სოფელ ცდოს მოსახლეობა აპროტესტებს სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას. მათ 20 აპრილს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართეს. მოსახლეობა მოითხოვს დროებით შეჩერდეს დარიალ-სტეფანწმინდის გადამცემი ხაზის იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ცდოში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას მიეცეს სასამართლოში სამართლებრივი დავის საშუალება. მათ საპასუხოდ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპრომისი არ იქნება და ცდოს მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობენ.
სოფელი ცდო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, ყაზბეგიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ხეობის მკვიდრი ზაზა წიკლაური ამბობს, რომ დღესდღეობით ცდოში მუდმივად ოთხი-ხუთი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ხეობელები ცდოში დაბრუნებას ცდილობენ. მისი თქმით, გარემონტდა და აშენდა რამდენიმე სახლი და ხალხმა მთაში დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყო. ახლა ზაზა იმაზე წუხს, რომ ის სივრცე და ტერიტორია, სადაც ცდო უნდა განვითარდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო იკეტება. რამდენიმე თვეა ხეობის მკვიდრნი მოითხოვენ დროებით შეჩერდეს დარიალ-სტეფანწმინდის 110 კვტ-იანი გადამცემი ხაზის (220-კვტ-იან გაბარიტებში) იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც სწორედ ცდოში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას მიეცეს სასამართლოში სამართლიანი დავის საშუალება. ზაზა წიკლაურის სიტყვებით, გადამცემი ხაზის მშენებლობა მათ კუთვნილ მამაპაპისეულ მიწებზე მიმდინარეობს. ვითარება გამწვავდა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ სამშენებლო ტექნიკა ალყაში მოაქცია, ამ აქციას კი ზაზა წიკლაურის დაკავება მოჰყვა. მისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაწესების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლო 22 აპრილს იმსჯელებს, მანამდე კი ზაზა წიკლაური რადიო თავისუფლებასთან იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რასაც ცდოს მოსახლეობა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს უყენებს. მისი თქმით, არსებობს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანის ალტერნატიული გზა, რომელიც სოფლიდან მოშორებით მდებარეობს:
„არის თერგის ჭალები, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროთი, სადაც განთავსებულია ტრანსკავკასიური გაზსადენის ორი მილი, სადაც განთავსებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი და ა.შ. ერთი სიტყვით, სივრცე არის საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დაიტიოს კიდევ არაერთი მასიური ნაგებობა. ანუ, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს გადამცემი ხაზი სხვა გზით წავიდეს“.
დარიალიდან ყაზბეგამდე 13-კილომეტრიანი გადამცემი ხაზის, დაახლოებით, ერთკილომეტრიანი ნაწილი, რომელმაც „დარიალჰესის“ სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა უნდა უზრუნველყოს, სწორედ სოფელ ცდოზე გადის. საუბარია ამ ხაზის დამაკავშირებელ ოთხ ბოძზე, რომელიც, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით, პირდაპირ მოსახლეობის კერძო საკუთრებაში დგას. მისივე თქმით, სახელმწიფო აწარმოებს არა ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობას, არამედ უკვე არსებულის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მეტიც, ილია ელოშვილის სიტყვებით, პროექტის მიხედვით, ბოძები კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებიდან გადადის 100 მეტრის მოშორებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, რომელიც თითქმის გამოუყენებელია სოფლის მეურნეობისა თუ სხვა ტიპის სამუშაოებისთვის. ამის სანაცვლოდ კი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სოფელ ცდოში გაიყვანენ წყალს, ააშენებენ ეკლესიასა და ტყეს და გადაიხდიან კომპენსაციას:
„რომ ვეკითხებოდი, ამიხსენით, რა გინდათ-მეთქი, პასუხი იყო ასეთი, რომ საერთოდ მოგვაშორეთ ეს ხაზიო. ანუ ოთხი ბოძის გამო, რომელიც არის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი, მთლიანად უნდა დავშალოთ, გავიაროთ სხვა კორიდორზე, რომელიც უფრო ძვირი ჯდება, სახელმწიფომ დახარჯოს ორი-სამი მილიონი ლარით მეტი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ყველანაირ ახსნას მოკლებული ლოგიკით ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს. არანაირი კომპრომისი არ იქნება. გამორიცხულია. ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით. კომპენსაციები გაიცემა და რასაც შევპირდით მოსახლეობას, შევასრულებთ“.
ზაზა წიკლაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცდოს მოსახლეობა უარს ამბობს კომპენსაციის მიღებაზე და მათი მოთხოვნაა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააუქმოს კომპანიისთვის მიცემული მშენებლობის ნებართვა და ხელისუფლებამ დაიწყოს მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზის შესწავლა.
გარდა ამისა, როგორც ზაზა წიკლაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რამდენიმე კვირის წინ, კომპანიამ კანონით დადგენილი საჯარო განხილვების გვერდის ავლით, მიიღო პროექტის განხორციელების ნებართვა. მათ შორის ის ყურადღებას ამახვილებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, გაცემულიყო ნებართვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის გარეშე. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი თამარ შარაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთმა სახელმწიფო უწყებამ, საქართველოს ელექტრო სისტემამ, მეორე სახელმწიფო უწყებას, გარემოს დაცვის სამინისტროს, მიმართა პროექტის დაჩქარებულ ვადებში განხორციელების თხოვნით. მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია განიხილა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გათავისუფლების საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება პროექტი გათავისუფლებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისგან, ვინაიდან, თამარ შარაშიძის თქმით, დოკუმენტებში დასაბუთებული იყო, რომ ობიექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას:
„თუმცა მშენებელი ვალდებულია, რომ წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: განმარტებითი ბარათი, ტექნოლოგიის პროცესის აღწერა, რისკების ანალიზი, საველე კვლევის ანალიზი, რომელზეც იმსჯელა საბჭომ. გარემოს დაცვის სამინისტრო იღებს გარემოს დაცვის ნაწილში გადაწყვეტილებას, ხოლო მშენებლობის ნაწილში გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ამ შემთხვევაში - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ანუ, ის აზრი არის მცდარი, როდესაც ამბობენ, რომ სამინისტრომ პროექტი ყველაფრისგან გაათავისუფლა“.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამგეობამ 110-კილოვოლტიანი სიმძლავრის ხაზის რეკონსტრუქციის ნებართვა, რომელიც სოფელ ცდოზე 1984 წლიდან გადის, კანონის სრული დაცვით გასცა.
რაც შეეხება ცდოს მოსახლეობის მოთხოვნას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა ალტერნატიული გზით გაიაროს, რათა არ შეფერხდეს სოფელ ცდოს განვითარება და ხელი არ შეუწყოს ამ პროექტმა ისედაც დაცლილი სოფლის გაუკაცრიელებას, ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ მართლაც არსებობს ამგვარი საშიშროება, რადგან, მისი თქმით, ელექტრომაგნიტური ველის ხმაური დისკომფორტს იწვევს და ამ ტერიტორიის განვითარება, შესაძლოა, მართლაც შეფერხდეს, რადგან ადამიანები ამ ხაზთან სიახლოვეში არ დასახლდებიან.