ბოლო დროს ქმედითი შრომის ინსპექციის დაფუძნებისა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნებმა გამოაჩინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული იდეოლოგიური უთანხმოება სახელმწიფოს როლის შესახებ კერძო ურთიერთობებში. ძირითადად მემარჯვენე იდეოლოგიური განწყობების მქონე ადამიანები ეწინააღმდეგებიან იმას, რომ საქართველომ შექმნას ქმედითი შრომითი ინსპექცია ან დააწესოს რეგულაციები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ზოგიერთი მათგანი არსებული რეგულაციების გაუქმებასაც კი ითხოვს. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან ქართველი მემარჯვენეები კერძო ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევას და რომელი ტიპის არგუმენტის მომხრეებთან ვხედავ საერთო ნიადაგის გამონახვის პერსპექტივას მემარცხენე გადმოსახედიდან.
კერძო საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული. კონსტიტუციის 21-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.“ ამავე დროს, იმავე კონსტიტუციაში დასაშვებად არის მიჩნეული სახელმწიფოს მიერ გადასახადების იძულების წესით აკრეფა, რეგულაციების დაწესება და შრომით ურთიერთობებში ჩარევა (შრომით უფლებებზე 30-ე მუხლშია საუბარი).ერთი სიტყვით, სახელმწიფო აღიარებს, რომ კერძო საკუთრების უფლება, თავისი არსით, აბსოლუტური არ არის და იზღუდება გარკვეული წესებითა და რეგულაციებით. ქართველ მემარჯვენეებს ამ შეზღუდვებზე ერთგვაროვანი აზრი არ აქვთ: ერთი ნაწილი, რომელთაგან ზოგიერთი თავს „ლიბერტარიანელს“ უწოდებს, მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება საერთოდ არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე, უფრო პრაგმატული ნაწილი, ფიქრობს, რომ კერძო ურთიერთობებში ჩარევა არაეფექტიანია და არასასურველ ეკონომიკურ შედეგებს გვაძლევს.
სამწუხაროდ, ბოლოდროინდელ დებატებში სოციალურ ქსელებშიც და რეალურ საჯარო სივრცეშიც პირველი, აბსოლუტისტური პოზიცია ჭარბობს.ამ პოზიციას აბსოლუტისტურ ხასიათს ის აძლევს, რომ იგი ექსკლუზიურად მხოლოდ მორალით აპელირებს. მის მიხედვით, კერძო საკუთრების დაცვა მორალურია, მისი შებღალვა კი ამორალური (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთმა ადამიანმა მეორეს ფიზიკური ზიანი მიაყენა). გადასახადები და რეგულაციები რადიკალი მემარჯვენე ლიბერტარიანელებისთვის ამორალურია, რადგან ისინი კერძო საკუთრების უფლებას ბღალავენ. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკების წარმოება ჩარევის ზომებზე, რადგან ჩარევა აპრიორი ამორალური გამოდის. ამ პოზიციის ადამიანები, როგორც წესი, აგრესიულად იცავენ თავიანთ მოსაზრებებს, რადგან მათთვის სასწორზე ქმედების მორალურობა-ამორალურობა დგას. საქმე როდესაც მორალს ეხება, ბუნებრივია, ადამიანები უფრო კატეგორიულები და აგრესიულები ხდებიან.
მეორე, პრაგმატულ პოზიციას რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ის, თუ რა მიზეზით ეწინააღმდეგებიან მისი მხარდამჭერი მემარჯვენეები გადასახადებს და რეგულაციებს. ძირითადად ორი რამე აღელვებთ „პრაგმატისტ“ მემარჯვენეებს: 1) საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება და 2) კაპიტალის აკუმულაციისთვის ხელის არშეშლა. პირველ შემთხვევაში, ისინი, მაგალითად, ამბობენ იმას, რომ ჩვენ თუ ზედმეტად მკაცრი რეგულაციები გვექნება ან ზედმეტად მაღალ გადასახადებს დავაწესებთ, მაშინ საერთაშორისო ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო აღარ მოეწონებათ. მეორე შემთხვევაში მათ აღელვებთ ის, რომ ბიზნესი საკმარის მოგებას ვეღარ ნახავს და ვერ გაფართოვდება. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე არგუმენტში არის სიმართლის მარცვალი და რაციონალურად რომ მივუდგეთ, შეუძლებელია მათ მთლიანად გადავუსვათ ხაზი. შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, თუ რა დონეზე უნდა გავზარდოთ გადასახადები ან გავამკაცროთ რეგულაციები, მაგრამ ის, რომ ჩვენ დანიის, შვედეთის ან რომელიმე ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის სტანდარტები ვერ გვექნება, უდავოა. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სტანდარტები, როგორიც შეეფერება განვითარების ჩვენს დონეზე მყოფ ქვეყანას. მემარცხენეებიც, როდესაც ვითხოვთ სტანდარტების ამაღლებას, ვგულისხმობთ არა დანიის და ნორვეგიის სტანდარტების შემოღებას, არამედ მხოლოდ არსებულის გაუმჯობესებას ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.
თუ მემარჯვენეობის პრაგმატულ ვერსიასთან მემარცხენე გადმოსახედიდან კომპრომისი შესაძლებელია, ლიბერტარიანულ ვერსიასთან ასეთი კომპრომისის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გამოდის. საქართველოში ლიბერტარიანელების გარკვეული ნაწილისთვის მემარცხენე მოთხოვნების წამოყენება ნიშნავს კერძო პირისთვის „ჯიბეში ხელის ჩაყოფას“ და მის გაძარცვას. მათთვის გადასახადები ძარცვაა, რეგულაციები კი - ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი რეპრესიები (მათ უყვართ ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან, რადგან ევროკავშირი სწორედ თავისი მკაცრი რეგულაციებით არის ცნობილი). ამ პოზიციის პოპულარობა საქართველოში განაპირობებს იმას, რომ, მაგალითად, ელემენტარული შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მემარჯვენეებთან შეთანხმება დღეს თითქმის შეუძლებელი ამოცანა გახდა. სოციალურ ქსელებში და საჯარო სივრცეში ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც რეგულაციების გამკაცრებას ეხება, საბჭოთა კავშირში დაბრუნების მოწოდებად აღიქმება. ასეთ პირობებში პოლიტიკური განსხვავებები უფრო ღრმავდება და საჯარო სივრცე უფრო კონფრონტაციული და აგრესიით გაჯერებული ხდება.
საქართველოში დღეს შრომითი პირობები გაუსაძლისია და შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ლაპარაკია უპირველესად ისეთი პირობების დარღვევაზე, რომლებსაც ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ელემენტარულ რამეებზე კონსენსუსის მიღწევა უნდა შევძლოთ. ახლა სწორედ საერთო ნიადაგის მოძებნა გვჭირდება, რისი მიღწევის პერსპექტივაც სამწუხაროდ არ ჩანს.ამასობაში, ჩვენ თვალწინ ტრიალდება ტრაგედიები, რომელთა ნაწილის თავიდან აცილებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ, რადგან ელემენტარულ რამეებზე ვერ შევთანხმდით.