ამაში, საკმაოდ რთული გახლავთ. ჩვენ როგორც ვიცით, ამ ეტაპზე უჭირს აუდიტის სამსახურს ასეთი ინფორმაციის მოგროვება. მათ ჩვენთანაც განაცხადეს, რომ რეალურად ვერ პოულობენ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ამასთან ბრძოლა თავად იმ კანდიდატების საქმე და ამოცანაა, რომელთა წინააღმდეგაც ხდება ასეთი კამპანიის წარმოება და როგორც ვხედავთ, ისინი (კანდიდატები) თავად ცდილობენ, რომ გააბათილონ ის სიცრუე, რაც მათ წინააღმდეგ ვრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით“.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშში ასევე ასახულია ცალკეულ ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გამოვლენილი დარღვევები. ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რიგ შემთხვევებში, გაუმჭვირვალე იყო და არაერთ კითხვის ნიშანს აჩენდა.
ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყო „სამართლიანი არჩევნების“ 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს განაგრძობს.