რას წარმოადგენს აშშ-ის ახალი თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი

ჩაკ ჰეიგელი

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამშაბათს ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურა დაამტკიცა. ამ თემაზე სხდომა, რესპუბლიკელების ინიციატივით, 12 დღით გადაიდო - მათ შეკთხვები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რამდენად უჭერს ჰეიგელი მხარს ისრაელს და ხომ არ აპირებს ზედმეტ კომპრომისებზე წასვლას ირანთან მიმართებით.

ჩაკ ჰეიგელი, რომლის სრული სახელი ჩარლზია, 66 წლისაა და ნებრასკის შტატიდან არის. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ვიეტნამის ომში იბრძოდა - ჯერ როგორც ჯარისკაცი, შემდეგ სერჟანტის რანგში. მას რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.

ვიეტნამში ორწლიანი სამსახურის შემდეგ, ჰეიგელმა ნებრასკის ყველაზე დიდ ქალაქში, ომაჰაში, რადიოში დაიწყო მუშაობა ახალი ამბების გამოშვებებისა და თოქ-შოუების წამყვანად. ამავე ხანებში დაამთავრა კოლეჯში სწავლა. შემდეგ ვაშინგტონში გადავიდა. თავდაპირველად კონგრესში თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, შემდეგ ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიაში იყო. მუშაობდა კამპანიების ორგანიზატორადაც. გარკვეულ პერიოდში ვეტერანთა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზეც იყო, თუმცა ეს სამსახური მალევე დატოვა პროტესტის ნიშნად, რადგან ვეტერანებისთვის დახმარების შემცირება იგეგმებოდა.
შენი მთავრობის ქმედებებზე კითხვების დასმა არ წარმოადგენს არაპატრიოტულ ქცევას. არაპატრიოტული ქცევა ისაა, როცა ასეთ კითხვებს არ სვამ...
ჩაკ ჰეიგელი


1985 წლიდან ჰეიგელის კარიერა ფინანსური თვალსაზრისით დიდი წარმატებით განვითარდა. მან მილიონების გამომუშავება შეძლო იმ მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო. 1990-იან წლებში ფლობდა კომპანიას, რომელიც ხმის მიცემის ელექტრონულ მანქანებს ამზადებდა. 1995 წელს ეს კომპანია დატოვა და აშშ-ის სენატში მოსახვედრად პოლიტიკური კამპანიის დაგეგმვა დაიწყო. პირველად არჩევნებში 1996 წელს გაიმარჯვა, 2002 წელს კი ხელახლა იქნა არჩეული.

ჰეიგელი რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა დამოუკიდებელი შეხედულებებით გამოირჩევა. სენატორის რანგში 12-წლიანი მოღვაწეობის დროს ჰეიგელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობდა და რესპუბლიკელების პოზიციების ერთგული მხარდამჭერი იყო, სანამ ამ კავშირს დრამატულად გაწყვეტდა.

2005 წელს ის დაუპირისპირდა მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის სიტყვებს, ერაყში წინააღმდეგობის მოძრაობა „უკანასკნელ კონვულსიებს“ განიცდისო. ჰეიგელმა ერაყის ომი ვიეტნამისას შეადარა. ამის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა თანაპარტიელებისგან, თუმცა ჰეიგელის პასუხი ასეთი იყო:

„შენი მთავრობის ქმედებებზე კითხვების დასმა არ წარმოადგენს არაპატრიოტულ ქცევას. არაპატრიოტული ქცევა ისაა, როცა ასეთ კითხვებს არ სვამ“.

2007 წელს ჰეიგელი იყო ერთ-ერთი იმ სამი რესპუბლიკელი სენატორიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დემოკრატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ერაყიდან ჯარების გამოყვანის ოთხი თვის ვადაში დაწყების თაობაზე. ამავე წელს, მოგვიანებით, ჰეიგელმა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას მისცა მკვეთრად უარყოფითი შეფასება: ბოლო 40 წლის განმავლობაში, ეს მთავრობა ყველაზე დაბლა დგას „შესაძლებლობების, უნარების, პოლიტიკის, კონსენსუსის - თითქმის ყველა თვალსაზრისითო“.
წლების მანძილზე აშშ და მისი მოკავშირეები დროდადრო ისეთ ვითარებას ირჩევდნენ ხოლმე, რომელიც მათთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნებოდა, და არა დემოკრატიას ან თავისუფლებას. მაგრამ ეს შიგნიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ვინმეს თავს მოახვიოს დემოკრატია ან თავისი ნება...
ჩაკ ჰეიგელი


რამდენიმე თვის წინ მიცემულ რადიოინტერვიუში ჰეიგელი „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილ მოვლენებს გამოეხმაურა. თქვა, ხალხი თავისუფალი უნდა იყოს მთავრობის არჩევაშიო და მიანიშნა, რომ ამ რეგიონთან მიმართებით აშშ-ის არჩევანი ყოველთვის სწორი და მართებული არ ყოფილა:

„წლების მანძილზე აშშ და მისი მოკავშირეები დროდადრო ისეთ ვითარებას ირჩევდნენ ხოლმე, რომელიც მათთვის უსაფრთხო და უპრობლემო იქნებოდა, და არა დემოკრატიას ან თავისუფლებას. მაგრამ ეს შიგნიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ვინმეს თავს მოახვიოს დემოკრატია ან თავისი ნება. ეს რუსებმა გამოსცადეს ავღანეთში. ჩვენ ორ ძალიან ძვირად ღირებულ ომში ჩავერთეთ, რამაც კიდევ ერთხელ გვასწავლა ჭკუა. ეს ვიეტნამშიც ვცადეთ და იქაც არ იმუშავა. ეს არასოდეს იმუშავებს. ბოლოს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია. ჩვენ კი ყოველთვის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, რაც ინდივიდისა და თავისუფლების მხარდაჭერას გულისხმობს“.

სენატიდან წასვლის შემდეგ ჰეიგელი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საგარეო სამსახურის სკოლის პროფესორი გახდა. ამავე დროს, ის დათანხმდა წინადადებას ეხელმძღვანელა პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრისთვის, ატლანტიკური საბჭოსთვის.

ჰეიგელი ლილიბეთ ზილერზეა დაქორწინებული და ვაჟსა და ქალიშვილთან ერთად ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში ცხოვრობს.