სამართლიანობის აღდგენის დაკვეთა სრულდება?

ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესზე

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელთაც პროკურატურა კორუფციულ გარიგებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა დაკავებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეხმაურებიან. რა მოვლენათა ერთობლიობამ შექმნა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა დაკავების საფუძველი და რა დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ დაკავების შემდეგ?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას რამდენიმე მოვლენისა და წარმოჩენილი პრობლემის ერთობლიობასთან აკავშირებენ პოლიტიკის ექსპერტები. პოლიტოლოგ გია ნოდიას მტკიცება უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ 19 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარებული ყრილობის, სადაც წინა ხელისუფლების გასამართლებას მოითხოვდნენ, და 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებული მოვლენების გამოძახილი უნდა იყოს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება იმ სამართლებრივი საფუძვლით, რაც მათ წარედგინათ:

”არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს, როცა მისი სისუსტე ჩნდება და მას უნდა თავი წარმოაჩინოს როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ საკუთარი მომხრეების თვალში. ამ ფონზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება ხელისუფლებას უნდა, რომ კარგ ნაბიჯად ჩაეთვალოს”.

გია ნოდიას მსგავსად, „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარიაც მიიჩნევს, რომ გარკვეულ საკითხთა ერთბლიობამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა სწორედ ახლა. ხოშტარიას სიტყვებით, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სამართლებრივი დევნა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მეტად სწრაფად დაიწყო და დაკავებების ის ტემპი, რომელიც ჰქონდა აღებული, იძლეოდა მკაფიო სიგნალს საიმისოდ, რომ ეს იყო პოლიტიკური შინაარსის დაკავებები და სწორედ ასეთი იყო შიდა და საერთაშორისო შეფასებაც. როგორც ჩანს, ამბობს ელენე ხოშტარია, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან საკმარისად იმუშავეს და იქიდან რაიმე სახის გართულება ამ დაკავებას არ მოჰყვება:

ელენე ხოშტარია


”ერთი მხრივ, ხელისუფლებას ცოტა გადამეტებული წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ დასავლეთს აღარ ექნება არაფერზე რეაქცია. ამასთანავე, გადამწყვეტი, თუ როგორი იქნება რეაქცია ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იქნება თავად პროცესი. პროცესში მე ვგულისხმობ არა მარტო სასამართლო პროცესს, არამედ მთლიანად, ანუ, პირველი, რამდენად მყარი იქნება მტკიცებულებები და რამდენად ტრანსპარენტული იქნება გამოძიება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუ აანონსებენ, რომ 26 მაისის და გირგვლიანის თემაა, დროზე უნდა წაუყენონ ბრალდება ამ მიმართულებით და ეს არ უნდა იყოს სპეკულირება ამ თემით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად კარგად აჩვენებენ და რამდენად კარგ კომუნიკაციას მოახდენენ შიგნით საზოგადოებაში და გარეთაც, რომ ეს, მართლაც, არის უტყუარი მტკიცებულებები”.

უკვე დასახელებულ მიზეზებთან ერთად პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავარ ფაქტორად მიიჩნევს საზოგადოების მწვავე და კრიტიკულ მოთხოვნას, აღდგეს სამართლიანობა, კითხვაზე კი, თუ, სახელდობრ, რა იგულისხმება საზოგადოების ამ მოთხოვნაში - მხოლოდ კონკრეტული პირების დაკავება ამა თუ იმ მუხლის ბრალდებით თუ თავად მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება, მათ შორის, 26 მაისისა და გირგვლიანის საქმის, რომელშიც, პროკურატურის განცხადებით, ასევე იკვეთება ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა, რამაზ საყვარელიძე პასუხობს:

”დღეს უბანში რომ გამოვედი ფეხით, ყველამ, ვინც შემხვდა, „მომილოცავს“ მითხრა. მე მეგონა, ნიკოლოზობას მილოცავდნენ. აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილის დაკავებას მილოცავდნენ, ანუ ხალხისთვის მისალოცი მოვლენა მოხდა. სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა საზოგადოება, მაგრამ ნაციონალებმა მიიყვანეს აქამდე და ამიტომ საქმის გახსნა იქნება ის მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოებას, მაგრამ ეს იქნება უკვე შემდეგ რაუნდზე”.
შემდეგი აშკარად და ლოგიკურად არის გიგი უგულავა, იმიტომ რომ მის მიმართ საქმე აღძრულია და, ნუ, ის თბილისის მერია და თბილისი რომ ”მტრის ხელშია”, ეს განსაკუთრებით აწუხებს ხელისუფლებას და ის შეეცდება თბილისის მიმართულებით იმუშაოს...
გია ნოდია

შემდეგი რაუნდი, ექსპერტების შეფასებით, იქნება როგორც მნიშვნელოვანი საქმეების გახსნა, ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის სხვა პირთა დაკავებებიც, მათ შორის, როგორც გია ნოდია ამბობს, პირველი ამ სიაში იქნება თბილისის მერი გიგი უგულავა:

”შემდეგი აშკარად და ლოგიკურად არის გიგი უგულავა, იმიტომ რომ მის მიმართ საქმე აღძრულია და, ნუ, ის თბილისის მერია და თბილისი რომ ”მტრის ხელშია”, ეს განსაკუთრებით აწუხებს ხელისუფლებას და ის შეეცდება თბილისის მიმართულებით იმუშაოს. ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ვადა რომ დამთავრდება, მის მიმართ იქნება თუ არა რაღაც ზომები მიღებული. ეგ კიდევ სხვა საკითხია”.

პრეზიდენტის სახელი გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით და თქვა, რომ კითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც არსებობს ამ საქმეში.
თუმცა ახლო პერსპექტივაში პოლიტიკური ვითარების გაანალიზებისას, ექსპერტები ყველაზე უსიამოვნო მომავალს უწინასწარმეტყველებენ ”ერთიან ნაცილონალურ მოძრაობას”, რომელსაც, მიუხედავად ზაფხულში პასიური პოლიტიკური პერიოდისა, მაინც მოუწევს ჩაებას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში. მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად თავს არ მოიაზრებდა, პარტია შეიძლება მაინც მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშე დარჩეს, თუნდაც საორგანიზაციო დონეზე:

”ამით პარტია არ ჩაკვდება, მაგრამ რაღაც შეიძლება გაფუჭდეს”, - ამბობს გია ნოდია.

რამაზ საყვარელიძე კი არ გამორიცხავს, - თუმცა ეეჭვება, მაგრამ მაინც ამბობს, - რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი:

”შეიძლება აწყობდეს კიდეც ასეთი საპრეზიდენტო კანდიდატი. მას გმირის ორეული ექნება. კამპანიას ვერ აწარმოებს და ვერ ივლის ქუჩა-ქუჩა, თორემ ციხიდან შეუძლია ჰქონდეს შეძახილები და დანარჩენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა აწარმოოს კამპანია და შეიძლება ეს მოგებიანიც იყოს, რომ, აი, ციხეში გმირულად ტანჯული ადამიანი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება და თავად კანდიდატისთვის ეს სტატუსი შეიძლება მეტ-ნაკლებად დამცავი მექნიზმიც აღმოჩნდეს”.
ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

კანონი ვანო მერაბიშვილს, მართლაც, არ უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სანამ მის ბრალეულობას სასამართლო არ დაადგენს.

ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დაკავებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. ამ უკანასკნელთა ერთობლივ მიმართვაში ნათქვამია, რომ გულდასმით დააკვირდებიან ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ პროცედურას, რომელიც, მათი მოლოდინით, იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე“.