საპარლამენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა“ საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის, სამშაბათ საღამოს გაკეთებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების საფუძველია ბლოკში არსებული რთული ვითარება, პაატა ბურჭულაძის თქმით კი, „გირჩს“ ბლოკი თვითონ დაატოვებინა. ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა და განმარტა, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ 4 პარტიას აერთიანებდა, სანამ მას „გირჩი“ დატოვებდა.
Your browser doesn’t support HTML5
„ახალი პოლიტიკური ცენტრ ‘გირჩის’“ გასვლა საარჩევნო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით ახსნეს თავად პაატა ბურჭულაძემ და „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. პაატა ბურჭულაძის თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომლითაც დასტურდება, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
„ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით ან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი, ან „ოცნების“ სატელიტი. მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „გირჩი“ უნდა ამოღებულიყო სიიდან. გაირკვა, თუ ვინ არის დამფინანსებელი. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან, ვერც ბიძინა ივანიშვილისგან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული და მე ამას ვერ მივიღებ“.
დიდი მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს ბლოკს, რომ დაშალოს სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ტანდემი, რომელიც რეალურად არსებობს, და დაშალოს ორპოლუსიანი პოლიტიკა, ისევ დღის წესრიგში დგას და ეს მიზანი ჩვენ მისაღწევი გვაქვს...მამუკა კაციტაძე
პაატა ბურჭულაძის საპასუხოდ „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას პირადად პაატა ბურჭულაძე შანტაჟის გზით აიძულებდა პარტიაში ფინანსების შეტანას, რის სანაცვლოდ „გირჩის“ სხვა წევრების სიიდან ამოღების შემთხვევაშიც კი სიაში დატოვებას ჰპირდებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩი“ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, თუმცა „ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით“.
„ეს ადამიანი, უბრალოდ, მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, - თანხას არ დავასახელებ კონკრეტულად, - ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ ბლოკის სიიდან, რაზეც მე განვაცხადე უარი, იმიტომ რომ ამ ადამიანს შემოსავალი აქვს დღემდე ამ ბლოკიდან, მაშინ როცა ბლოკის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა - არის თვეში 60 ათასი თუ მეტი - და მგონია, რომ პირადი სარგებლობისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი და რაზეც ახლა პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის ზღაპარი და, ჩემი აზრით, უსინდისო ზღაპარი“.
„გირჩის“ გადაწყვეტილება დატოვოს ბლოკი, არ ცვლის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ბლოკში „ახალი მემარჯვენეების“ ყოფნის საკითხს, განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ, რომლის თქმითაც, ისინი ბლოკში რჩებიან თავიდან დასახული მიზნის მისაღწევად, ეს მიზანი კი ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს დაშლაა:
„მე აქ მოვედი ღირებულების და ფასეულობების თანხვედრის გამო. აქედან გამომდინარე, მერკანტილური საბაბებით თუ მიზეზებით აქედან წასვლას არსად არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ დიდი მიზანი, რომელიც აქვს ჩვენს ბლოკს, რომ დაშალოს სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკური ტანდემი, რომელიც რეალურად არსებობს, და დაშალოს ორპოლუსიანი პოლიტიკა, ისევ დღის წესრიგში დგას და ეს მიზანი ჩვენ მისაღწევი გვაქვს“.
28 სექტემბრის საღამოს 6 საათზე იწურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ამ დრომდე უნდა დაესრულებინა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გუნდს კონსულტაციები ბლოკში შემავალ კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ეს გახლავთ „ახალი საქართველო“, რომლის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, თქმით, ის ბლოკში რჩება. ვაშაძესთან კონსულტაციები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პაატა ბურჭულაძის ბლოკში სირთულეები კარგა ხნის წინ დაიწო. გუნდი ჯერ რამდენიმე წევრმა დატოვა, მოგვიანებით კი,14 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა „მოძრაობა -სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის, და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ იმ წევრთა პოზიციის გამო უსაყვედურებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავენ. სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „გირჩის“ გასვლა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკიდან იმ შევიწროების შედეგია, რომელიც, ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“, მეორე მხრივ კი, სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხორციელდება, რათა ნებისმიერი მესამე პოლიტიკური ძალა განდევნონ საარჩევნო სივრციდან. თუმცა, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან დიდ ხეირს მაინც ვერ ნახავს:
„გამოდის, რომ ნაციონალებმა მაინც შეიძლება შეძლეს ხმები, - ალბათ ცოტა, მაგრამ მაინც - რომელიც „გირჩს“ მიჰქონდა, უკან დაიბრუნონ და თავისკენ მოატრიალონ. ის ნაციონალური ხმები, რომელიც გირჩს მიჰქონდა, ახლა, როცა „გირჩი“ თამაშგარეთ დარჩა, ან საერთოდ დაიკარგება, ან უკან დაუბრუნდება ‘ნაციონალურ მოძრაობას’“.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, შესაძლოა „გირჩის“ გასვლა ბურჭულაძის გუნდიდან არ ნიშნავდეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში უფრო მრავალრიცხოვნად მოხვედრისთვის საჭირო ხმების გაზრდას, თუმცა ამ ხმების დაკარგვა შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პაატა ბურჭულაძის გუნდისთვის, რომელსაც ჯერ თავისივე სივრციდან დააკლდა წევრები, ახლა კი, შესაძლოა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეს.