ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ასობით კუბურ მეტრ წიწვოვან ხეებს ჭრიან. საკურორტო ქალაქში ამბობენ, რომ ტყეს ქერქიჭამია ხოჭო ,,ტიპოგრაფი“ შეესია, რის გამოც სანიტარული ჭრების დაწყება გახდა საჭირო. წინასწარ დანომრილი და შერჩეული ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე რამდენიმე ბრიგადა სამი კვირაა მუშაობს, – ამბობს ტყისმცველი ზაალ სტეფნაძე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პროცესი დაგვიანებულია. პრობლემის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს არაერთხელ მიმართეს. 2015 წელს 1 300 კუბური მეტრი დაზიანებული ხე-ტყიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავისი ძალებით გამოიტანა, თუმცა პარაზიტი დიდ ტერიტორიას მოედო და მასთან გამკლავება ადგილობრივი თვითმმართველობის ძალებს აღემატება, -აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე.
დაზიანებული ხეების მოჭრისთვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტენდერი ოთხ კვარტალზე გამოაცხადა. ოთხივე ტენდერი შპს ,,777“-მა მოიგო. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 122 271 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას გამოყოფილ ტყეკაფებში 3 300 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოჭრა, გაქერქვა და ადგილზე დასაწყობება ევალება, – განმარტავს შპს „777“-ის დირექტორი ალეკო გოგოლაძე.
სანიტარულ ჭრებს მონიტორინგს უწევს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ტყეში ბუნებრივი განახლების პროცესი დაწყებულია, თუმცა ამას ასობით წელი სჭირდება.