საგანგაშო ღვიძილი #115 აუდიტორიაში

"დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა." (მათე 26:38)

1. ენა

სანამ გუშინ თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მხრიდან მოძალადე ბანდების მობილიზება და თსუ-ს პირველი კორპუსის შენობაში შემოპარება დაიწყებოდა, უთანასწორობის აღმოფხვრისა და ავტონომიის მოთხოვნით ეზოში გამართულ საპროტესტო აქციასა და იმავე დროისთვის დანიშნულ კონტრაქციას შორის მყვირალა კონტრასტმა საბოლოოდ გამოკვეთა, რომ საქმე გვაქვს სრულიად ახლებური რეალობის დაბადებასთან, რომელსაც ვერც თვითმმართველობ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციულ პრივილეგიებს ჩაბღაუჭებული ადამიანები უსწორებენ თვალს და, სამწუხაროდ, ვერც პროგრესისა და პროდასავლურობის თვითგამოცხადებული მესაჭეები.

თავისთავად უკვე დიაგნოზია კონტრაქციაზე წამოჭიმული ტრანსპარანტების ენის გამოცარიელებული, წმინდად მეტაფორული ხასიათი: “უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო!“ (წოდებითის წინ მძიმის გარეშე). ანდა, ყველაზე შინაარსიანი სლოგანის შემთხვევაში, სულაც ღიად კონსერვატორული მესიჯი: “ვითხოვთ ინსტიტუციების პატივისცემას!“. წინა დღეებშიც გამოიკვეთა, რომ როგორც მათი, ისე მათი მფარველი მაღალი აკადემიური პერსონალის ენა და ლოგიკა მთლიანად დაყვანილია წვრილმანი ფაქტების გარშემო კაზუისტურ, ვითომდა მკაცრად “სამართლებრივ ჩარჩოებში“ წარმოებულ კინკლაობასა და მუდმივად, ცალკეული პიროვნებების დისკრედიტაციის ან დაცვისაკენ მიმართულ კამპანიაზე.

ამ ტოტალური, გაშიშვლებული იდეური ბანკროტისა და გამოფიტული ენის საპირისპიროდ, უნივერსიტეტის კიბეებზე იდგნენ სტუდენტები და მათი მხარდამჭერები, რომელთათვისაც კონკრეტულად გიორგი გაფრინდაშვილის გადადგომა მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი მოთხოვნა იყო, რამეთუ გაფრინდაშვილი სხვა არაფერი იყო, თუ არა გაპიროვნებული სახე იმ ძალაუფლებრივი, სოციალური და საგანმანათლებლო სისტემისა, რომლის გარდაქმნაც მათი ფართო და გრძელვადიანი მიზანია. შესაბამისად, მათ აქციაზე შეკრებილ თითოეულ ადამიანს შეგნებული ჰქონდა, თუ სად და რისთვის იდგა, რაც მათვე სძენდა მეორე მხარისათვის შეუძლებელ მხნეობასა და შემართებას.

ამას გარდა, მათი მოთხოვნების ენაც საქმიანი, კონკრეტული, და ფართო ხედვითაა განმსჭვალული, ხედვით, რომელიც თავის თავში მოიცავს მრავალმხრივ ბრძოლას: სტუდენტთა უდიდესი ნაწილის სავალალო სოციალური მდგომარეობის აღმოფხვრა; შიდასაუნივერსიტეტო მანკიერი იერარქიული სისტემისა და აკადემიურ სივრცეზე სახელმწიფოს პოლიციური კონტროლის მოშლა; გენდერული ნიშნით ჩაგვრისადმი წინააღმდეგობა; საგანმანათლებლო სისტემის ძირეული რეფორმირება და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთათვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. აცნობიერებენ რა, რომ უნივერსიტეტის შიგნით არსებული პრობლემები მხოლოდ რგოლია საზოგადოებრივი მთლიანისათვის დამახასიათებელი სისტემური კრიზისისა, რაღა გასაკვირია, რომ სწორედ ეს სტუდენტები და მათი მხარდამჭერები იყვნენ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ტყიბულელ მაღაროელებს ამოუდგა გვერდში ისევე, როგორც ადრე კაზრეთელ მუშებს, რკინიგზის თანამშრომლებსა თუ მომსახურების სექტორში დასაქმებულ ადამიანებსა და სხვა ექსპლუატირებულ ჯგუფებს.

2. სოლიდარობა

სტუდენტების მიერ შემუშავებულ ასეთ მრავალხმიან მანიფესტში ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებიდან გამოხატულ სოლიდარობის აქტებში, თვითმმართველობ(ებ)ის წევრებმა მხოლოდ ლოგიკის ნაკლებობა, დაუკავშირებადის დაკავშირება, წესისა და რიგის დარღვევა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა დაინახეს. ღრმად ვარ დარწმუნებული მათ გულწრფელობაში, როდესაც სტუდენტების პროტესტს “მართულობასა“ თუ “პარტიულობას“ სწამებენ, რამეთუ ამგვარი კატეგორიების მიღმა აზროვნება მათთვის წარმოუდგენელიც კია. და როგორი სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ იმ ახალი რეალობის აღწერა-შეფასებაში, რომელიც ახლა, ამ წუთებშიც, #115 აუდიტორიაში და მის გარშემო იბადება, სრულ არაადეკვატურობას იჩენენ ტელე თუ აკადემიური სივრცის წარმომადგენელი სხვადასხვა განმანათლებელნი, რომლებიც - პრინციპში, ყოველგვარი უშუალო მატერიალური დაინტერესების გარეშე - უტიფრად უყრუებენ სტუდენტების მკაფიო მოთხოვნებსა და სისტემურ კრიტიკას. უკეთეს შემთხვევაში მათ “იდეალიზმზე“, “ახალგაზრდულ“ აღტკინებასა და “ბუნდოვანებაზე“ საუბრობენ, უარეს შემთხვევაში კი “კომკავშირელობად“ თარგმნიან იმ ახალშობილ ენას, რომელიც ბედავს, მწყობრად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჩამოაყალიბოს არსებული საგანმანათლებლო და სოციო-ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის მოთხოვნა.

ინდივიდუალურ გონებრივ უნარებში ხარვეზების ძიების სანაცვლოდ, განა ამ განათლებული “რეალისტებისთვისვე“ ნაკლებ შეურაცხმყოფელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათ პირველ რიგში საკუთარი სოციალური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე არ სურთ ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება? სტუდენტების სოციალური პროტესტის დაუმახინჯებლად თარგმნა მათივე პრივილეგირებული ძალაუფლებრივი მდგომარეობის მოშლის ტოლფასი იქნებოდა, რომლის შენარჩუნებაც, როგორც ყოველთვის, არსებითადაა დაკავშირებული გარკვეული ტიპის ენის - მეტაფორების, ლოგიკის, კრიტერიუმების - მუდმივად ხელახალ გამოყენებასთან, რაც სამყაროს გარკვეული ხატის მუდმივ რეანიმაციას ეწევა. მათთვის საძულველ ენაზე ამას თვითგადარჩენის კლასობრივი ინსტინქტიც შეგვიძლია ვუწოდოთ.

ილიას და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად უერთდებიან; #115 აუდიტორიაში რკინიგზის თანამშრომლები და ტყიბულიდან ჩამოსული მაღაროელები შემოაბიჯებენ; სოციალური გარდაქმნისთვის მებრძოლი არასამთავროების წარმომადგენლები ადგილზე პერმანენტულ რეჟიმში მუშაობენ და უამრავი უცნობი და ნაცნობი ადამიანი უბრალოდ ადგილზე ყოფნითა თუ საკვებისა და სასმელის მოტანით ცდილობს თანადგომას. ამ პროტესტის მოწინააღმდეგეებმა თუ მისი განეიტრალების მოსურნეებმა ამ ყველაფერს თუ თვალი გაუსწორეს, ერთი ხელის მოსმით ენგრევათ თავზე სამყაროს ის ხატი, რომელიც ურთიერთგათიშულ “კომპეტენციებსა“ და “საკუთარი ადგილის ცოდნაზეა“ დაშენებული. მათ არც კი შეუძლიათ გაიგონ, რომ ამ უყოჩაღესი სტუდენტების ძალისხმევის წყალობით დღეს უკვე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის წყალგამყოფი აღარაა ვულგარული პარტიული მიკუთვნებულობა, რა იარლიყის მიკერებასაც ჯერაც დაჟინებით ცდილობენ მათთვის. ყავლგასულ კლიშეებზე უარის თქმის შემთხვევაში, მათთვის გაიხსნებოდა პანდორას ყუთი, რომლიდანაც ამოხეთქავდა ქვეყნის მთელი ის სისტემური სოციალური კრიზისი, რისი მეტ-ნაკლებად შერბილება აქამდე მათ შორის სწორედ ზემოხსენებული ენისა და სამყაროს ხატის პერმანენტული მობილიზაციით ხერხდებოდა. ამიტომ ცდილობს, თვითმმართველობიდან დაწყებული და განათლების მინისტრით დამთავრებული, ყველა, ვისაც სტატუს კვოს შენარჩუნება აწყობს, რომ სტუდენტების სამართლიანი პროტესტი სრულიად კონკრეტული ძალაუფლებრივი და ეკონომიკური მექანიზმების მიმართ მრუდედ მოთარგმნონ როგორც “შუღლის გაღვივება“ (იხ. “უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო!“) და აბსტრაქტული მშვიდობისმოყვარეობით მოუწოდონ, “ერთმანეთს არ გადაეკიდონ“, თითქოს მშობელი წაკინკლავებულ დედმამიშვილებს აშველებდეს.

