რატომ ჩადის უკრაინელი ლიდერი ვაშინგტონში?

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადება. 18 სექტემბერს, უკრაინელი ლიდერი აშშ-ის კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე წარდგება. იმავე დღეს, თეთრ სახლში, მას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმასპინძლებს.

რა მოლოდინებია პოროშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და რუსეთში? 16 სექტემბერს ვაშინგტონში მდებარე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდმა ამ თემაზე სატელეფონო ხიდი მოაწყო და დაინტერესებულ აუდიტორიასა და მედიას ექსპერტთა მოსაზრებები გააცნო.

იუჯინ რამერი კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორია. ის ფიქრობს, რომ დიდია ვიზიტის სიმბოლური მნიშვნელობა, თუმცა ხელშესახებ შედეგებს არ ელის.

იუჯინ რამერი: „ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან. პრეზიდენტ პოროშენკოს კონკრეტული მიზნები აქვს, რომელთაგან ორს გამოვყოფდი. მას, პირველ რიგში, სურს [ყველას] აჩვენოს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. კონგრესში გამოსვლა და თეთრ სახლში ვიზიტი პოროშენკოს ამის თქმის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში არა ერთი ადამიანი მხარს უჭერს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას, ვფიქრობ, პრეზიდენტ პოროშენკოს ამ ტიპის დახმარების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა მეტი ეკონომიკური დახმარების მიღება ამერიკიდან. უკრაინაში რთული ვითარებაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წელს უკრაინის ეკონომიკა 6-7 პროცენტით შეიკვეცება, ინფლაცია 20 პროცენტს მიაღწევს, მაღალია უმუშევრობის დონე. ქვეყანას ომი ძვირად დაუჯდა, და ასევე ძვირი იქნება რეკონსტრუქცია. ჯერჯერობით, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროპა დამატებითი თანხების მობილიზების სურვილს არ აჩვენებს.“

ბალაშ იარაბიკი კარნეგის ფონდის მოწვეული ექსპერტია. კითხვებზე, დაეხმარება თუ არა პოროშენოს ვიზიტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რას წარმოადგენს სამშაბათს, უკრაინის რადას მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი, იარაბიკი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, ის ძალიან მყიფეა. ორშაბათს, ღამით, დონეცკის აეროპორტის დაბომბვა გაგრძელდა. ამ ტერიტორიას ახლა უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. გარდაიცვალა სამი ჯარისკაცი. კარგია, რომ მარიუპოლზე თავდასხმა აღარ მიმდინარეობს და მის გარშემო აღარც შეტაკებები ხდება.

რაც შეეხება უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს, მისი ძალით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია თხუთმეტი თვით გადაიდება. ამ კანონშივეა შესული სამშვიდობო გეგმის უმთავრესი კომპონენტები. პრემიერმა არსენი იაცენიუკმა გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზნებია: 1. ფინანსური დახმარების მიღება; 2. უკრაინის, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პარტნიორის სტატუსის მინიჭება; 3. ტექნიკური დახმარების მიღება უკრაინაში რეფორმების გასატარებლად; 4. ტექნიკური დახმარება უკრაინელი სამხედროებისთვის; 5. ზეწოლა რუსეთზე. იაცენიუკმა დაადასტურა, რომ საუბარი არ იქნება იარაღის მოთხოვნაზე.

დიმიტრი ტრენინი კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის ექსპერტია. კითხვაზე, თუ როგორ ხვდებიან პოროშენკოს ვაშინგტონში ვიზიტს რუსეთში, ტრენინის თქმით, მთლიანობაში რუსეთის განწყობა ისეთია, რომ "პოროშენკომ პრეზიდენტ პუტინს უკვე აუსრულა ბევრი დანაპირები: გადაავადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და გამოცხადდა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები გაზის საკითხზე სექტემბრის ბოლოს განახლდება. ვითარება, რა თქმა უნდა, რთულია - მათ შორის, რუსეთშიც. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ სანქციები გაუქმდება, თუმცა იმის რწმენაც არსებობს, რომ რუსეთმა სანქციებს უნდა გაუძლოს. პუტინის პოპულარობა კვლავ დიდია და სანქციების გამო მოსახლეობის მხრიდან ის ვერავითარ ზეწოლას ვერ გრძნობს. შესაძლოა, შეშფოთებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მათი რიცხვი მნიშვნელოვანი არ არის და ისინი ძირითადად საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან.

გასულ კვირას რუსეთში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. პუტინის პარტიამ, „ედიანაია როსიამ“ იმაზე მეტი ხმები მოაგროვა, ვიდრე ეგონათ, რაც გვარწმუნებს, რომ პუტინს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს."