საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ განცხადებაში ამის მიზეზად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ასახელებს. „ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას,“ - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის საგანგებო განცხადებაში, რომელიც შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. თუმცა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენური ვითარებისთვის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც უნდა გაიზიაროს. „ოპონენტები შექმნილ ვითარებას საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისათვის იყენებენ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში.
Your browser doesn’t support HTML5