C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოყოფილ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში ამას ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

„პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით - „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მთავარ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე“ 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.

„2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა“.

ასევე ნახეთ ზურაბ ჭიაბერაშვილი სერგეენკოს C ჰეპატიტის პროგრამის რიცხვებით მანიპულაციაში ადანაშაულებს

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით.

ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობისა და უნიკალურობის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ილაპარაკა გასული წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც და განაცხადა, რომ იგი საქართველოში წარმატებით ხორციელდება: „საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა“.

ასევე ნახეთ C ჰეპატიტის ელიმინაცია - გამოსავლენია 100 ათასამდე ინფიცირებული

პორტალ „ფაქტჩეკის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მილიონ ადამიანს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი).

დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს, განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა.

27.5 ათასზე მეტი ადამიანია ისეთი, ვინც სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიური C ჰეპატიტი.

16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიური C ჰეპატიტი, საჭიროებენ და არ მიუმართავთ მკურნალობისთვის.

12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდა SVR ტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს:

  • C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას;
  • ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას;
  • ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას;
  • საბოლოოდ, C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%-მდე უნდა შემცირდეს.

„ფაქტჩეკის“ ინფორმაციით, 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს.