British Petroleum-ს ყოფილი თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ნავთობისა და გაზის დარგობრივმა პროფკავშირმა საკუთარი წევრის, ვახტანგ პირმისაშვილის, მხარადასაჭერადსახალხო დამცველის ოფისთან ტრანსპარანტები გამოფინა.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ნავთობისა და გაზის კომპანია (BP) ყოფილ თანამშრომელს, მშენებლობის მენეჯერ ვახტანგ პირმისაშვილს, დისკრიმინაციულად მოექცა და სახალხო დამცველს ამ შემთხვევის დროულ და ობიექტურ შეფასებას სთხოვს.

ვახტანგ პირმისაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს "BP"-მ მისივე თანამშრომლების მიერ შექმნილ პროფორგანიზაცია “Pipline Union”-ში საქმიანობის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლა და მშენებლობის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ პოზიციაზე ხელახლა აღარ დანიშნა.

„კომპანია ამბობს, რომ გასაუბრების შედეგებით სხვა ადამიანმა მაჯობა, თუმცა ამ ადამიანს კონკურსში მონაწილეობის უფლებაც არ ჰქონდა. მას არ ჰქონდა მენჯერული გამოცდილება, რაც "BP"-ს მთავარი მოთხოვნაა“, - ამბობს ვახტანგ პირმისაშვილი.

იგი "BP"-ს სასამართლოში ედავება, თუმცა დახმარებას სთხოვს სახალხო დამცველსაც. სასამართლო სამსახურიდან დათხოვნის საკითხს განიხილავს და არა კონკურსის პირობებში გამოკვეთილ დისკრიმინაციასო, განმარტავს ვახტანგ პირმისაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატშიწინასწარ შეფასებებს არ აკეთებენ.

„ორივე მხარისგან მიღებულია ინფორმაცია. გაიმართა ზეპირი მოსმენაც. განმცხადებელთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მას აქვს ინფორმაცია საქმის წარმოების ამ დროისათვის არსებულ შედეგებზე“, - ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

"BP"-ს ბაზაზე​ პროფორგანიზაცია “Pipline Union”-ი 2015 წლის 24 ნოემბერს შეიქმნა. ნავთობისა და გაზის დარგობრივ პროფკავშირში ამბობენ, რომ BP პროფესიული კავშირის საქმიანობაში ჩაერია და საბოლოოდ დაშალა.

ნავთობისა და გაზის კომპანია „British Petroleum“-ი საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს.

„სახალხო დამცველის აპარატსა და სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები და დოკუმენტები წარდგენილი გვაქვს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული ორგანოები დაადასტურებენ კომპანიის პოზიციის მართებულობას“, - აცხადებენ "BP"-ში და ამბობენ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია ვახტანგ პირმისაშვილის განცხადება, რომ ის პროფკავშირის წევრობის გამო კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე სახალხო დამცველთან შესული განცხადებების დაახლოებით 30 % კერძო სექტორში მომხდარ შემთხვევებს ეხება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კერძო სექტორში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად შრომით ურთიერთობებს უკავშირდება.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, რომ ხშირად კერძო ორგანიზაციები თუ კომპანიები არ თანამშრომლობენ სახალხო დამცველთან და ძნელია მათგან ინფორმაციის მიღება. მას პრობლემის აღმოფხვრის გზად მიაჩნია სახალხო დამცველის მანდატის გაზრდა, რასაც „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს.

დღეს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი განიხილა, თუმცა კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა.

კანონპროექტის მიხედვით:

  • კერძო სექტორი ვალდებული იქნება, საქმის წარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველს მიაწოდოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია.
  • თუ ვარაუდი, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, საკმარისი აღმოჩნდა, სახალხო დამცველს მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეეძლება სასამართლოს მიმართოს და რეკომენდაციის აღსრულება მოითხოვოს.