ვინც ამ ზაფხულს რაჭაში დაისვენა ან რამდენიმე დღით მაინც ეწვია იქაურობას, ხალხის ნაკლებობას ნამდვილად ვერ იგრძნობდა, ვერც თავად ამბროლაურსა და ონში და ვერც სოფლებში. საოჯახო სასტუმროების უმრავლესობა წინასწარ იყო დაჯავშნული და თავისუფალი ადგილის პოვნა ჭირდა. შაბათობით, ამბროლაურის ბაზართან, მანქანების ტევა არ იყო. ონის ქუჩებიც ხალხით იყო სავსე – განსხვავებით ზამთრისგან.
Your browser doesn’t support HTML5
რაჭიდან ქალაქში გადახვეწილი ხალხი ზაფხულში იქ ცოტა ხნით მაინც აუცილებლად ბრუნდება ხოლმე და იქაურობა ერთი-ორი თვით ისევ სავსეა. ამბროლაურში აეროპორტის გახსნამ, გზებისა და, ზოგადად, ინფრასტრუქტურის შედარებით მოწესრიგებამ ტურისტიც მეტი მიიზიდა, თუმცა ეს დროებითი ხალხმრავლობაა. რაჭა იცლება, იგივე ბედი ელის ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ უკანასკნელ ათ წელში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მოსახლეობა 17 600-ით შემცირდა.
ყველაზე მეტად რაჭაში მთიან სოფლებს გაუჭირდათ. დაცლაც იქიდან დაიწყო – ჯერ ერთი ოჯახი ჩამოვიდა ბარად, მერე მეორე, მერე მიყვა და მიყვა – ზოგი ონსა და ამბროლაურში დასახლდა, ზოგმაც გზა გააგრძელა და სხვა დიდ ქალაქებს მიაშურა. ასე ნელ-ნელა იქცა ერთ დროს ხალხმრავალი სოფლები ნასოფლარებად. აი, სოფელი გონა, 1680 მეტრზე ზღვის დონიდან – ერთხელ თუ ყოფილხარ, თავს არ დაგავიწყებს, ისეთი სოფელია, მაგრამ, 2014 წლის აღწერის შემდეგ, იქ მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. თუმცა, გონაზე რა უნდა თქვა, როცა ერთ დროს გაცილებით ძლიერი, ხალხით სავსე სოფლებია დაცლილი. ასეთია ღებიც, ზემო რაჭის კიდევ ერთი გამორჩეული სოფელი, სადაც, როგორც იქაური ქეთო ლობჟანიძე იხსენებს, 800 კომლი ცხოვრობდა. რაჭის სოფლისთვის ეს პატარა რიცხვი არ არის. ისევ, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ღებში 296 ადამიანი ცხოვრობდა. წელს კიდევ უფრო ნაკლები არიან.
„ჩემი სოფელი ღები ძალიან მდიდარი სოფელი იყო. ბევრი ხალხიც ცხოვრობდა ჩემ სოფელში. საქონელიც ბევრი ჰყავდათ, ფრინველიც. ორი პარალელური კლასი იყო და თითოში 30 ბავშვი – სულ მარტო ერთ კლასში – 60. გლოლიდან და ჭიორიდან ჩვენს სკოლაში მოდიოდნენ, რადგან ღებში საშუალო სკოლა იყო, იქ კი მხოლოდ რვა კლასი... ისეთი ცოცხალი სოფელი იყო, იმდენი ბავშვი, იმდენი ახალგაზრდა“.
ქეთოც დიდი ხანია ღებში აღარ ყოფილა. წლებია, ამბროლაურში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ახალგაზრდებს იქ გაჩერება დღეს უფრო გაუჭირდებათო, ამბობს. ადრინდელ ამბებს იხსენებს – 18 კილომეტრს რომ დადიოდნენ სათიბში ის და მისი თანატოლები – მაშინ ასეთი ცხოვრება იყოო. დღეს კი ღებში ხანდახან წელი ისე გავა, ბავშვი არ იბადება. ამ ზაფხულს, სოფლის ბირჟაზე ჩამომჯდარმა ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, რამდენი ხანია, ორსული ქალი აღარ დამინახავსო.
