ქრის მერფი: „უკრაინას შეირაღება უნდა მივაწოდოთ“

„რუსეთმა ეფექტურად მოახდინა ინფორმაციის მილიტარიზება. მან ინფორმაცია და პროპაგანდა სამხედრო საშუალებად აქცია."

ამერიკელი სენატორი ქრის მერფი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიარაღება უნდა მიაწოდოს.

„უკრაინაში მხოლოდ იანვარში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. ეს გვაფიქრებს, რომ ამერიკამ ამ კონფლიქტთან მიმართებით თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. მე თავიდან განსხვავებულად ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შევიცვალე, ახლა მჯერა რომ უკრაინას მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეიარაღება უნდა მივაწოდოთ,“ ეს განცხადება სენატორმა ქრის მერფიმ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდში გამოსვლისას 26 იანვარს გააკეთა.

"მე თავიდან განსხვავებულად ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შევიცვალე, ახლა მჯერა რომ უკრაინას მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეიარაღება უნდა მივაწოდოთ“

ის იმედოვნებს, რომ ამერიკა ამ საკითხს მიუბრუნდება და უკრაინის შეიარაღებაზე დისკუსია ახლო მომავალში განახლდება.

სიტყვით გამოსვლისას, რომელიც რუსეთის გავლენას, ბალკანეთის რეგიონს და უკრაინის კრიზისს ეხებოდა, სენატორმა რუსეთის მზარდ პროპაგანდაზე და ამერიკის შესაძლო პასუხებზე ისაუბრა.

„რუსეთმა ეფექტურად მოახდინა ინფორმაციის მილიტარიზება. მან ინფორმაცია და პროპაგანდა სამხედრო საშუალებად აქცია. ეს ყოველთვის იყო თანამედროვე ომის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იგივეს არ აკეთებენ, ჩვენ არ ვმართავთ მაგალითად Russia Today-ს და ჩვენს სიხშირეებს ტყუილის გასავრცელებლად არ ვიყენებთ,“ თქვა სენატორმა.

მისი თქმით, რამდენიმე კონგრესმენთან ერთად პოტენციური კანონდმებლობის იდეას განიხილავს, რომელიც დემოკრატებს და რესპუბლიკელებს გააერთიანებს და რუსული პროპაგანდის საპასუხოდ ინფორმაციის გავრცელებისთვის მეტ რესურსს გამოჰყოფს.

„ამ პოტენციური კანონმდებლობით ინვესტირება მოხდება საინფორმაციო კამპანიაში. ჩვენ გვჭირდება ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ.“

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობას, მერფი მიიჩნევას, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ახალი პარადიგმის მიღწევა უნდა შეძლონ, სადაც რუსეთის მეზობელ ქვეყნებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს, სადაც ქვეყნები შეძლებენ ჰქონდეთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა და ამავდროულად, იყვნენ ევროპის კავშირის წევრები,“ ამბობს მერფი.

დამატებით, მისი თქმით, აშშ-მ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას დახმარება უნდა გაუწიოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გაზარდოს ამერიკული სამაუწყებლო პროგრამები რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად.

მერფი მოელის, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინისთვის დახმარების გაზრდის საკითებს უახლოეს მომავალში განიხილავს.