„იზვესტიამ“ ქართულ კვალს ბოსტონის ტერაქტშიც „მიაგნო“

აფეთქებები ბოსტონის მარათონის დროს

რუსული გამოცემა „იზვესტია“ ამტკიცებს, რომ მას მოეპოვება ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტამერლან ცარნაევი, ბოსტონის ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საქართველოშია ნამყოფი და 2012 წელს „კავკასიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ სემინარებშიც იღებდა მონაწილეობას. აჟიოტაჟი კიდევ უფრო გააღვივა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულმა ცნობამ, თითქოს მოკლული ტამერლან ცარნაევი საქართველოს პასპორტსაც ფლობდა.

რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ მას ხელთ ჩაუვარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ტამერლან ცარნაევი 2012 წელს მონაწილეობას ღებულობდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ფონდის“ მიერ მოწყობილ რიგ ღონისძიებებში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის გრიგორი ჭანტურიას მიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილი ანგარიშის თანახმად, 2012 წლის ზაფხულში „კავკასიის ფონდმა“ ფონდ „ჯეიმსთაუნთან“ ერთად ჩაატარა ღონისძიებები და სემინარები კავკასიაში, მათ შორის, მის რუსულ ნაწილში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ზოგიერთ მათგანს ესწრებოდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც რუსეთში 2012 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში იმყოფებოდა“, - წერია გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გრიგორი ჭანტურია - ასეთი თანამშრომელი - შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ირიცხება და ეს სარწმუნო ინფორმაცია არანაირად არ არის. რაც შეეხება ცარნაევს და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ასეთი პიროვნება საქართველოში საერთოდ ნამყოფი არ არის...
ნინო გიორგობიანი
პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, „კავკასიის ფონდი“, რომელიც ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნთან“ თანამშრომლობს, საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა გადაბირებით იყო დაკავებული.

ვინაიდან პოლკოვნიკი გრიგორი ჭანტურია და მისი ანგარიში სტატიაში რამდენჯერმე ფიგურირებს, ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შევეცადეთ გაგვერკვია ოფიცრის ვინაობა. ნინო გიორგობიანმა, სამინისტროს თანამშრომელმა, კატეგორიულად უარყო „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია:

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გრიგორი ჭანტურია - ასეთი თანამშრომელი - შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ირიცხება და ეს სარწმუნო ინფორმაცია არანაირად არ არის. რაც შეეხება ცარნაევს და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ასეთი პიროვნება საქართველოში საერთოდ ნამყოფი არ არის“.

მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იმ ცნობასთან, რომელიც საქართველოს ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელ მამუკა არეშიძეზე დაყრდნობით.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ცარნაევი ფლობდა ქართულ პასპორტს, თუმცა ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის დაზუსტება არ შემიძლია“, - მოჰყავს მამუკა არეშიძის სიტყვები საინტერნეტო გამოცემა „გრუზია ონლაინს“. თუმცა, როგორც მამუკა არეშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა მისი სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს.

მამუკა არეშიძე


„არა, კაცო, ტყუილია ეგ ამბავი. მაგათ რაც აწყობთ, იმას წერენ! მე სიტყვასიტყვით ვთქვი ასეთი რამე: საზოგადოებაში გავრცელდა ასეთი ყრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ უფროს ძმას ჰქონდა ქართული პასპორტი, რამდენად მართალია, ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს მამუკა არეშიძე, თუმცა არ გამორიცხვას, რომ ყალბი მოსაწვევის დამზადების მიზნით ვინმემ შეგნებულად გამოიყენა „კავკასიის ფონდის“ სახელი.

„ის რომ აქ კავკასიელი ახალგაზრდები - განსაკუთრებით ჩეჩნები - იყვნენ დიდი რაოდენობით მარტიდან ვიდრე აგვისტომდე და წვრთნასაც გადიოდნენ, ეს ხომ ყველამ ისედაც ვიცითო“
, - აცხადებს მამუკა არეშიძე.