გაეროს გამოკვლევის თანახმად, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000-მდე შემცირდებოდა. ამ მაჩვენებელს 2013 წელს ხშირად იშველიებდა მაშინ ახლადდაარსებული საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაშინდელი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობდა, რომ ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესწავლა იქნებოდა და რომ მუშაობას სწორედ რაჭიდან შეუდგებოდნენ. რაჭიდან იმიტომ, რომ, მისივე სიტყვებით, რაჭა-ლეჩხუმში, ამ მხრივ, „კატასტროფული ვითარება“ იყო. მაშინ ხუნდაძემ ისიც თქვა, რომ თუ იგივე ტენდენცია შენარჩუნდებოდა, 15 წელში რაჭას მთლიანად დაცლა ემუქრებოდა. 2013 წლის შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა და ვითარება, ზოგადად, უკეთესობისკენ დიდად არ შეცვლილა.
საერთო სურათის დასანახად „საქსტატის“ ეს მონაცემებიც საკმარისია – 2007 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სულ მოსახლეობის საერთო რაოდენობა 48 600 ადამიანს შეადგენდა. ათი წლის შემდეგ, 2017 წელს, მოსახლეობის რიცხოვნობა 31 000-მდე შემცირდა. მაშინ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 100 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს – მხოლოდ 11 500. ონში – 2007 წელს ცხოვრობდა 8 800 კაცი, 2017 წელს დარჩა 5900 მოსახლე. ეს ნიშნავს, რომ, მთლიანად, რეგიონში მხოლოდ უკანასკნელ ათ წელიწადში 17 600 ადამიანი აღარ ცხოვრობს. მარტივი გათვლით, თუ შემდეგ ათ წელში იგივე ტენდენცია გაგრძელდება, 2027 წელს ამ რეგიონის მოსახლეობა, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, სულ რაღაც, 13 400 იქნება.
აქვე ვნახოთ შობადობა-გარდაცვალების მაჩვენებელიც – 2007 წელს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სულ დაიბადა 204, გარდაიცვალა 605 ადამიანი. 2015 წელს დაიბადა 268, გარდაიცვალა 701 ადამიანი.
სოფელ სხარტალში ერთი კაცი ცხოვრობს, წკადისში ის ერთიც აღარ არის თურმე, ზამთრობით მიყავთ ხოლმე ქალაქში, – გვეუბენბა და თან დაცლილ სოფლებს იხსენებს ისტორიკოსი რობიზონ ჭელიძე, რომელიც წლებია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიგრაციულ პროცესებს აკვირდება. ასეა სოფელი ფუტიეთი, ცახი, ღადიში, თხმორი და კიდევ ბევრი სოფელი რაჭაში, რომელიც დაცარიელების პირასაა. თუ ახალგაზრდა კიდევ შემორჩა ამ სოფლებს, დაოჯახებას ძნელად ახერხებს. ერთ საცოლე ბიჭს უხუმრია ამას წინათ ცახში, აქ, ამ სიმაღლეზე, ვინ წამომყვება, ცოლად ვინ მოვიყვანოო – ერთადერთი გზა ბარში ჩასვლაა. თუმცა როგორც რობიზონ ჭელიძე მოგვითხრობს, მხოლოდ მთის რთული ცხოვრების პირობები არ არის სოფლების დაცლის მიზეზი – მისი აზრით, მიწაზე მუშაობა აღარავის სურს. ბევრს მარტივად ცხოვრება ურჩევნია – მაგალითად, სოციალური დახმარების იმედად. ზოგიერთ სოფელში დედაქალაქიდან რამდენიმე ოჯახი კი დაბრუნდა, მაგრამ, ძირითადად, საპენსიო ასაკის ხალხი. ეს კი რაოდენობრივად, შესაძლოა ზრდის ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა გაახალგაზრდავების თვალსაზრისით, დიდი ვერაფერი ნუგეშია, – გვითხრა რობიზონ ჭელიძემ და თავისი სოფლის ამბებიც მოაყოლა:
„ჩემ სოფელში, ჩემი ბავშვობის დროს, ყველა სახლიდან კვამლი ამოდიოდა. ზამთარში დღეს ჩემ უბანში ოთხად-ოთხი ოჯახი რჩება. არის მეორე უბანი, სადაც მე დავიბადე, რომელიც სულ დაცლილია. 27 სახლია მიტოვებული და დაკეტილია მთელი წელი. ზაფხულში ინთება მხოლოდ სინათლე. წინა კვირას ვიყავი და ღია ფანჯრებს და შუქს რომ ვხედავდი, სამოთხეში მეგონა თავი. ორი დღის წინ ისევ ავედი და ნელ-ნელა ჩაქრა სინათლეები. ღამე რომ გამოვიხედე, ასე მეგონა იმ დროში მოვხვდი, მტერი რომ შემოგვესეოდა და სოფლის ხალხი სადღაც გაიხიზნებოდა ხოლმე“.
