ბოშები აქ არიან

ბოშათა თემი საქართველოში პირველად ორი საუკუნის წინ გამოჩნდა, თუმცა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური ჯგუფია, რომლის შესახებ არაერთი ლეგენდაა შექმნილი, ბოშების ეშინიათ.

სამართლებრივი მხარე - დოკუმენტების მოუწესრიგებლობა ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის ბოშებს. ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ხშირად ბოშა ქალები სახლში მშობიარობენ.

დაბალია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა. ბოშები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ან დააყენონ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი პრობლემების მოგვარების საკითხი. ბოშები თვლიან, რომ ისინი ყველა ხელისუფლებისთვის უხილავები არიან.

ბოშების მარგინალიზაციას ხელს უწყობს მათ მიმართ ხალხში გამჯდარი სტერეოტიპებიც.

ბოშებს და დანარჩენ საზოგადოებას შორის ერთგვარი ნაპრალია, რის გამოც ისინი ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას; ცხოვრობენ თავიანთ მიკრო სამყაროში, საკუთარი წესებით, ჩვეულებებით, დღის წესრიგით.

საქართველოში ბოშების რამდენიმე მჭიდრო დასახლება არსებობს. მათგან ყველაზე ხალხმრავალია გაჩიანის, ქუთაისის და ქობულეთის დასახლებები.

გაჩიანელი ბოშები სოფელს ძირითადად სამუშაოდ და მცირე ხნით ტოვებენ ხოლმე. მათთვის თავის რჩენის გზა ძირითადად ვაჭრობასა და მკითხაობაზე გადის.