21 სექტემბერს, 18 საათზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 23 პარტიიდან და 5 საარჩევნო ბლოკიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია 17-მა, ხოლო მერობის კანდიდატის 14-მა სუბიექტმა წარადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი აქტივობა ამ მიმართულებით საარჩევნო კალენდრით გათვალისწინებული ბოლო დღის, 21 სექტემბრის, მეორე ნახევარში განხორციელდა. საარჩევნო კომისიებს პარტიების მიერ წარდგენილი მონაცემების გადასამოწმებლად 2 დღე აქვთ.
Your browser doesn’t support HTML5
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში სიასა და თანდართულ საბუთებში შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად საარჩევნო სუბიექტებს 2 დღის ვადა ეძლევათ. თუ საბუთები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 28 დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისია მას რეგისტრაციაში ატარებს. შესაბამისი პროცედურები ვრცელდება ასევე მაჟორიტარ კანდიდატებსა და მერობის კანდიდატებზე, რომელთა ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის, თანახმად, უკვე რეგისტრირებულია. მთლიანობაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ბოლო დღემდე რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 9 მერობის კანდიდატმა მიმართა, პარტიული სიები კი მხოლოდ 5-მა სუბიექტმა წარადგინა, მაშინ როდესაც საარჩევნო სუბიექტებს ამისთვის 30 დღე ჰქონდათ:
“პირველად 15 სექტემბერს ჩვენ მოგვმართა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, რომელიც უკვე არის რეგისტრირებული. ასევე შემდეგ, 18 და 19 სექტემბერს, მოგვმართეს „ზვიადის გზა-უფლის სახელით“ საარჩევნო სუბიექტმა და ასევე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „მშრომელთა სოციალისტურმა პარტიამ“. გარდა ამისა, ჩვენ 19 სექტემბერს მოგვმართა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ -ეს არის ბლოკი და მათი რეგისტრაცია მიმდინარეობს, ანუ პროცესშია. ასევე 20 სექტემბერს მოგვმართა რესპუბლიკურმა პარტიამ“.
ანა მიქელაძის თანახმად, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებიდან თბილისში 23 პოლიტიკური პარტიაა, ხუთი საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მერობის კანდიდატი ჰყავს წარდგენილი. რეგიონებში მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მთლიანობაში კი, რეგისტრირებულია 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც წარადგინეს როგორც მერობის, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. რეგიონებში, 21 სექტემბრის მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია 300-ზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შესახებ სრული ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც შესაბამის საარჩევნო კომისიებში პარტიული სიების, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების მონაცემთა გადამოწმება დასრულდება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ამბობს, ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რასაც პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად ყველა არჩევნების წინ მიმართავენ და პარტიულ სიებსა და კანდიდატებს საარჩევნო ადმინისტრაციებში ეგრეთ წოდებული დედლაინის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე წარადგენენ:
“პოლიტიკურ პარტიაში თვითონ პროცესები მიმდინარეობს იმგვარად, რომ უნდა გაარკვიონ, ვინ სად იქნება კანდიდატი, რა ნომერი იქნება, რაც არის საკმაოდ რთული პროცესი რეალურად. აქედან გამომდინარე, მაგაში, პრინციპში, გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ბოლო წუთამდე შეიძლება რაღაცა ცვლილებებს ელოდებოდნენ და ზოგმა შეიძლება უარი თქვას, ზოგმა შეიძლება უფრო ძლიერი კანდიდატი წარმოადგინოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი მაგაში, პრინციპში, არაფერი არ არის“.
თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს და პარტიათა პროპორციულ სიებს, მაჟორიტარებსა და მერობის კანდიდატებს გენდერული თანასწორობის ჭრილშიც დააკვირდება:
“ერთი განცხადება, რომლითაც გამოვეხმაურეთ ჩვენ, ეხებოდა კანდიდატების წარდგენას. მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები წარადგინა და სადღაც 61 თუ 62 კანდიდატიდან მხოლოდ 2 იყო ქალი. ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით ეხლა პროპორციულ სიებსაც, თუმცა კვოტა რომ სავალდებულო იყოს, გენდერული ბალანსის დაცვას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მოხდება თუ არა იმ წამახალისებელი ზომის დაცვა, რომელიც დღეს გვაქვს კანონმდებლობით“.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ლაპარაკია იმაზე, რომ პარტიამ ყოველ ათეულში 30 პროცენტი განსხვავებული სქესის კანდიდატები წარადგინოს, რისთვისაც შემდგომ დამატებით ფინანსურ ბონუსს მიიღებს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიონ.