31 აგვისტო საქართველოში ქართველ მშვიდობისმყოფელთა დღედ გამოცხადდა – 17 წლის წინათ სწორედ ამ დღეს ჩაერთნენ ქართველი სამხედროები პირველ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ დაწესებული ახალი დღესასწაული ეძღვნება ყველა სამხედროს, რომელმაც – ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად – ღირსეული წვლილი შეიტანა გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის, რომელსაც 30-ზე მეტი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. ხშირად ისმის სამადლობელი სიტყვები ნატოსა თუ ევროკავშირის მხრიდან. ექსპერტები ლაპარაკობენ ქართველ მშვიდობისმყოფელთა მაღალ პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტზე.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. სხვადასხვა დროს ქართველი სამხედროები სხვადასხვა მასშტაბით იყვნენ ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქართული სამხედრო კონტინგენტი ჩართულია მხოლოდ ორ სამშვიდობო მისიაში: ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) 868 ქართველი სამხედროა წარმოდგენილი, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სამხედრო წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სამწუხარო სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ფარგლებში 31 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
ქართველი სამხედროების საგანგებო როლსა და ავტორიტეტს 31 აგვისტოს არაერთხელ გაუსვა ხაზი თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ, მშვიდობისმყოფელთა დღის დაწესების ინიციატორმა, რომელიც ახლახან იმყოფებოდა ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მოსანახულებლად:
„მე ახლახან ჩამოვედი ავღანეთიდან, სადაც ვნახე მათი პროფესიონალიზმი, მათი საერთაშორისო აღიარება. საქართველოში თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი ასრულებენ ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციას. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება, მათი დიდი პროფესიონალიზმის აღიარება. ეს მე, როგორც ამ ბიჭების ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს, მახარებს და მეამაყება. ალბათ, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან საამაყოა“.
ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმზე, სიმამაცესა და გამტანობაზე 31 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს სათანადო დაფასება ესაჭიროება და რომ სწორედ ამისათვის იყო საჭირო მშვიდობისმყოფელთა დღის დაწესება. ახლად დაარსებული დღის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პროცესის პიონერებს – სამხედროებს, რომლებიც 17 წლის წინ საქართველოს სახელით გაემგზავრნენ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს არაერთი გულითადი მადლობა მოუსმენია როგორც ევროკავშირისგან, ასევე ნატოსგან. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლას ნიშნავს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღება მახვილდება, მაგალითად, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე:
ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცებს სჭირდებათ აგრეთვე კარიერული ზრდა და ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი მისიები, როდესაც რეალურ საბრძოლო პირობებში უხდებათ სამხედრო დავალებების შესრულება, მათი კარიერული ზრდისთვის...თემურ ჩაჩანიძე
„აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ნატოს წესდების მე-10 მუხლი, სადაც საუბარია გაფართოებაზე – მითითებულია, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ნატოს წევრი, თუ აღნიშნული სახელმწიფო გამოხატავს თავის მზადყოფნას, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში. ამიტომაც, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველო პირნათლად ასრულებს როლსა და მისიას, ნატოს წესდების მე-10 მუხლის შესაბამისად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“.
საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი თემურ ჩაჩანიძეც. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, საბრძოლო გამოცდილების ამაღლება, საქართველოს სახელმწიფოს გარდა, სარგებელს თავად სამხედრო მოსამსახურეებსაც მოუტანს:
„სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საბრძოლო გამოცდილების მიღებისთვის. აქ არის კიდევ თავსებადობის ელემენტები – თუ როგორ იმოქმედებ კონკრეტულ ვითარებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, კავშირი როგორი იქნება, როგორ დამუშავდება ოპერაციის ელემენტები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცებს სჭირდებათ აგრეთვე კარიერული ზრდა და ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი მისიები, როდესაც რეალურ საბრძოლო პირობებში უხდებათ სამხედრო დავალებების შესრულება, მათი კარიერული ზრდისთვის“.
თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო სფეროს სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ხაზგასმით ლაპარაკობს ქართველი სამხედროების საგანგებო ავტორიტეტზე საერთაშორისო მისიების ფარგლებში. ანალიტიკოსის თქმით, ამ საგანგებო ავტორიტეტს განაპირობებს ყველაზე სახიფათო სამხედრო დავალებების შესრულება, რადგანაც საგანგებო სიმამაცე საგანგებო პატივისცემას იწვევს.