ბორის ჯონსონი: ბრიტანეთმა შეიძლება პუტინის „კორუმპირებულ“ მოკავშირეებს შეუტიოს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან მდიდარ რუს ინდივიდებს, რომლებიც ქონებას ფლობენ ბრიტანეთში და კავშირები აქვთ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

  • ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთს მიმართეს მოთხოვნით, პასუხი გასცეს დიდი ბრიტანეთის ყველა შეკითხვას ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის შესახებ.
  • ნატოელმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და გამოძიების პროცესში დახმარება შესთავაზეს.
  • გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმაც.

მისი ეს განცხადება მოჰყვა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან გააძევოს 23 რუსი დიპლომატი. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ უკავშირდება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის მოწამვლას. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.

ოფიციალურმა კრემლმა 15 მარტის განცხადებაში „უპასუხისმგებლო“ უწოდა ლონდონის რეაქციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მოსკოვი ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას და ეს მალე მოხდება.

შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომლის თქმითაც, თავდასხმა „რუსეთის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გამოვლენილი უგუნური ქმედებების ტენდენციის“ ნაწილი იყო.

თავის მხრივ, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთს მიმართეს მოთხოვნით, პასუხი გასცეს დიდი ბრიტანეთის ყველა შეკითხვას ყოფილი მზვერავის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის შესახებ. ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმა ცალსახად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და შეთანხმებებს. ნატოელმა მოკავშირეებმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და გამოძიების პროცესში დახმარება შესთავაზეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმაც. მისი შეფასებით, თავდასხმის უკან, დიდი ალბათობით, მოსკოვი დგას. დონალდ ტუსკის განცხადებით, ის მზად არის სკრიპალის მოწამვლის საქმე განიხილონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.

სერგეი სკრიპალი

14 მარტს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა არ დააკმაყოფილა ლონდონის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე, არ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს არა აქვს კავშირი სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთისგან პასუხად მიიღეს მხოლოდ სარკაზმი და აღარ რჩება სხვა დასკვნის შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის უკან დგას რუსეთის სახელმწიფო.