ბრენფორდ მარსალისი

მოგეხსენებათ, რომ ხშირად შვილები სახელოვანი მშობლების პროფესიულ კვალს მიჰყვებიან და მათ მიერ წამოწყებულ საქმეს აგრძელებენ. გამონაკლისი არც მუსიკალური სამყაროა, სადაც უამრავი არტისტი მოიძებნება, დედ-მამამ ბავშვობაშივე რომ „მოწამლა“ ხელოვნების ამ ფორმის სიყვარულით და წინასწარ განუსაზღვრა მომავალი. ჰოდა, დღევანდელ სიუჟეტშიც ასეთ „ინფიცირებულზე“ მოგახსენებთ, რომელსაც ჯაზური სენი, სამ ძმასთან ერთად, მამის წყალობით შეეყარა. თანამედროვეობის ერთ-ერთ ჩინებულ საქსოფონისტს, ბრენფორდ მარსალისს, ვგულისხმობ. 26 აგვისტოს მას 54 წელი შეუსრულდა.

მარსალისების ოჯახური ჯაზური კლანის - გნებავთ, დინასტიის - სათავეში პიანისტი ელის მარსალისი მოიაზრება. 80 წლის მოხუცის სვინგური ჯადოქრობის ხილვა დღესაც კი შესაძლებელია ახალი ორლეანის კლუბებში. მან შვილებს საუცხოო მუსიკალური განათლება მისცა: ჯეისონი - დრამერად, დელფიო - ჩინებულ ტრომბონისტად, ბრენფორდი - საქსოფონისტად გამოზარდა, ხოლო მესაყვირე უინტონი ისე შორს წავიდა, რომ ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ მუსიკალური პროგრამებისა და ჯაზ-ორკესტრის თავკაცი, პედაგოგი, ჯაზის ისტორიის უბადლო მცოდნე, „პულიცერის“ პრემიის ლაურეატი და 9 „გრემის“ მფლობელი გახდა. „ამერიკული ჯაზის მინისტრად“ წოდებული მესაყვირის შესახებ ადრეც მქონდა საუბარი, ამიტომ კვლავ იუბილარს დავუბრუნდები.

ბრენფორდის პროფესიული დებიუტი დიდ სცენაზე 1980 წელს გაიმართა. ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილმა, ბოსტონის ბერკლის კოლეჯის სტუდენტმა, დრამერ არტ ბლეიკის ბენდთან ერთად მოიარა ევროპა, ალტ და ბარიტონ-საქსოფონზე უკრავდა. შემდეგ მესაყვირე ძმას შეეკრა და ტენორსაც გაუსინჯა გემო. მათი თანამშრომლობა 4 წელს გაგრძელდა, რომლის მანძილზეც გამოცდილებას აგროვებდა და საშემსრულებლო ტექნიკას ხვეწდა. სოლო კარიერა კი, 1984 წელს წამოიწყო. ხმის ჩამწერ სტუდია „Columbia Records“-ში სადებიუტო ალბომი „Scenes in the City“ გამოსცა, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბრენფორდმა, ჩარლი მინგუსისა და მარკუს მილერის თემების იმპროვიზირების გარდა, მსმენელს თავი კომპოზიტორის ამპლუაშიც წარუდგინა და 3 თხზულება შესთავაზა.

ბრენფორდ მარსალისის სადებიუტო ნამუშევარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მისი ჯაზური საშემსრულებლო ხელწერით არაერთი სახელოვანი არტისტი დაინტერესდა. ჰერბი ჰენკოკმა, მაილს დევისმა, დიზი გილესპიმ, სონი როლინსმა საკუთარ პროექტებში დაასაქმეს, თუმცა, რაც უნდ გასაკვირი იყოს, ფართო მსმენელის ყურადღება გორდონ სამნერის - იმავე სტინგის - ანსამბლში მოღვაწეობით მოიპოვა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ბრიტანული ჯგუფი „Police“-დან წამოსულიყო და, როგორც ყოფილ ჯაზ-კონტრაბასისტს, ირგვლივ თავისი ჭკუისანი შემოეკრიბა: პიანისტი კენი კერკლენდი, დრამერი ომარ ჰაკიმი და ბასისტი დერილ ჯონსი. ბრენფორდის მონაწილეობით ჩაწერილი ალბომი „The Dream of the Blue Turtles“, გარდა მუსიკალური ღირებულებისა, კომერციულად წარმატებულიც გამოდგა - 80-იან წლებში ეს იყო ერთ-ერთი ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე კარგად იყიდებოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტინგის ცნობილი სიმღერა, ინგლისელის ნიუ-იორკული ყოფის შესახებ. კრიტიკოსების აზრით, თხზულების არნახული წარმატება სწორედ ბრენფორდის ალტ-საქსოფონის ლირიზმითა და მელანქოლიით სავსე ულამაზესმა იმპროვიზაციულმა მეტყველებამ განაპირობა.

ბრენფორდ მარსალისი სტინგის კიდევ 3 ალბომში გამოჩნდა, თუმცა 1986 წელს საკუთარი კვარტეტი ჩამოაყალიბა, სადაც პიანისტი ჯოუი კალდერაცო, ბასისტი ერიკ რევისი და დრამერი ჯეფ უოტსი მიიწვია. მარსალისი დღესაც ამ ფორმატით მოღვაწეობს. კვარტეტის არსებობის 28 წლის მანძილზე მან ბუნებითა და ჟანრობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული 12 სტუდიური ალბომი გამოსცა. დისკებზე თავმოყრილ მასალაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრეატიული, ინტელექტუალური, თანამედროვე ჯაზური მეინსტრიმის კლასიკური ნიმუშია, სადაც ტრადიციული ჯაზის პატივისცემაც იგრძნობა და არც ნოვაციური ავანგარდული ექსპერიმენტების ნაკლებობაა.