ჩხუბი პარლამენტში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვას დღეს საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბის მიზეზი კი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი ბობოხიძის, გამოსვლა - მან მმართველი გუნდი რუსეთისაკენ სვლაში დაადანაშაულა და სიტყვა ოპონენტების გინებით დაასრულა.

ჩხუბში, რომელსაც ევრობაჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებასა და პროცედურულ საკითხებზე კამათი უძღოდა წინ, თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. დეპუტატებმა ფიზიკურ დაპირისპირებაში ტექნიკური საშუალებებიც გამოიყენეს -კერძოდ, მიკროფონები, რომლებსაც ერთმანეთს ურტყამდნენ. ფიზიკური დაპირისპირება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შემდეგ გამოსვლას მოჰყვა;

“მაინც მიექანებით დედარუსეთისკენ და თქვენი ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად პოვებს ასახვას და თქვენს შეფასებაში კიდევ ერთხელ ევროპულ ორგანიზაციებში და იმის მაგივრად, რომ გამოასწოროთ თქვენი მოქმედებებით თქვენი ცუდი რეპუტაცია ევროპაში, სამწუხაროდ, თქვენ ცუდ გზას ადგახართ და მინდა გითხრათ, რომ მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედარუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო! ვინ რა თქვა? თქვენი...ვინც ეგ თქვით, ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გგონიათ, ვინმეს რამეს დაგითმობთ?“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზში სიწყნარის დამყარება ვერ შეძლო, საამისოდ უძლურნი აღმოჩნდნენ მანდატურებიც, ჩხუბმა კი ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ, გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოიძახეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია შექმნილ ითარებაში სხდომაზე შესვენების გამოცხადება იყო. სხდომის განახლების შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს:

“მე მგონი, პარლამენტში მსგავსი მოვლენები შეუძლებელია დარჩეს რეაგირების გარეშე. და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და ღონისძიება უნდა ამოქმედდეს და ეს უნდა იყოს ცნობილი საჯაროდ ყველასთვის, მოქალაქეებისთვის“.

პარლამენტის მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობის ცვლილებები, რამაც 26 დეკემბერს პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, ბოლო დროს პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. ჩხუბის შემდეგ კი პარლამენტმა 79 ხმით მიიღო დადგენილება, რომლითაც ფრაქციათა წარმომადგენლობა და კვოტები ხელახლა განისაზღვრა. ცვლილება, მმართველი პარტიის თანახმად, „თავისუფალი დემოკრატების“ დამოუკიდებელ ოპოზიციურ ფრაქციად ჩამოყალიბებამ მოითხოვა.

“კვოტების გადანაწილება უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში, უკლებლივ ყველა დელეგაციაში, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი დემოკრატები აღარ არიან უმრავლესობაში. ანალოგიური ცვლილებები უნდა შევიდეს და ყველგან „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დააკლდეს წევრი, იმიტომ რომ ოპოზიციაში გაჩნდა ახალი ფრაქცია“, განაცხადა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.

პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებით, ევროსაბჭოს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ორის ნაცვლად ერთი ადგილი ექნება. დელეგაციის ძირითად ხუთკაციან შემადგენლობაში ერთი ადგილი „თავისუფალი დემოკრატებისთვისაც“ განისაზღვრა.