ჩაინა მოუზესი

ჩაინა მოუზესი

"მე ფრანგი ვარ, ამერიკული პასპორტით. მართალია, კალიფორნიული აქცენტი მაქვს, მაგრამ თავი პარიზელად მიმაჩნია" - ასე ეცნობა მსმენელს მომღერალი ჩაინა მოუზესი.

Your browser doesn’t support HTML5

ჩაინა მოუზესი

დიახ, არტისტი საფრანგეთში გაიზარდა და შეერთებულ შტატებთან მხოლოდ დაბადება აკავშირებს. 1978 წელს ლოს-ანჯელესში გაჩნდა. 2 თუ 3 წლის გახლდათ, როცა სახელოვანმა დედამ, დი დი ბრიჯუოტერმა, მომღერლის კარიერის გაგრძელება ევროპაში გადაწყვიტა და შვილიც თან წაიყვანა. ისიც აღსანიშნავია, რომ დედა-შვილი სწორედ ფრანგული სცენიდან გაიცნო მსოფლიომ, ორივეს შემოქმედებითი პოტენციალი პარიზულ სივრცეში წარმოჩნდა.

ორი „გრემის" მფლობელი დედის წყალობით, ჩაინამ მუსიკა ბავშვობიდანვე შეიყვარა. მისი დებიუტი 1996 წელს შედგა, როცა ცნობილმა ფოტოგრაფმა და რეჟისორმა ჟან-ბატისტ მინდინომ კლიპში გადაიღო სიმღერით "Time". კრიტიკოსებმა ახალგაზრდა მუსიკოსის პირველი ნაბიჯი დადებითად შეაფასეს და წარმატებული მომავალიც უწინასწარმეტყველეს. მოლოდინმა გაამართლა. მომდევნო ალბომებმა - განსაკუთრებით, სიმღერებმა "China"-მ და "Good Loving"-მა - არტისტს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. ჩაინამ მსმენელის გულის მოგება და მონადირება საკუთარი გამორჩეული ტემბრითა და ვოკალური შესაძლებლობებით მოახერხა. მეტიც, საფრანგეთის რიტმენბლუზურ სცენაზე მოღვაწე არტისტების ლიდერად იქცა. სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ მუსიკოსის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა შვედურ საპროდიუსერო ჯგუფ "Breaking Bread"-საც. იქაურმა დიჯეებმა ჟანრი გაათანამედროვეს და არანჟირებას დიდებულად გაართვეს თავი.

სტუდიური თუ საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, ჩაინა მოუზესმა მუსიკის ჟურნალისტობაც მოსინჯა. სხვადასხვა დროს საავტორო გადაცემებით ისეთ ფრანგულ ტელე-რადიოარხებზე მუშაობდა, როგორებიცაა: MCM, MTV France, Canal+, Jazz Radio და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გადაცემების სერია, სახელწოდებით "Gardenias for Dinah", რომელიც ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, დაინა ვაშინგტონის, შემოქმედებას ეძღვნებოდა. პროექტს მოჰყვა ალბომი "This One's For Dinah", რომელიც არტისტმა პიანისტ რაფაელ ლემონიესთან ერთად ჩაწერა. ამ თანამშრომლობამ ჩაინა საბოლოოდ შემოაბრუნა ჯაზისკენ. პროექტი მსოფლიო ტურნეში გადაიზარდა. ევროპული სცენების, ინდოეთის, კანადისა და იაპონიის კონცერტების შემდეგ, ჩაინამ და რაფაელმა კიდევ ერთი ალბომი გამოსცეს. ამჯერად ეს გახლდათ დუეტის საავტორო ბლუზური სიმღერების კრებული.

2017 წლის 31 მარტს გამოვიდა ჩაინა მოუზესის რიგით მე-7 სტუდიური დისკი "Nightintales"-ი. არტისტის შემოქმედებაში ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა პროექტში თავმოყრილი თერთმეტივე სიმღერის ავტორი თავად იყო. "მსურდა დროის საზღვრებს გაცდენილი მუსიკა შემექმნა" - არტისტმა ამგვარი ფილოსოფიური განმარტება მისცა ნამუშევრის კონცეფციას. მართლაც, თუ წინა ალბომებში სახელოვანი წინაპრების - დაინა ვაშინგტონის, ეტა ჯეიმსის, ბილი ჰოლიდეისა თუ სხვათა - უდიდესი გავლენა იგრძნობოდა, "Nightintales"-ში წარსულის წნეხისგან გათავისუფლების სურვილი იკვეთება. აქ სვინგის, ბლუზის, ფანკის, სოულის, აკადემიური და პოპმუსიკის სინთეზის იმგვარი მცდელობაა, რომ არც ერთ მათგანს არ ენიჭება უპირატესობა, ჟანრებსა და ეპოქებს შორის ბალანსი დიდი სიფრთხილითაა დაცული.