ეს გამოშიგნული ენა იმდენად აგრესიული და ისტერიული ხდება, რაც უფრო მეტად ცდება ახალ რეალობას. თვითმმართველობ(ებ)ის მიერ გუშინ და დღეს გამოვლენილი ძალადობის მასშტაბები იმის პროპორციულად იზრდება, რაც უფრო მეტად კარგავს მათი პარაზიტული მექანიზმი ფუნქციას თვით საუნივერსიტეტო კონტროლით დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც კი. რამდენი ორგანიზებული ბანდაც უნდა მიუქსიონ #115 აუდიტორიის სტუდენტებსა და მხარდამჭერებს, მსგავს შიშველ ძალადობაზე გრძელვადიანი მოქმედების დაფუძნება შეუძლებელია. გაბმული ძალისხმევის შემთხვევაში ვეღარაფერი შეაჩერებს იმ პროცესს, რომ სოლიდარობის ამ არნახული აქტის საფუძველზე აუდიტორია #115 იქცეს ქართული რეალობის გარდაქმნის დღევანდელივით 24-საათიან რეჟიმში მომუშავე, ღია, თავისუფალ ლაბორატორიად. ამ სამუშაოში სტუდენტების მთავარი დამაბრკოლებელი არა თვითმმართველობები იქნება, რომელთა ამჟამინდელი ქცევაც თავადვეა დასტური მათი ფუნქციისა და სიცოცხლისუნარიანობის თვითლიკვიდაციისა, არამედ მთელი ის იერარქიული სისტემა, რომელიც ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს არსებული საზოგადოებრივი “წესრიგი“.

3. სამართალი და ძალადობა

აღსანიშნია, რომ ამ სტუდენტებს ტყიბულიდან ჩამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ამოსუნთქვის საშუალებაც არ ჰქონიათ თსუ-ში საპროტესტო ღონისძიებების წამოწყებამდე. ზემოთ უკვე შევნიშნე, ლოგიკურია, სწორედ ეს სტუდენტები რომ იბრძოდნენ ტყიბულელი მაღაროელების მხარდამხარ, კერძო მეწარმის მიერ დაწესებული არაადამიანური სამუშაო და სახელფასო პირობების წინააღმდეგ. და როგორც ტყიბულში მაღაროების მფლობელი კომპანიის ადმინისტრაცია კითხულობდა, თუ რა ესაქმებოდათ სტუდენტებს მაღაროელების საპროტესტო აქციებზე, იმავენაირად ცდილობენ თვითმმართველობები და თსუ-ს რექტორიც, რეანიმაცია გაუკეთონ მკაცრად დაყოფილი კომპეტენციებისა და სამოქმედო არეალის ლოგიკას, რომელიც მოარღვია სრულიად განსხვავებული მიკუთვნებულობის ადამიანების მიერ გამოჩენილმა სოლიდარობის ჟესტმა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია ის არათუ მსგავსება, არამედ იგივეობა, რომელიც შეინიშნებ(ოდ)ა როგორც თსუ-ს თვიმთმმართველობისა და ადმინისტრაციის ზოგიერთი განსაკუთრებით ოდიოზური წარმომადგენლის, ისე ტყიბულის მაღაროების ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ მკაცრად ლეგალისტურ, წმინდად სამართლებრივ ჩარჩოებსა და ტერმინოლოგიაში მოძრავ, ენებს შორის. ეს ჰალსტუხიანი ლეგალისტი ტექნოკრატები გამუდმებით აპელირებენ კანონებზე, რეგულაციებსა და ხელშეკრულებებზე; რომ თურმე აკადემიური საბჭოს პრეროგატივა იყო, წესდებისდა მიხედვით შეკრებილიყო და გაეკეთებინა არჩევანი გიორგი გაფრინდაშვილსა და გიორგი გაფრინდაშვილს შორის; რომ მეოთხე მუხლის “ბ“ პუნქტის “ჭ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა მივმართოთ მეათე მუხლის “დ“ პუნქტის “ყ“ ქვეპუნქტის “წ“ დანამატს, რათა შემდეგ კვლავაც გადმოვმისამართდეთ მეოთხე მუხლთან და პრობლემაც მოგვარდეს ანუ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. არადა, როდესაც მაღაროების ადმინისტრაცია მიუთითებს მუშების მხრიდან სამუშაოზე გამოუცხადებლობის შედეგად სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა გასვლაზე, სინამდვილეში თავად ადმინისტრაციის მხრიდან კანონი უკვე დიდი ხნის დარღვეულია მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

სინამდვილეში, სამართლებრივი ნორმების უკონტექსტოდ მოშველიებითა და, შესაბამისად, მთელი დავის აბსტრაქტულად ლეგალისტურ ჩარჩოზე დავიწროვებით ცდილობენ, ლეგიტიმურობა შესძინონ ძალაუფლებრივ მექანიზმს, რომელსაც ბატონობისა და უთანასწორობის შენარჩუნება აბსტრაქტული კაზუისტიკის ფარგლებში წრებრუნვის მეშვეობით სწადია. ამით კი ერთი მარტივი აუღიარებელი რამის გადაფარვა ხდება: რომ არსებული სამართლებრივი ნორმების ვითომდა ნეიტრალური მუშაობის მიღმა, მის დასაბამში, პირველყოფილი ძალადობრივი აქტი დგას, ის რეპრესიული მექანიზმი, რომელიც საბოლოო ჯამში სამართლებრივ ნორმებს სამართლიანობის პრინციპებთანვე აგდებს წინააღმდეგობაში და სამართალს, როგორც საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების მომწესრიგებელ ხერხემალს, ხრავს.

იმისთვის, რომ დაწერილი კანონის ასო კვლავაც განიმსჭვალოს სამართლიანობის სულით; იმისთვის რომ ლეგალურმა ჩარჩომ შეიძინოს ლეგიტიმურობა, ნეიტრალური კანონის მიერ ფორმალურად თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებული, მაგრამ ამ ფორმალური თანასწორობის ლეგალური მექანიზმების მიერვე დაჩაგრული მუშა და სტუდენტი სამართლიანად მიმართავს ზომებს, რომლებიც სამართლებრივი წესრიგის ზღვარზეა. მათ თავიანთ ტყავზე გამოსცადეს, რომ ბრძოლა გადაძალვაზეა; რომ კანონი და სამართლებრივი წესრიგი, მართალია, ის საერთო არენაა, რომელზეც უნდა წარიმართოს მათი ბრძოლა, მაგრამ სამართლებრივი ჩარჩოების შიგნით სრულად, პირველ რიგში, თავად ძალაუფლების მპყრობელნი არ იმყოფებიან არასდროს. შესაბამისად, ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადების შემთხვევაში აუქმებს სამართლებრივი წესრიგის საყოველთაო გავრცელებას, ყოველთვის უკვე ჩვენთანაა, გამოუცხადებლად.

ეს სისტემური ძალადობაა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება მისი აბსტრაქტულად სამართლებრივი ჩარჩოებით შენიღბვით, ხოლო უკიდურეს შემთხვევებში შიშველ ძალას მიმართავს. ეს არის ძალაუფლების თავში მდგომი ძალადობა, რომელიც პოლიციის შემთხვევაში სამართლებრივად სანქცირებულ ძალადობას იყენებს ან სულაც კრიმინალურ და აგრესიულ ბანდფორმირებებს მიმართავს და ამით ღიად გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რათა სამართლებრივი ჩარჩოს მიერ შენარჩუნებული უსამართლო წესრიგის ფარგლებში ძალაუფლება არ გაუშვას ხელიდან.

თუმცა, არის მეორეგვარი ძალადობაც, რომელიც უპირობოდ სამართლიანია და რომლის არათუ მიზანს, არამედ საშუალებასაც კი არ წარმოადგენს ძალმომრეობა. ეს ძალადობა მაშინ ვლინდება, როდესაც მუშა იფიცება, სამუშაო პროცესს აჩერებს და დადგენილი წესრიგის მიმართ არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის ფარგლებში ძალადობის საგნად ისევ და ისევ მხოლოდ საკუთარ თავს აქცევს, რადგან გაფიცვის დროს უხელფასოდ დარჩენილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს საკუთარ ყოველდღიურ ყოფას. ეს ძალადობა მაშინ ვლინდება, როდესაც თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელებთან და კიბეებზე პიკეტის მონაწილე, შემჭიდროვებული პროტესტანტები შეშდებიან, რათა პოლიციისა და დაცვის უმოქმედობის პირობებში, არ გაატარონ მომხდური ბანდფორმირებები და მათი მომპატიჟებელი თვითმმართველობ(ებ)ის მხარდამჭერები. ამგვარად, უპირობოდ სამართლიანი იყო გუშინ #115 აუდიტორიაში გამაგრებული სტუდენტების კატეგორიული მოთხოვნაც, შემოეშვათ მათი გარეთ მდგომი თანამებრძოლები - რამეთუ პოლიციისა და დაცვის თვალსაჩინო მიკერძოების ანუ სამართალდამცავი სტრუქტურებისავე მიერ სამართლებრივი წესრიგის მორღვევის ფონზე, მეამბოხე სტუდენტებს ჰქონდათ და ახლაც აქვთ უფლება და ვალდებულება, საკუთარი ძალებით თავადვე უზრუნველყონ საკუთარი და მეგობრების ფიზიკური უსაფრთხოება. მათ ჰქონდათ სამართლიანი, ზნეობრივი უფლება, პასუხი გაეცათ სამართალდამცავი სისტემის ცინიზმისთვის, რომელსაც ის სწორედ თითის გაუნძრევლობით და გარეთ მყოფ მხარდამჭერთა არშეშვებით იჩენდა უსაფრთხოებაზე აპელირებით, სინამდვილეში კი უტყვად მოჰყავდა სისრულეში ის, რასაც ერთმა მეგობარმა ლაკონურად უწოდა “115-ის ნელი, უმტკივნეულო, უხმაურო, უმსხვერპლო დარბევა“.

მეფე შიშველია, მაგრამ არსებული სტატუს კვოს მესვეურნი ძველ ენაზე იჟინებენ საუბარს (“ორი მხარის დაპირისპირება“, “პასუხისმგებლობის გადანაწილება“) და ცდილობენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ სამართლიანი შეურიგებლობის ის მუხტი, რომელიც 115-ში მყოფთ აქვთ და რომელიც, ამ საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ, არავის სურს, მეამბოხეთა პერმანენტულ სააზროვნო მდგომარეობად დარჩეს. რადგან მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის აზროვნების წესად ქცევა ის რევოლუციური ჟესტია, რომელიც ფირივით უკან ახვევს სამართლებრივი ჩარჩოს წრე-ბრუნვაში გადაფარულ, პირველყოფილი მითვისებისა და უზურპაციის, უსამართლოდ ძალადობრივ ჟესტს, რომელიც არა უბრალოდ რაიმე წესრიგის თავშია, არამედ მისი მუშაობის მუდმივი საძირკველი. მეამბოხის ეს ჟესტი ამ პირველყოფილ მდგომარეობაში გვაბრუნებს, რათა გაშიშვლდეს შელამაზებული საგანგებო მდგომარეობა და გადაიხედოს, თუ როდის, რატომ და რა უფლებით დაეპატრონა ვინმე რაიმე ბერკეტს, პრეროგატივასა და პრივილეგიას.

