საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლება და ჩაკეტილი „საზღვარი“

ერგნეთი

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებლები - ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი - ოკუპირებული არცევის სასაფლაოს ტერიტორიაზე ორშაბათს დააკავეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ისინი წუხელ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს, მათ ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 რუბლი გადაიხადეს. ოსურმა მილიციამ დაკავებულები ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. ბოლოთაშვილს, ბაბუნაშვილს და სრესელს შიდა ქართლის პოლიციაში დიდხანს კითხავდნენ. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მათი გათავისუფლების შესახებ მეზობლებმაც გვიან შეიტყვეს.

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლება და ჩაკეტილი „საზღვარი“

აღდგომის მეორე დღეს, როცა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გორში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ამ დაკავებას „ოკუპაციის მახინჯი სახე“ უწოდა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა გაზაფხულზე იზრდება ხოლმე. ეს კი უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას, რელიგიურ დღესასწაულებზე სალოცავებისა და ნათესავების საფლავების მონახულების მცდელობას. გარდა ამისა, მაისში ჯონჯოლის კრეფის სეზონი დაიწყება. ოკუპაციის ხაზთან ახლოს საქართველოს მოქალაქეები ჯონჯოლის საკრეფად მიდიან. მათ სწორედ ამ დროს აკავებენ ხოლმე.

უკვე ცნობილია, რომ დღეიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვარს“ ჩაკეტავს. რაც ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციას უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ იუწყება ოსური მედია, სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით.

ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია 21 აპრილს გაიმართება. ღონისძიებაზე ელიან სტუმრებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან.

„უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.