გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა, - ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, სადაც სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა. ბუნებრივია, რომ, დიდი ალბათობით, ამ ფაქტს მოჰყვება სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა, რაც მომხმარებელზე პირდაპირ აისახება.
სემეკის გუშინდელი გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). ეს ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
Your browser doesn’t support HTML5
სემეკს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" ტარიფები 2000 წლის შემდეგ არ დაუდგენია. 2000 წლიდან დღემდე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" მოქმედი ტარიფები ასეთი იყო: თბოელექტროსადგურებისთვის 1 კუბური მეტრი - 0.900 თეთრი. „ყაზბეგი გაზისთვის" 1 კუბური მეტრი - 0.900 თეთრი, "დუშეთი გაზისთვის" 1 კუბური მეტრი - 1.167 თეთრი, დანარჩენი მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი - 1. 383 თეთრი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ერთადერთი ლიცენზირებული საოპერატორო კომპანიაა, რომელიც მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან (აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები და რუსეთი) საქართველოს მომხმარებლებისათვის და, ასევე, გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთში.
რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, მათი ოდენობა დღეს გაირკვევა - დღეს სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაადგენს.
მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება, თუმცა ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ამ გავლენის მასშტაბზე. ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია. სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია, თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში, დაახლოებით, 5 %-ის ფარგლებშია.
ცხადია, თუ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასი გაიზარდა, ეს აუცილებლად აისახება მთლიანად საქართველოს სამომხმარებლო ფასებზე, მათ შორის - საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასებზე.