საქართველოს მთავრობის დაგვიანებული რეაქცია „ბორდერიზაციის“ ახალ ეტაპზე

ახალი ღობეები საოკუპაციო ხაზთან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, კოდისა და ჭვრინისის, მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებენ. სოფელ კოდასთან რკინის ღობე დაახლოებით 300 მეტრზეა აგებული. დამონტაჟებულია ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, გავლებულია თხრილები. ღობეებს მიღმა აღმოჩნდა ტყის მასივი და საძოვრები. სოფელ ჭვრინისთან ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ტყის მასივში ადრე დაუბრკოლებლად შედიოდნენ, ახლა კი ეს ყველაფერი შემოღობილია.

ხელოვნური ბარიერები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და ეს მათ უფლებებს არღვევს.
კახაბერ კემოკლიძე

კოდა-ჭვრინისის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. ამის შესახებ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა და საქართველოს ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული საზღვრების დადგენის მიზნით სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა, ცოტა ხნით ადრე კი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან ერთად საზღვრის მოწყობის სამუშაოებს კვლავაც გააგრძელებს. მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ასეთი ზომების მიღება იმის გამო დასჭირდათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს საქონელს კარგავდა, რადგან ძროხები გამყოფ ხაზზე უპრობლემოდ გადადიოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ კემოკლიძემ ერგნეთშივე გააპროტესტა ბორდერიზაციის მორიგი ეტაპის დაწყება. მისი თქმით, ხელოვნური ბარიერები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და ეს მათ უფლებებს არღვევს.

საოკუპაციო ხაზთან ახალი ღობეების დამონტაჟებაზე საქართველოს ხელისუფლებამ ერთი თვის დაგვიანებით მოახდინა რეაგირება - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. არადა, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ კოდასთან ყველას დასანახად ჯერ მიწას თხრიდნენ, შემდეგ ძელებს სვამდნენ და ამ ძელებზე ღობეებს ამაგრებდნენ. კოდასთან სამასმეტრიანი ღობეა გავლებული, ჭვრინისთან კი ეს პროცესი ახლა იწყება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხის წამოწევას ჟენევის დისკუსიის ფარგლებშიც აპირებენ.