ბზის მასობრივი ხმობა და ერთობლივი ბრძოლა მავნებლებთან

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

კოლხური ბზის გადასარჩენად სამეგრელოში შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბზა სპეციალური პრეპარატებით უკვე არაერთხელ შეიწამლა, სპეციალისტებს უჭირთ თქმა, რამდენად შეამცირებს ზიანს უკვე ჩატარებული ღონისძიებები.

სოკოვანმა დაავადებამ, რომელიც „ბზის სიდამწვრის“ სახელითაა ცნობილი, და მავნებელმა მწერმა ალურამ 2010 წლიდან დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი სიტუაცია შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

ბზის ნაწილი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებულ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.

მცენარის გადასარჩენად შეწამვლის და გასხვლის სამუშაოები ჯერ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაატარა საკუთარი ინიციატივით, შემდეგ უკვე კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა განმეორებით და მომავალშიც გაგრძელდება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

როგორც ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე აცხადებს, გარკვეული შედეგი უკვე არის, თუმცა არის ასევე ზარალიც:

„ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბზის გარკვეული ნაწილის გახმობა, იმიტომ რომ ზოგი მეტად არის დაზიანებული, ზოგი ნაკლებად. გადარჩენის გარანტიას არც ერთი მედიკამენტი, არც ერთი პროფილაქტიკური ღონისძიება არ იძლევა. ყოველი ინკუბაციის დროს სჭირდება აგრესიული ქმედება ბიოლოგიური პრეპარატის საშუალებით“.

გარდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა, ბზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული სამეგრელოს ტყეებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ჩართულობით შეიქმნა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის დღის წესრიგშიც დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის, გადარჩენა. პროგრამაში ჩართულ კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლის, მაია კოდუას, განცხადებით, სამეგრელოში ეს პრობლემა შეეხო ყველა მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით კი მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს და კოლხეთის სატყეო უბანს.

„აუცილებელია მრავალჯერადი შეწამვლა, რადგან ეს სახეობა წლის განმავლობაში 4-5 თაობას იძლევა. მცენარის მწვანე ნაწილებიდან, ფოთლებიდან და ახალგაზრდა ყლორტებიდან წოვს მცენარის წვენს და მცენარე შიძლება 2-3 დღეში გახმეს“.

ეროვნულ სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოხდა დაავადების იდენტიფიცირება, გატარდა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დამუშავდა დაზიანებული ფართობები. სამეგრელოში ივნისის თვეში სპეციალური ტექნიკისა და პრეპარატების გამოყენებით შეიწამლა დაზიანებული კერები. პროცედურა, საჭიროების მიხედვით, ისევ განმეორდება:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

„სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული ღონისძიება წლის განმავლობაში განხორციელდეს სამჯერ. ამიტომ შემდგომი ორი შესხურება განხორციელდება მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ზაფხულისა და შემოდგომის ჩათვლით“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის მთავარი სპეციალისტი, გიორგი მამადაშვილი.

სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ ახალ პროექტზეც, რომელიც ზუგდიდის სოფელ რუხში 480 კვადრატული მეტრის ფართობზე კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის გაშენებას გულისხმობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორას“ ინიციატივით, საზღვრისპირა სოფელში კოლხური ბზის 100 ათასი ნერგის მოყვანა იგეგმება. ამასთან, პროექტი იმითაც არის საინტერესო, რომ ნერგების ნაწილს, ასევე ბზის გადარჩენის მიზნით, გადასცემენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.

პროექტში ჩართულები არიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN და ეროვნული სატყეო სააგენტო. რუხში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობის გახსნა სექტემბერში იგეგმება.