საკაიფოა კონსტიტუციების მოგონება
კანტი
როგორც ალბათ უკვე იცით, სისტემა არ დანგრეულა. ამ წერილის ბოლოს მოგახსენებთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ “სისტემა” დაინგრეს და რა უნდა აშენდეს მის ადგილას, იქამდე კი გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას იმაზე, თუ რა არის ეს სისტემა და სად ვდგავართ ახლა.
შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ “სისტემა”, რომელიც უნდა დანგრეულიყო 2012 წლის ოქტომბერში, არ ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” აშენებული. სისტემა, ასე თუ ისე, საბჭოთა მემკვიდრეობა იყო და ნიშნავდა სახელმწიფოს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც გამოჭრილი იყო ერთპარტიულ მმართველობაზე და, შესაბამისად, იძლეოდა იმის შესანიშნავ საშუალებას, რომ ერთ ადამიანს, გუნდს ან პარტიას, თუკი ექნებოდა ამისი სურვილი და უნარი, ხელისუფლების შტოებად დანაწილება გაეუქმებინა და ხელში ჩაეგდო მთელი ძალაუფლება. ჩვენი პოსტსაბჭოთა ისტორია შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ამ ციკლის გამეორება.
რა თქმა უნდა, ცდებოდნენ ისინი, ვინც პროპაგანდისტული მიზნებით ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დამფუძნებელ მამებად მოენათლა. ახალი საქართველოს „დაფუძნება“ სწორედ ის იყო, რისი გაკეთების სურვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება კი ჰქონდა, მაგრამ არსად გამოუვლენია. არც „ქართულ ოცნებას“ დასტყობია რევოლუციური სტრუქტურული ცვლილებების სურვილი. ამ მხრივ ორივე პარტია ერთმანეთს ჰგავს და წყნარად აგრძელებს იმ ავარიულ შენობაში ცხოვრებას, რომელიც გივი გუმბარიძისგან ერგოთ მემკვიდრეობად. ამ შენობაში მთელი ძალაუფლება ცენტრშია მოქცეული. რაც უფრო შორდები ამ ცენტრს, მით უფრო კლებულობს ძალაუფლება. მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი პრესა „ჩვეულებრივს“ უწოდებს, ფაქტიურად, არანაირი ძალაუფლება არ აქვს, გარდა ოთხ წელიწადში ერთხელ მისთვის მინიჭებული უფლებისა, რეკლამაში შექებული ღვინის მაგივრად ძმარი შეიძინოს. მოქალაქე (როგორც ხალხის ნაწილი), რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების მქონეა, სინამდვილეში უძლურია და, პოლიტიკური თვალსაზრისით, საერთოდ არ არის თავისუფალი. სწორედ ძალაუფლების ცენტრში ლოკალიზაციის გამოვლინებაა მახინჯი საზოგადოებრივი მოვლენები: დაყოფა ტერიტორიული პრინციპით „გოიმები“ და ყოფილი „სვეტები“, ახლა „პრადვინუტები“; „პროვინციალიზმი“, როგორც საგინებელი სიტყვა; აქცენტებზე და სოციალურ წარმომავლობაზე ქილიკი და კიდევ ბევრი სხვა რამე.
სამწუხაროდ, ერთ-ერთი რამ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ძალიან გვაკლია, დიფერენციაციის უნარია. ამიტომაც ვართ მიდრეკილნი არა კრიტიკის, არამედ დემონიზაციისაკენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ შეიძლება ან „ანგელოზი“ იყოს, ან „დემონი“. ამ უკიდურესად გამარტივებულ წარმოდგენებს თავი რომ დავანებოთ, მოდით, შევეცადოთ, დავინახოთ განსხვავება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას შორის“. „ნაციონალური მოძრაობა“ შეუდარებლად უკეთესი მმართველი იყო, ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნება“. (ფრჩხილებში ჩავამატებდი, რომ „ნაციონალი ლეგიონერები“, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს აღაშფოთებენ, უკრაინაში სწორედ ადმინისტრაციული უნარების და არა პიროვნული თვისებების და სიკარგის გამო მიჰყავთ.) „ნაციონალური მოძრაობა“ სტრუქტურული პრობლემების გადაჭრას ადმინისტრაციული მეთოდებით ცდილობდა. მაგალითისთვის დეცენტრალიზაცია რომ ავიღოთ, რომლის აუცილებლობაც, როგორც ჩანს, იგრძნობოდა, დავინახავთ, რომ დეცენტრალიზაცია ერთობ უცნაური მეთოდებით, მაგ. პარლამენტის ქუთაისში გადატანით მიმდინარეობდა. ცხადია, სახელმწიფო ინსტიტუტების სხვა ქალაქებში გადატანა დეცენტრალიზაციის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ოპერაციას ვერ ჩაანაცვლებ ავადმყოფობის სიმპტომების კუპირებით.
„ქართული ოცნება“ სტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტას ჩანაფიქრის და ინტუიციის დონეზეც კი ვერ ახერხებს და არც მმართველობა უვარგა. ის, რომ დღეს მედია და სასამართლო ნაკლებ წნეხშია, სტრუქტურულად კი არ არის განპირობებული და გარანტირებული, არამედ იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ საამისოდ ნაკლები ძალა შესწევს. ჩვენ დღეს ისევ დაუცველები ვართ. მართალია, სასამართლოს თვითმმართველობის პრინციპზე გადაყვანა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი, ჯერ ერთი, არ დამთავრებულა და, მეორე, სულაც არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან. კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, მართალია, შეზღუდა ერთი ადამიანის (პრეზიდენტის) ხელში ზედმეტი ძალაუფლების კონცენტრაციის შესაძლებლობა და პარლამენტს მეტი უფლებები მიანიჭა, შესაბამისად რისკები შეამცირა, მაგრამ მაინც ვერ აღმოფხვრა.