ეგებ სიტყვა “სოლიდარობა“ უკვე ზედმეტად გაიაფდა და ჩვევის გამო ვებღაუჭებით, სინამდვილეში კი უფრო ღრმა და სერიოზული რამის თქმა გვსურს და “სოლიდარობას“ მყიფე, ფუყე ევფემიზმადღა ვიყენებთ: სამართლიანი ძალადობა ჩაგრულისა და მისი ქომაგის მხრიდან, როდესაც ისინი თავ-თავიანთ “მიჩენილ“ ადგილებს დატოვებენ, ერთმანეთის საქმეში ჩაერევიან და ამით დადგენილ წესრიგს შეარყევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებენ ყველა ფუნდამენტურ მოცემულობას - საიდან გაქვს? რატომ გაქვს? რომელი დამსახურებით მოგენიჭა? რა უფლებით გაქვს ჩემზე მეტი? რომ მიყვები, სულ საკუთარი დაუღალავი შრომით ავაშენე ეს ბიზნეს-იმპერიაო, ეგებ კიდევ ცოტათი უკან გადავახვიოთ ფირი და კაპიკებად და გაურკვეველ სამართლებრივ ვითარებაში შეძენილ “საწყის“ კაპიტალზეც ვისაუბროთ?

ეგებ, სწორედ ამგვარი კრიტიკული, დამანგრეველი ძალის გამოა სოლიდარობა ასეთი საშიში ყველასათვის, ვინც კი რაიმე პრივილეგიას ებღაუჭება? მუშებმა და სტუდენტებმა სწორედ ამაში გაუგეს ერთმანეთს. ამიტომ უსმენდნენ თბილისიდან ჩასული “უცნაურად ჩაცმული“ გოგო-ბიჭები მათ და ამიტომ ზის ტყიბულელი მაღაროელი 115-ში და ეწაფება სტუდენტების თითოეულ სიტყვას.

4. ღვიძილი

ა) ზოგიერთი ხელმოცარული სტუდენტების მხარდამჭერ ლექტორებს “აბეზღებს“ ლექციების გაცდენისთვის, პროფესურის ნაწილი კი “ანარქიაზე“ საუბრობს სასწავლო პროცესის შეფერხების ნიადაგზე, თითქოს, სამართალდამცავთა ქმედებებიდანვე გამომდინარე, ანარქია ყოველთვის უკვე ჩვენთან არ ყოფილიყოს. განა შეიძლება დღეს სტუდენტმა რომელიმე ლექციაზე უფრო მეტი ისწავლოს, ვიდრე #115 აუდიტორიაში? მით უმეტეს, როდესაც ჩვენს ლექტორებს - ჩვენ, ლექტორებს - ბევრი გვიკლია, სანამ სასწავლო სივრცეში საპროტესტო შეჭრის ნაცვლად თავად სასწავლო პროცესში, ცოდნის გადაცემის წესსა და მის შინაარსში შეჭრას მოვახერხებთ, რათა უნივერსიტეტში წარმოებული ცოდნა იმ შინაარსითა და გამოცდილებით განიმსჭვალოს, რომელიც მას დღეს ასე აკლია. არათუ აკლია, არამედ ბლოკავს კიდევაც ცოდნის მეშვეობით ნებისმიერი ტიპის გამოცდილების მიღებას, გარდა სტუდენტის კონკურენტულ საბაზრო საქონლებად შეფუთვისა. სწორედ ამგვარი ვითარებაა, რაც სტუდენტთა უდიდესი ნაწილის გაუცხოებას იწვევს სასწავლო პროცესისგან და გულგრილს ხდის თუნდაც ამჟამად თსუ-ში მიმდინარე მოვლენებისადმი, მით უმეტეს, რომ მათ მეტწილად ისედაც ძალიან მძიმე და დამამცირებელი შრომის ფასად უწევთ სწავლის საფასურის გადახდა. #115 აუდიტორიაში კი სწორედ ასეთი გამოფიტული ცოდნის ლეგიმიტაციის საფუძვლებს ამოწმებენ; სვამენ ფუნდამენტურ შეკითხვას, თუ საერთოდ რა პირობებში და რა ლეგიტიმაციით იქცევა რაიმე ცოდნად. სწორედ ამგვარი კრიტიკული და თვითკრიტიკული ცოდნის, გაბმული ღვიძილის, ადგილია (და არა გავრცელებული უშინაარსო მეტაფორასავით - „ცოდნის ტაძარი“!) დღეს #115 აუდიტორია, სადაც ტყიბულელი მაღაროელის, რკინიგზელის, სტუდენტის, ფემინისტის და საერთოდ ყველას ადგილია, ისევე, როგორც ყველგან, სადაც თსუ-ს პირველი კორპუსის ფიზიკურ საზღვრებს მიღმა ეს ხალხია, დღეიდან უკვე #115 აუდიტორიაა.

ბ) #115 აუდიტორია დღეს პირველ რიგში მთელი მთავრობისთვის უნდა იყოს სასწავლო ადგილი, რადგან აქ მუშაობის პროცესშივე სწავლობენ პირდაპირ დემოკრატიას. ლამის ნაგვის ურნა არ გადაიდგმება 5 სანტიმეტრით ისე, რომ საკითხი საყოველთაო კენჭისყრაზე არ გადაწყდეს; ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიკროფონთან რიგში ჩადგეს, სათქმელი თქვას და დარწმუნებული იყოს, რომ იატაკზე ფეხმორთხმულ ყურადღებიან მსმენელთა სტაბილური რაოდენობა ყოველთვის ეყოლება. მაშინაც კი, როდესაც ვინმესთან შეხვედრა უმრავლესობის გზით უკვე გადაწყვეტილია, უმცირესობაში დარჩენილს თავისუფლად აქვს საშუალება, შეხვედრაზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია გამოხატოს და ჩართული დარჩეს დისკუსიაში. ამ ფონზე სრულიად ამაზრზენია პირველ რიგში, ჟურნალისტური და აკადემიური ელიტების წარმომადგენელთა ის მიზანმიმართულად წამყრუებლური ცინიზმი ამ ცოცხალი პირდაპირი დემოკრატიის მიმართ. არადა, ეს ქილიკი, “თავისუფლებისა“ და “პროდასავლურობის“ შესახებ ყაყანის მიუხედავად, ოდენ მეორე მხარეა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ისინი “სახელმწიფოებრივი ინტერესის“ სახელით გამოვლენილი ყოველი ძალადობრივი აქტისადმი ავლენდნენ, რეალური დემოკრატიისადმი სრულ უნდობლობასთან ერთად - რამეთუ “ხალხი ბნელია“ და ზემოდან თუ არ მართე, არაფერი გამოვა.

გ) ზემოთ ვნახეთ, რომ მეამბოხე სტუდენტებისა და პრივილეგიების შენარჩუნებისათვის ყველაფერზე წამსვლელი თვითმმართველობ(ებ)ის წარმომადგენლების ორ თანაბარ “დაპირისპირებულ“ მხარედ წარმოჩენა საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტების მხრიდან საკუთარი ძალაუფლებრივი წონასწორობის სტაბილიზაციის იარაღია. აკი საამისოდ ერთი სიტყვის ჩაწვეთებაც საკმარისია, ახალი რეალობის ერთი პატარა გამრუდებული თარგმანი ძველ დაჭაობებულ ენაზე. ამ ენობრივი ბრძოლის პირობებში, სტუდენტებს შენობის სადარაჯოზე დგომის გარდა, ენასთან ღვიძილიც მართებთ. რამდენჯერ გავიგონეთ გამოსვლებში, რომ “დღეს აქ ისტორია იწერება“ - არა “დღეს აქ ისტორიას ვწერთ“, არამედ “დღეს აქ ისტორია იწერება“, რაც უკიდურესი საფრთხისა და დაძაბულობის ჟამს, ერთგვარი თვითტკბობისა და ნუგეშის საშუალებაა, დაინახო საკუთარი თავის გმირობა და ბრწყინვალება იმ ფართომასშტაბიანი გადმოსახედიდან, როდესაც შორეული შთამომავლობა ისტორიის წიგნებში წაიკითხავს დღეს მიმდინარე ბრძოლის შესახებ.

დღეს აუდიტორია #115-ში ისტორია მართლაც იწერება, მაგრამ ვინ წერს ან ვინ დაწერს ამ ისტორიას? რა ენაზე? ვის ენაზე? ეგებ პრევენციული პესიმიზმი უფრო მართებული საბრძოლო სტრატეგია იყოს? განა აუცილებლად გამარჯვებულად წარმოისახავს თავს ის, ვინც ისტორიულ პროცესში ჩართულობით ტკბება? შესაძლო მარცხს ხომ არ ასხამს წინასწარ ხოტბას? ვაი და, თუ შიშველი ძალა ვერ მოერია, გახელილი თვალებით ჩამოეძინოს და იმ ისტორიის წერა, რომელიც დღეს აუდიტორია #115-ში ხდება და ახლაღა პოულობს საკუთარ ენას, ცუდ მთარგმნელთ და მემატიანეთ შერჩეთ. ამიტომ სიტყვები უდიდესი სიფრთხილითაა შესარჩევი.