„ჩვენ გვახსოვს ომი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება“

11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდებს იხსენებენ. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სენაკის საინჟინრო ბატალიონის 17 ჯარისკაცი რუსეთის მოტომსროლელ ბრიგადასთან შეტაკებაში დაიღუპა. შინდისში მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ თანამებრძოლები, ახლობლები, ოაჯახის წევრები. ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს ნიქოზშიც. საღამოს ცრემლიც ახლდა და ღიმილიც - ცრემლს იწვევდა დაღუპული ახლობლების მოგონება, ღიმილს კი ის მონდომება, რომელსაც ახალგაზრდები იჩენდნენ სიმღერის დროს და ლექსების წარმოთქმისას.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, „იმედის სხივმა“, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ დახმარებით, ნიქოზში გამართა ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს ომი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება“. მოწვეულნი იყვნენ დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მშობლები და ახლობლები, ასევე ის ადამიანები, ვინც ომის დროს სოფელში იმყოფებოდა და სხვებს ეხმარებოდა. ლეილა კანდელაკს არა მარტო ნიქოზში, არამედ მთელ საქართველოში ცნობენ. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ისტორია, რომელიც არაერთხელ აქვს მოყოლილი. ომის დროს მოხუცს სოფელში შესული მაროდიორები სახლში შეუცვივდნენ. ლოგინში ავადმყოფი მეუღლე ჰყავდა და სარდაფში მისი ჩაყვანა ვერ შეძლო, თვითონ კი დამალვა მოახერხა. სარდაფიდან ამოსულმა მოხუცი ვეღარ ნახა და მისი ძებნა დაიწყო. ლეილა ბებოს ომიც დაავიწყდა და შიშიც, როცა ტყვედ წაყვანილი ქმრის მოსაძებნად ცხინვალში ჩავიდა და მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც მეუღლე ცოცხალი ნახა.

ნიქოზელი ჯიმშერ კურდღელაშვილი გორის დაბომბვისას დაიღუპა, მისი ძმაც იქვე დაიჭრა. მათ დედას, ლეილა კურდღელაშვილს, მთელი საღამო თვალზე ცრემლი არ შეშრობია. გულისტკივილით ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს ივიწყებს.

2008 წლის ომის დროს ნიქოზსა და ხვითში 13 ადამიანი დაიღუპა, აქედან 11 სამოქალაქო პირი იყო. „იმედის სხივის“ ხელმძღვანელი ნინო მინდიაშვილი ამბობს, რომ ამ პატარა სოფლებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს და დაღუპულების ხსოვნა, პირველ რიგში, ახალგაზრდების მოვალეობაა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დაზარალებული ოჯახებისთვის მცირეოდენი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. ასოციაციის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ მის ორგანიზაციაშიც დევნილები არიან დასაქმებული და ყველაზე უკეთ მათ ესმით დაზარალებულთა გულისტკივილი.

ნიქოზელებს ყველაზე მეტად იმ მძიმე დღეებში ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტის, ისაიას (ჭანტურია), მოსახლეობაზე ზრუნვა ახსენდებათ. ნიქოზში ახლაც მეუფე ისაიას ელოდებიან, რომელიც დიდი ხანია ახალგორშია და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გადაადგილებისთვის საშვის მიღებას ელოდება.