მიუხედავად ორდღიანი მცდელობისა, ბორჯომის საკრებულომ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ ჩაატარა. თავმჯდომარემ სხდომის დაწყება ჯერ ერთი საათით გადადო, შემდეგ კი გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის გამართვა თვის ბოლომდე აღარ იგეგმება. კვორუმის შესაკრებად, მმართველი პარტიის დეპუტატების გარდა, ბორჯომის საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატის ხმა დააკლდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატების თქმით, ერთი მათგანი სხდომას ჯანმრთელობის გაუარესების, ხოლო მეორე ოჯახური და სამსახურებრივი პირობების გამო ვერ დაესწრო.
საბოტაჟი რომ გვდომოდა, არ მივიღებდით 2018 წლის ბიუჯეტს. სხვა საკითხებიც მივიღეთ, რომელიც ბორჯომის ინტერესებს ესაჭიროებოდა. სხდომაზე საკუთარი ხელფასების გაზრდა უნდათ და ჩვენ გვინდა საბოტაჟი?...გიორგი გოგიჩაიშვილი
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური ფრაქციები საკრებულოს სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრებიან. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას, აზრით, საკრებულოს სხდომები სპეციალურად იშლება, რაშიც იგი საბოტაჟის ნიშნებს ხედავს.
"ოთხი სხდომა გადაიდო და არჩატარებულ სხდომებში იღებენ ხელფასს, თუმცა მათი საბოტაჟის გამო მერიის თანამშრომლები რჩებიან უხელფასოდ. რეალურად ეს ადამიანები საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს“, – აცხადებს კვირკველია.
საკრებულოს სხდომა თავდაპირველად 31 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა, პირველი თებერვლის მსგავსად, კვორუმი არც მაშინ შედგა და სხდომა ჩაიშალა. მომდევნო სხდომა, სავარაუდოდ, 28 თებერვალს ჩაინიშნება, რომელზეც 20 საკითხია განსახილველი, მათ შორის - საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დამტკიცების შესახებ. ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ, მომავალ სხდომაზე დასწრებას აპირებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილისთვის გაუგებარია, ვის შეიძლება უცხადებდნენ "ქართული ოცნების“ დეპუტატები ბოიკოტს.
"საბოტაჟი რომ გვდომოდა, არ მივიღებდით 2018 წლის ბიუჯეტს. სხვა საკითხებიც მივიღეთ, რომელიც ბორჯომის ინტერესებს ესაჭიროებოდა. სხდომაზე საკუთარი ხელფასების გაზრდა უნდათ და ჩვენ გვინდა საბოტაჟი?“ – კითხულობს გოგიჩაიშვილი.
უნდათ თუ არა, ორივე მხარემ უნდა დაასრულოს პოლიტიკური თამაშები, რადგან ისინი ხალხმა აირჩია და მათი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიურ შედეგს ბორჯომის მოსახლეობა მალე იგრძნობს საკუთარ თავზე...გიორგი ანდღულაძე
იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე სხდომა არ ჩაინიშნა, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა ხელფასების საკითხი 28 თებერვალს გადაწყდება. იანვარში უხელფასოდ დარჩენილი მერიის 72 თანამშრომლისთვის შრომის ანაზღაურების საკითხი კი ისევ გაურკვეველია. არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე, გიორგი ანდღულაძე, იმ შესაძლო შედეგებზე ლაპარაკობს, რომლებიც თვითმმართველობაში შექმნილ ვითარებას შეიძლება მოჰყვეს.
"დღეს ამით მერიის თანამშრომლები ზარალდებიან, ხვალ ბორჯომის მოსახლეობა დაზარალდება. უნდათ თუ არა, ორივე მხარემ უნდა დაასრულოს პოლიტიკური თამაშები, რადგან ისინი ხალხმა აირჩია და მათი ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიურ შედეგს ბორჯომის მოსახლეობა მალე იგრძნობს საკუთარ თავზე“, – აცხადებს გიორგი ანდღულაძე.
„ქართულ ოცნებაში“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, დაესწრებიან თუ არა 28 თებერვლის საკრებულოს სხდომას. არ არის ცნობილი, ასევე, გაიმართება თუ არა დიალოგი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ მმართველ ძალასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.