დავა თაბორის ქედისთვის

ბოტანიკური ბაღი

თბილისის საკრებულომ თაბორის მთის განაშენიანების გეგმის პროექტი 1 ნოემბერს უმრავლესობით დაამტკიცა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიმდინარე წლის 28 ნოემბრამდე უნდა გასცეს დასკვნა, რასაც კონკრეტული სამშენებლო ნებართვების გაცემა მოჰყვება. გეგმარებითი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე აშენდება სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი და მოეწყობა სარეკრეაციო ზონა. ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება თბილისის საკრებულოში ხმაურის ფონზე წარიმართა, პროექტის დამტკიცებას უკმაყოფილება მოჰყვა გარემოს დამცველებშიც. მშენებლობის შეჩერების მიზნით, ისინი სამოქალაქო აქტივიზმის ტალღის აგორებასა და პარალელურ რეჟიმში სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

Your browser doesn’t support HTML5

დავა თაბორის ქედისთვის

სამოქალაქო აქტივისტი, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ერთ-ერთია, ვინც ფიქრობს, რომ თაბორის მთის განაშენიანების გეგმის პროექტის დამტკიცება და, შესაბამისად, ამ გზით თაბორის მთის მოსალოდნელი განაშენიანების კანონიერ ფარგლებში მოქცევა არის სამწუხარო რეალობა, რომელთან დაპირისპირებაც, სირთულის მიუხედავად, მაინც საჭიროა. იგი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მან და მისმა თანამოაზარეებმა ბევრი დრო დაკარგეს, თუმცა ბრძოლას აზრი აქვს და ამიტომ მოხალისეებმა სამოქალაქო მოძრაობებში არსებული ქაოსი უნდა დაძლიონ, პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ, საერთო ენა გამონახონ და მიზნისთვის გაერთიანდნენ. მიზანი კი, ნატა ფერაძის თქმით, თბილისის მხოლოდ მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვა არ არის:

ნატა ფერაძე

„მწვანე საფარი მანდ, მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მეორე ან მესამე პრობლემაა. პირველი ჩემთვის, ჩვენთვის, მოძრაობისთვის არის, რომ ეს იყო საზოგადო სივრცე და ხდება ფეშენებელური სივრცე და აკლდება თბილისს რეალური სარეკრეაციო ზონა იმის მიუხედავად, თუ რომელი ზონა აქვს მინიჭებული ამჟამად მას გენ-გეგმის რუკაზე. ნამდვილად, ეს არის სწორად დაგეგმილი თავის დროზე, რაც ამარაგებს ქალაქს ჟანგბადით, განტვირთავს ქალაქს, ვიზუალურად და ასე შემდეგ. ამ სივრცეების ასე ერთი ადამიანის ფლობაში და თუნდაც ხუთი ადამიანის ფლობაში ყოფნა არის ქალაქისთვის დამღუპველი. ეს არის არასწორი ქალაქგეგმარებითად, არასწორი ეკოლოგიურად, არასწორი ვიზუალურად, არასწორი მორალურად, ეთიკურად, ანუ არც ერთი კუთხით არა აქვს ამას გამართლება ჩვენი თვალთახედვით“.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთაზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განაშენიანების პროექტს „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთა მფლობელები, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები – „ფინსერვისი 21” და „თაბორი რეზორთსი“ არიან. როგორც „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი დირექტორი, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, ცოტნე ებრალიძე აცხადებს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის:

„ეს არის უპრეცედენტოდ მწვანე პროექტი, თბილისის მასშტაბით, იმიტომ რომ, მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტიპის პროექტი თბილისში გაკეთებული არ მახსენდება. ეს არის 40 ჰექტარი სარეკრეაციო ტერიტორია, სადაც განთავსდება გოლფის მოედანი, განთავსდება სასეირნო ბილიკები, სპორტული მოედნები და, რაც მთავარია, ეს ტერიტორია იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისათვის“.

„თანაინვესტირების ფონდის“ მიერ ქალაქის „ახალ ფილტვებად“ წოდებული კომპლექსი, გეგმის თანახმად, მოიცავს ასევე ხელოვნურ ტბას და 80-ნომრიან სასტუმროს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 60 მილიონი ამერიკული დოლარია. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.

