ბორჯომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია განმეორებით

ბორჯომი

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაციაზე, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. ცენტრის სახურავმა უხვი ნალექი ვერ შეაკავა და წყალი შენობაში ჩამოვიდა. ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძე, რომელიც ობიექტის მშენებლობაზე მუშაობდა, ამბობს, რომ მან მხოლოდ თუნუქი შეცვალა, დაზიანება კი მოძველებულმა კონსტრუქციამ გამოიწვია.ბორჯომის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ბოდიშს უხდის.

Your browser doesn’t support HTML5

ბორჯომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია განმეორებით

ბორჯომის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში მედიასთან აცხადებენ, რომ მშენებლობის დროს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, რის გამოც შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარეს და თანხაც კომპანიას სრულად არ გადაურიცხეს. ზურაბ ქიტიაშვილი ამბობს, რომ ვადის გადაცილების გამო მშენებელი კომპანია დაჯარიმდა.

ზურაბ ქიტიაშვილის თქმით, პროექტი კულტურის სახლმა შეისყიდა, რასაც მათ მხარი დაუჭირეს, შენობისა და სახურავის დიზაინი კი დოდო რიბაკოვამ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაკვეთით დააპროექტა. პროექტის ავტორი ამბობს, რომ იმ თანხით, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეაბილიტაციისთვის იყო განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა. დოდო რიბაკოვას განმარტებით, მისი მიზანი ვიზუალურად ეფექტური დიზაინის შექმნა იყო.

ბორჯომი

დოდო რიბაკოვაც და ზურაბ ქიტიაშვილიც პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში კი იმედოვნებენ, რომ პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება და კულტურის სახლი ახალ წლამდე რეაბილიტირებული იქნება. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა თუ რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული არასაკმარისი თანხის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება თავიდან მოუწევს.