ჩეხები მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს

ანსამბლ „ჰაერის“ კონცერტი პრაღის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში

14 დეკემბერს პრაღის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში კონცერტი გამართა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა „ჰაერმა“. შესრულდა კახური, იმერული, სვანური, მეგრული, რაჭული სიმღერები. მოყვარულ მომღერალთა გუნდში უმეტესობა ჩეხია.

ეკლესიის შესასვლელში ქართული ტრადიციული მუსიკის მოსასმენად მისულ სტუმრებს პროგრამა პირველი სიმღერის დაწყებამდევე გადასცეს. საშობაოდ მორთული ეკლესია მალევე შეივსო. პროგრამაში ლათინური ასოებით ეწერა ქართული ხალხური სიმღერების სახელები: „აჭარული“, კახური „მრავალჟამიერი“, „იმერული მგზავრული“, „მასპინძელსა მხიარულსა“, ლაზური „ქისმეთი“, სვანური „დიდება“, „ამირანის ფერხული“, „ცანგალა და გოგონა“ და ა.შ.

Your browser doesn’t support HTML5

ჩეხები მღერიან ქართულ ფოლკლორს

გუნდის წევრთა შორის, ჩეხების გარდა, ვხედავთ ერთ ფრანგსა და ერთ ქართველს. მოყვარულთა ანსამბლის სახელია „ჰაერი“. ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და ის ქართული ფოლკლორით დაინტერესებულ 12 ახალგაზრდას აერთიანებს − ექვს გოგოსა და ამდენივე ბიჭს. ანსამბლის დაარსების იდეა მილან მიკშიჩეკს გაუჩნდა. თანამოაზრეების ძიებისას შეხვდა შარკა სეიფერტოვას, რომელიც, როგორც გაირკვა, მასზე უკეთ იცნობდა ქართულ კულტურას, რადგან ერთხანს კახეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. მილანმა და შარკამ შემოიკრიბეს მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები და მალე პირველი კონცერტიც გამართეს. შარკა გვიამბობს, რომ ანსამბლის წევრთა რაოდენობა დროდადრო იცვლება. წინა წლებში გუნდში ერთი ბრაზილიელიც კი ჰყავდათ, ბერნარდო ტონასი, რომელიც თავისუფალ დროს ქართული ფოლკლორის შესწავლას უთმობდა.

„არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს გუნდის წევრობას. მთავარია ინტერესი ქართული ფოლკლორის მიმართ. ის, ვისაც ეს საქმე ნამდვილად აინტერესებს და მზადაა რეპეტიციებსაც დაესწროს, ჩვენს გუნდში რჩება. სულ ეს არის...“

ანსამბლ „ჰაერის“ კონცერტი პრაღის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში

რეპეტიციისთვის კვირაში ერთხელ იკრიბებიან. ქართულ სიმღერებს ზოგჯერ ინტერნეტში ნახულობენ, ერთმანეთს უზიარებენ, იწერენ, სწავლობენ და შემდეგ ასრულებენ.

კონცერტზე მოსულებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც „ჰაერს“ მანამდეც იცნობდა, თუმცა ზოგისთვის 14 დეკემბრის საღამო ქართული მუსიკის გაცნობის პირველი შესაძლებლობა გამოდგა.

„’ჰაერის’ კონცერტს უკვე მეორედ ვესწრები. ისინი უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან. სრულიად შემთხვევით გავიცანი ქართული მუსიკა. ერთადერთი, რაც ამ საღამოს დამაკლდა, ის არის, რომ შემსრულებლები არ ჰყვებოდნენ თითოეული სიმღერის შინაარსს. ასე უფრო მეტს გავიგებდით ქართული კულტურის შესახებ“.

„პირველად მოვუსმინე ამ ტიპის მუსიკას. გაოცებული ვარ! პირველ რიგში იმიტომ, რომ ის განსხვავებულია. აქამდე ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა საქართველოს შესახებ“.

„კონცერტზე პირველად ვარ, თუმცა ქართული კულტურის შესახებ ბევრი ვიცი. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას პირველად გურიაში მოვუსმინე, მაგრამ აქ, პრაღაში, მას პირველად ვუსმენ. ეს სიმღერები კარგი გზაა ქართული მენტალიტეტისა და ქართული ხასიათის წარმოსაჩენად. ანსამბლის წევრები ჩეხები არიან და ნამდვილად ბევრს აკეთებენ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის... ძალიან გავერთე. საქართველოსთან ახლოს ვარ და სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ საღამოზე დასწრება“.

ანსამბლ „ჰაერის“ კონცერტი პრაღის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში

ქართული მუსიკის საღამოზე მოვიდნენ ჩეხეთში მცხოვრები ქართველებიც. ერთ-ერთი მათგანია ქეთი ფეიქრიშვილი, რომელმაც ანსამბლს პირველად სრულიად შემთხვევით მოუსმინა:

„დღევანდელი კონცერტი ჩემთვის კიდევ ერთხელ იყო აღმოჩენა. ძალიან ბევრ დ საკმაოდ რთულ ქართულ სიმღერას ასრულებდნენ. ქართველი ვარ და ბევრი მათგანის შესახებ მეც კი არ ვიცოდი. რაც მთავარია, ამდენი ადამიანი შეიკრიბა და მოუსმინა. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქართული სიმღერა და ქართული სიტყვა. ეს ძალიან მაგარია. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“

ამ ორიოდე წლის წინ „ჰაერის“ წევრები პრაღაში შეხვდნენ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მომღერლებს და მათთან ერთად კონცერტიც გამართეს. იმავე 2014 წელს „ჰაერი“ საქართველოსაც ესტუმრა. როგორც შარკა იხსენებს, გუნდისთვის საქართველოში გატარებული ის ათი დღე დაუვიწყარია, რადგან მასა და მის მეგობრებს საშუალება მიეცათ, კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ ქართული კულტურა. მომავალი წელი ჯერ არ დაუგეგმავთ, თუმცა ამ წლის ბოლომდე ჩეხეთის დედაქალაქში კიდევ ერთი კონცერტის გამართვას აპირებენ, შობის დადგომამდე კი „ალილო“ პრაღის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში შეასრულეს.