„ქალაქს ექნება უპრეცედენტოდ დიდი, მასშტაბური სარეკრეაციო ზონა. აღნიშნული პროექტი კომისიაზე ჩვენთან ძალიან დეტალურად იქნა განხილული, თითოეულმა ჩვენთაგანმა, უმრავლესობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მხარი იქნა ჩვენგან დაჭერილი და არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ქალაქისთვის“.

აღნიშნავს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე. თბილისის საკრებულომ პროექტი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ 24 ხმით დაამტკიცა 5-ის წინააღმდეგ. პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ყველა ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი დაუბრკოლებლად განხორციელდეს, ძნელი წარმოსადგენია, რამემ შეაფერხოს იგი. რაც შეეხება ამ პროექტში მისთვის ყველაზე მწვავე პრობლემებს:

„8000 ხეს მოჭრიან თაბორის ქედზე. იმიტომ, რომ გოლფის მოედნები გაკეთდეს და იმისთვის, რომ სასტუმრო აშენდეს. გოლფს ახლა ტყეში ვერ თამაშობენ, ამას მოედნები და სივრცე სჭირდება და ეს ხეები ხელს უშლის. აი, ამაშია საქმე. საქმე იმაშიც არის, რომ ეს საკუთრება იყო მუნიციპალური, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველასი იყო და გახდა ახლა ერთი ადამიანის, რომელიც როდის შემოავლებს ამ ტერიტორიას ღობეს, არავინ არ იცის. ჰოდა, ახლა მთელი მთავრობა, საკრებულო, მერია, ყველა არის მონდომებული, რომ დაუბრკოლებლად გავიდეს რიხინ-რიხინით ეს პროექტი და ეს არის ძალიან დასანანი, რომ ერთი კაცის გემოვნებით და ხუშტურით კეთდება ყველაფერი“ – აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.

პანორამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ორი სასამართლო დავა, ორი სარჩელია შეტანილი. და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანებასაც შევეცდებით, რომ სამართლებრივ ჭრილში გადავიტანოთ...
ცირა ელისაშვილი

თაბორის მთაზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ინფორმაციის თანახმად, 11 669 ხეა აღწერილი – მათგან ჯანსაღი მხოლოდ 3500-ია. ხეები დანომრილია, თუმცა რომელი მოიჭრება, კვლევის საფუძველზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ფონდში ირწმუნებიან, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად, ორჯერ მეტი ნერგი დაირგვება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, რომ თაბორის ქედზე ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული დენდროლოგიური პროექტი კი მომზადების სტადიაზეა.

შეიძლება ითქვას, რომ მომზადების სტადიაზეა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის უკანონობის თაობაზე სამართლებრივი დავის წამოწყების საკითხიც. ამ მხრივ, როგორც „თბილისის ჰამქრის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი გვეუბნება, „პანორამა-თბილისისა“ და ბოტანიკური ბაღის განაშენიანების პროექტებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთ კონტექსტში განიხილავენ, თუმცა ამ უკანასკნელზე არც დამოუკიდებელი სამართლებრივი დავის დაწყებას გამორიცხავენ:

„პანორამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ორი სასამართლო დავა, ორი სარჩელია შეტანილი. და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანებასაც შევეცდებით, რომ სამართლებრივ ჭრილში გადავიტანოთ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ მუხლს, რომელ მუხლსაც მე ვუთითებ – მიუხედავად იმისა, რა სტატუსს მიანიჭებს საკრებულო თავისი გადაწყვეტილებით ისტორიულ-ლანდშაფტურ ზონას, კანონში წერია, რომ ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ისტორიულად განაშენიანებული, არ უნდა განაშენიანდეს“.

თუმცა, ცირა ელისაშვილი აქვე განმარტავს, რომ კანონში „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ არის დათქმაც, რომლის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი ტერიტორიების განაშენიანებაც დასაშვებია. ჯერჯერობით, სამოქალაქო აქტივისტებს არ უნახავთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ამ ტერიტორიის განაშენიანება სასარგებლო იქნებოდა ქალაქისთვის. დასკვნა არ არსებობს, შესაბამისად, ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის დარღვევა სახეზეა. თუმცა, მისივე თქმით, დავის სამართლებრივ ჭრილში გადატანას ყველა სათანადო ინფორმაციის გამოწვევა სჭირდება.