„გირჩის“ გამოჩენის გარდა, ქართული პოლიტიკური სივრცე ბოლო ხანებში რამდენიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით განახლდა. პირველი - „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო გიორგი ვაშაძე და განაცხადა ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის გეგმების შესახებ; მეორე - პაატა ბურჭულაძემ ოფიციალურად დააფუძნა ახალი პარტია და მასში გაწევრიანდა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი; მესამე - თავად „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული, ფაქტობრივად, მთლიანად განახლდა, თუ არ ჩავთვლით დავით ბაქრაძეს. დაბოლოს მეოთხე - პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ახალი პოლიტსაბჭო (და უფრო მცირე ცვლილება - ამ პარტიის რიგები დატოვა თამაზ მეჭიაურმა). მართალია, „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაზე ჯერ დარწმუნებით არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს როგორც ქართული პარტიების შინაგანი სტრუქტურების, ასევე ზოგადად მთელი პარტიული სისტემის გარეგანი ცვლილებების მთელი წყება. საკითხავი ახლა ის არის, ეს გარეგანი გარდაქმნა რამდენად გადაითარგმნება შინაგან ტრანსფორმაციად.
სანამ უფრო ფართო განხილვაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა სიტყვებით დატოვა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“. მან განაცხადა, რომ პარტია კაბინეტურად იმართება, რამდენიმე საკვანძო ფიგურის მიერ (კერძოდ, გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის, გოკა გაბაშვილის და მათი თანამოაზრეების მიერ) და მისი წამოსვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ უპირველესად არის პროტესტი ამ ფორმის მმართველობის წინააღმდეგ. ცხადია, ამ ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა კონტრბრალდებით უპასუხეს. მათ, ფაქტობრივად, ვაშაძეს ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობის მიღება დააბრალეს. ამავე დროს, ვაშაძის სიტყვების მთლიანად გვერდზე გადადება არ შეიძლება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ მის მიერ ბოკერიას და სხვების „ფასადად“ მოხსენიებული დავით ბაქრაძე პარტიამ პირველ ნომრად წარადგინა.
ერთი სიტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეგანი განახლება ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარია, ნიშნავს თუ არა პარტიის შინაგან ტრანსფორმაციას. ეს გაუგებრობა კიდევ უფრო კომიკურ ელფერს იძენს „ქართული ოცნების“ შემთხვევაში. ამ პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ 13 მაისს განაცხადა, რომ პარტიულ სიაში მოხვედრის იმედი არ აქვს, მაგრამ ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში უნდა მაჟორიტარობა, რაც ჯერ შეთანხმებული არ მაქვს ბიძინა ივანიშვილთანო. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზარ-ზეიმის გამართვა და ქართული პოლიტიკური სივრცის ტრანსფორმაციის აღნიშვნა ჯერ ნამეტანი ადრეა.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნებიდან ზემოთჩამოთვლილი პარტიები (რომლებიც დიდწილად მემარჯვენე და/ან კონსერვატორული დღის წესრიგის გამტარებლები არიან) შორს არიან, ვთვლი, რომ თუ ეს გარეგანი განახლება შინაგან ტრანსფორმაციას გაუტოლდება, ამით ქართული პოლიტიკური სისტემა მხოლოდ იხეირებს. ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის უდიდესი პრობლემა ის არის, რომ პირდაპირ თუ ირიბად მისი გავლენიანი წევრები წარსულში ჩართულნი იყვნენ და ახლაც ჩართულნი არიან კორუფციასა და უფრო სერიოზულ დანაშაულებებშიც (რისთვისაც რამდენიმე მათგანი ციხეშიც ზის). „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ მასში არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ დამნაშავეა და ვისთანაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი არასასიამოვნო ფაქტი შეიძლება ასოცირდებოდეს.
მე მჯერა, რომ პოლიტიკას აქვს გარკვეული ევოლუციური (გნებავთ, დიალექტიკური) ლოგიკა და, ფაქტობრივად, შეუძლებელია ერთბაშად, ანუ რევოლუციურად ყველა ცვლილება ერთმანეთს დაეწყოს. მაგალითად, თუ ზოგად დემოკრატიულ თამაშის წესებზე და კანონის უზენაესობის პრინციპზე შეთანხმებული არ ვართ - ოპონენტების უფლებებსა და თავისუფლებებს პატივს არ ვცემთ - ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია, გაჩნდეს იდეური და იდეოლოგიური დებატების სივრცე (ან, თუ გაჩნდება, დიდი ალბათობით, ისეთ გაუგებარ სიმახინჯედ იქცევა, როგორიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სისტემა იყო). დღეს ჩვენ ნაწილობრივ იმიტომაც არ გვაქვს პოლიტიკაში განვითარებული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური ლანდშაფტი, რომ ჯერ კიდევ ვდავობთ ელემენტარულ თამაშის წესებზე. მაგალითისთვის, 17 მაისს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. „კაბელების საქმე“ და სხვა საქმეები ადასტურებენ, რომ ჩვენთან სასამართლო არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანო. ასეთ პირობებში კი შეუძლებელია გაჩნდეს რაიმენაირად დაცული სივრცე აზრიანი კამათისთვის ეკონომიკაზე, სოციალურ ტრანსფორმაციაზე, განათლებაზე, შრომით უფლებებზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის განახლებაც (რაც არ უნდა გარეგანი და ზედაპირული იყოს ის), „გირჩის“ გაჩენაც, ვაშაძის გამოყოფაც და ბურჭულაძის გააქტიურებაც დადებითი მოვლენებია. თუ ამ პარტიებმა და მოძრაობებმა შეძლეს შინაგანი ტრანსფორმაცია და გათავისუფლდნენ ოლიგარქებისა და საეჭვო რეპუტაციის პირების გავლენისგან, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ პროგრამა მინიმუმი მაინც შესრულები გვაქვს იმისთვის, რომ კონსოლიდირებული, შემდგარი დემოკრატია გვერქვას. შემდეგ ეტაპზე უკვე თავისით გამოვა იდეური განსხვავებები წინ (რადგან ელემენტარულ რამეებზე კამათი შედარებით ნაკლებად მოგვიწევს). მეორე ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანი იქნება პარტიებისთვის ის, რომ ჯერ იდეურად, შემდეგ სამართლებრივად და ბოლოს, სოციალურად შეცვალონ რეალობა და არა უხეში და დაუსაბუთებელი ძალის გამოყენებით.
იქამდე კი, სანამ ეს მოხდება, აუცილებელია, ბოლომდე დავრწმუნდეთ იმაში, რომ ქართული პარტიები მართლა დემოკრატიზაციის და კანონის უზენაესობის დაცვის გზას დაადგნენ. ჯერჯერობით, ამის დასტურად მხოლოდ გარეგანი და უკიდურესად ზედაპირული მტკიცებულებები გვაქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, მალე მეტი ნათელი მოეფინება იმას, თუ სად ვართ რეალურად.