ჩარლი მასელუაიტი. ნაწილი I

ჩარლი მასსელუაიტი

ცნობილი ამერიკელი ჰარპისტი და ბენდლიდერი ჩარლი მასელუაიტი 1944 წლის 31 იანვარს მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მამამისი გიტარისტი, ხოლო დედა პიანისტი გახლდათ. რაც შეეხება ბიძას, რომელიც ჩოკტოს ტომის ინდიელი ბრძანდებოდა, მას ადამიან-ორკესტრს ეძახდნენ: გიტარაზე, ჰარპსა და დრამზე ერთროულად უკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ქანთრი არტისტები იყვნენ და პატარას გემოვნებაზე დიდ გავლენასაც ახდენდნენ, ჩარლის გული მაინც ბლუზისკენ მიუწევდა. მემფისში ცხოვრებისას სკოლიდან იპარებოდა და ქალაქის გარეუბანში პლანტაციებში მომუშავეთა ე.წ. „შრომის სიმღერებით“ იტკბობდა ბავშვურ სმენას. თუმცა, რასისტული განწყობების გამო, მის ამგვარ მუსიკალურ აღტკინებას არც ოჯახის წევრები იწონებდნენ და არც პედაგოგები. ჰოდა, ჩარლიმაც გამოუსწორებელი მეამბოხის რეპუტაცია მოიპოვა - პროტესტის ნიშნად სახლიდან რამდენიმე კვირით იკარგებოდა და ხან ტყეში, ხანაც სამოქალაქო ომის დროინდელ სასაფლაოზე ათენებდა ღამეებს.

დროთა განმავლობაში ჩარლი მასელუაიტი ისეთ ცნობილ მემფისელ ბლუზმენებს დაუმეგობრდა, როგორებიც იყვნენ: ფერი ლიუისი, უილი შეიდი, გას ქენონი, მილტონ რობი და მრავალი სხვა. მათ საკონცერტო გამოსვლებს აკვირდებოდა და სმენას მინდობილი სწავლობდა გიტარასა თუ ჰარპზე დაკვრის ხელოვნებას. როგორც თავად იხსენებდა, იმ პერიოდში ბლუზი მწარე რეალობისგან გაქცევის საშუალება იყო, ამიტომ ყოველთვის უკვირდა, როცა გამოცდილი არტისტები მას სერიოზულად აღიქვამდნენ და სცენაზე აკომპანემენტისათვის უხმობდნენ ხოლმე.

1962 წელს ჩარლი მასელუაიტი ჩიკაგოში სამსახურის საშოვნელად გაემგზავრა. ფაბრიკა-ქარხნის მუშად ვერ შედგა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბლუზში გაუმართლა. ახალგაზრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჰარპისტი, თვით მადი უოტერსს წარუდგინეს, რომელსაც ისე მოეწონა მისი საშემსრულებლო ხელწერა, რომ რაღაც ხნის მანძილზე საკუთარი ბენდის უცვლელ წევრად აქცია. დამწყები არტისტის მოხელთებას სხვა სახელოვანი ბლუზმენებიც ცდილობდნენ, მაგალითად: ოტის სპენი, ჯეიმს კოტონი, უილი სმითი და მრავალი სხვა., თუმცა, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, პირველი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბიგ ჯო უილიამსთან შედგა, რომელმაც, გიტარაზე ე.წ. სლაიდის ტექნიკით დაკვრის გარდა, ბლუზური ვოკალური მეტყველების საიდუმლოებებიც გაანდო.

60-იანი წლების ჩიკაგოში რევოლუციური მნიშვნელობის მუსიკალური ამბები ხდებოდა. უფრო ზუსტად კი, მისისიპური აკუსტიკური ბლუზის ელექტრიფიცირებულ ჟღერადობაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობდა. ხალხური მუსიკის ურბანიზების საქმეში ისეთი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც იყვნენ: ჰაულინ ვულფი, სონი ბოი უილიამსონი, ოტის სპენი, ლითლ უოლტერი და, რა თქმა უნდა, მადი უოტერსი. მათთან პაექრობა და, შესაბამისად, ველური კონკურენციის პირობებში გადარჩენა ბევრი არტისტისათვის ურთულესი ამოცანა გახლდათ. ჰოდა, ჩარლი მასელუაიტიც იბრძოდა თავის დასამკვიდრებლად - ხან ჩიკაგოს ჩრდილოეთის თეთრ კლუბებში, ხანაც სამხრეთულ შავ სცენაზე მართავდა კონცერტებს. ხშირად მთელი ღამის მანძილზე უხდებოდა მუშაობა - მსმენელის წინაშე რამდენჯერმე გამოდიოდა 45-წუთიანი სეთებითა და 15- წუთიანი შესვენებებით. ჰოდა, ამგვარმა ჯოჯოხეთურმა შრომამ შედეგიც გამოიღო: ხმის ჩამწერმა სტუდია „ვანგარდ რეკორდსმა“ მისი სადებიუტო ალბომი - Stand Back! Here Comes Charlie Musselwhite's Southside Blues Band - გამოსცა, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. მას „ლეგენდარული“ და „ათლწეულის ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზური ალბომი“ უწოდეს.