რაჭა არასოდეს ყოფილა მდიდარი მხარე. მცირემიწიანობა იქაურ მოსახლეობას მუდმივად აიძულებდა საშოვარზე წასულიყო. ისევ რობიზონ ჭელიძე მოგვითხრობს, რომ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში რაჭველი კაცები ზამთრობით სულ მიდიოდნენ „მოსაგებზე“. მაგრამ უკან აუცილებლად ბრუნდებოდნენ. დღეს, თითქმის ამავე მიზნით წასულები რაჭაში ძალიან იშვიათად ბრუნდებიან.
„საერთოდ, რაჭა ყოველთვის იყო მიგრაციის კერა, მაგრამ ეს ყოველთვის სეზონური მიგრაცია იყო. მაგალითად, მამაჩემიც ყოველ ზამთარს მიდიოდა თურმე სამეგრელოში, დურგალი იყო, იქ მუშაობდა, დაგროვილი ფულით სიმინდს ყიდულობდა, მოჰქონდა და ასე გაგვქონდა თავი. ეს იყო „მოსაგებში“ წასვლა“.
მიგრაციის თვალსაზრით, შედარებით დამაიმედებელი ვითარება მაინც ამბროლაურის რაიონშიაო, გვითხრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალმა რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ. ამბროლაური ზღვის დონიდან უფრო დაბლაა, ვიდრე ონი, ხვანჭკარის მევენახეობის მიკროზონაც ქვემო რაჭაშია და ხალხს, ასე თუ ისე, შემოსავალი აქვს. ყურძნის გარდა, სოფელ თლუღის სოჭის გირჩის ჩაბარებითაც ირჩენენ თავს. რაჭველები ხუმრობენ თურმე, ორი რთველი გვაქვსო – ერთი ყურძნის, მეორე – გირჩისო. თუმცა ეს მაინც სეზონური შემოსავალია, რომელიც ადგილობრივებმა მთელი წელი უნდა იმყოფინონ. საოჯახო სასტუმროებიც მომრავლდა, რასაც ვიზიტორთა რიცხვის ზრდამაც შეუწყო ხელი. თუმცა არჩილ ჯაფარიძე გვეთანხმება იმაში, რომ ეს მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი არ არის.
„ძირითადად, მაინც მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას გაუჭირდა, სადაც არის გზის, წყალსადენების პრობლემა, ზოგადად, კომუნიკაციის. რთულად მისადგომ სოფლებს ვგულისხმობ. არის სოფლები, სადაც, სამწუხაროდ, ზამთრობით ორი-სამი ოჯახი რჩება. არ არის ბუნებრივი აირი, გადაადგილება ჭირს და ზამთარში იქ თოვლიც დიდი მოდის. რაც მთავარია, მუშახელი არ არსებობს – სახლი რომ გადმოსათოვლი გაუხდეს, მუშახელს ვერ იპოვის. ძირითადად, სოფლებში მაინც ასაკიანი ხალხია დარჩენილი და აქტივობაც ნაკლებია“.
არჩილ ჯაფარიძემ ისიც გვითხრა, რომ რაჭაში, მომდევნო რამდენიმე წელში იმდენი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომ წესით, ამ პროცესმა დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა გააჩინოს და არა მხოლოდ რაჭაში, არამედ ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც, რომელიც ასევე დაცლის პირასაა.
„ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობა უკვე მიმდინარეობს, დაგეგმილია, რომ 2020 წლამდე მესტია ლენტეხს გვირაბით დაუკავშირდება. რაჭა-იმერეთის გზის მშენებლობა იწყება, დაგეგმილია სასტუმროების მშენებლობები...ეს იმედს გვაძლევს, რომ ადგილზე გაჩერდეს მოსახლეობა, ამ სამუშაო ადგილებმა დაამაგროს აქ და, სხვათა შორის, შემოდინების პროცესი დაწყებულია. მთის კანონმაც ეს ტენდენცია აშკარად წაახალისა და დანარჩენი, ვნახოთ“.
რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს შოვის, უწერის, შაორის, ნიკორწმინდის, ჭრებალოსა და კიდევ რამდენიმე სოფლის განვითარების პერსპექტიული გეგმის მომზადებაც. არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ რაჭას არაფრის მოგონება არ სჭირდება ტურისტის მოსაზიდავად, რომ იქ ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ რაჭაში არა მხოლოდ სტუმრად ჩასვლა, არამედ იქ საქმის წამოწყებაც და ცხოვრება იძულებითი კი არ იყოს, საინტერესო გახდეს.