რისკები დღესაც ძალიან დიდია. ჩვენ გვყავს უსუსური მთავრობა ძალაუფლებაშეზღუდული პრემიერ-მინისტრით, რომელიც ანგარიშვალდებულია არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ თავისი ყოფილი დამსაქმებლის წინაშე. კონფლიქტი მილიარდერ ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის სწორედ ანგარიშვალდებულების გამო წარმოიშვა. ოლიგარქს უნდოდა პრეზიდენტისათვის ხელფასი გადაეხადა, რაზეც პრეზიდენტმა სრულიად სამართლიანად უარი თქვა. ამას მოჰყვა კრიტიკა პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო, თვითონ აერჩია რეზიდენცია და ივანიშვილის ერთგულ „მეოცნებეთა“ მხრიდან პრეზიდენტის სრულიად სამარცხვინო ობსტრუქცია. როგორც ჩანს, ოლიგარქისთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი მიუღებელია და მას სჭირდება მისადმი ანგარიშვალდებული პოლიტიკოსები, რომლებიც სწორედ იმიტომ არიან ანგარიშვალდებულნი, რომ არა იმდენად გადასახადის გადამხდელი უხდის ფულს, რამდენადაც ივანიშვილი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური არსებობა ოლიგარქზეა დამოკიდებული და არა მოქალაქეებზე. შესაბამისად, პარლამენტარები, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები ხალხსა და ოლიგარქის ინტერესებს შორის, როგორც საყდრისის შემთხვევაში იყო, ოლიგარქის ინტერესებს იცავენ. ფაქტობრივად, ივანიშვილს სურს ჩაანაცვლოს ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო და ამას, როგორც ვხედავთ, ახერხებს კიდევაც.
ივანიშვილის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩვენი „სისტემა“ არ არის დაზღვეული იმისაგან, რომ ჩვენი, კონსტიტუციის მიერ მონიჭებული ძალაუფლება ვინმემ მიითვისოს.
ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური შენობა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ფულიანი თუ უფულო მეგალომანების ან თბილისის ცენტრში შექმნილი პარტიების ცენტრალური კომიტეტების მიერ ძალაუფლების მითვისების შესაძლებლობას. ამისი რეცეპტი არსებობს. 1824 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი (რომელსაც, სხვა თუ არაფერი, ორდოლარიანი კუპიურებიდან ვიცნობთ) წერდა: „როგორც კატონი ამთავრებდა ყოველ გამოსვლას სიტყვებით კართაგენი უნდა დაინგრეს, ასევე ვამთავრებ ჩემს გამოსვლებს გაფრთხილებით, დაყავით საგრაფოები ადმინისტრაციულ ერთეულებად (wards)“. ჯეფერსონის გაფრთხილება დღესაც აქტუალურია, იმიტომ რომ სახელმწიფო, რომელშიც ძალაუფლება ცენტრშია მოქცეული და პერიფერიაზე ნულს უტოლდება, მყიფეა.
ძალაუფლება არ არის სახელმწიფოს „ძალადობრივ ინსტრუმენტებზე“ მონოპოლია (ან არა მარტო ეს არის). ეს წარმოდგენა აბსოლუტიზმიდან ნაშობი ნაციონალური სახელმწიფოების მემკვიდრეობაა. ძალაუფლების რევოლუციური მოდელი, რომელიც პირველად ამერიკის კოლონისტებთან წამოიშვა, ადგილობრივ თვითმმართველობებზეა აწყობილი. ეს მოდელი გვაძლევს საშუალებას, ხალხი არა წარმოსახვით ერთობად მივიჩნიოთ, როგორც ეს ნაციონალური სახელმწიფოების შემთხვევაში ბენედიქტ ანდერსონმა აღწერა, არამედ რეალურ ერთობად, სადაც ყველა მოქალაქე მისთვის მისაღებ დონეზეა და მისთვის მისაღები დოზითაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში. მხოლოდ იმ მოქალაქეს, რომელიც თუნდაც თავისი სოფლის ან თემის დონეზე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება გაუჩნდეს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მამულის პატრონობის შეგრძნება და, ილია ჭავჭავაძის სიტყვა რომ გავიხსენო, მამულიშვილის, მოქალაქის და არა ქვეშევრდომის თვითშეგნება. მხოლოდ ასეთი მოქალაქეა თავისუფალი და ძალაუფლებით აღჭურვილი ამ სიტყვის პოლიტიკური მნიშვნელობით. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის საძირკველი, რომელზედაც სახელმწიფოს შენობა მყარად შეიძლება იდგეს. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მინიჭება და ამ დამოუკიდებლობის კონსტიტუციური უზრუნველყოფა არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია ქვეყანაში ვერავინ მოახერხოს. ერთადერთი გარანტი იმისა, რომ სისტემა, რომელიც ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გადმოგვყვა და რომელმაც მოსპო ის დემოკრატიული საწყისები, რომლებიც 1918 წლის კონსტიტუციაში გვქონოდა ჩადებული, მართლაც ერთხელ და ახლა უკვე სამუდამოდ, დაინგრევა.