მთავრობა რომ სრულმასშტაბიან ნეპოტიზმში არის ჩართული, ამის შესახებ ბევრმა ვიცით და ეს უკვე მივიღეთ კიდეც, როგორც გარდაუვალი მოცემულობა, რომელზეც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ენთუზიასტი უფლედამცველის გარდა ხმას არავინ იღებს. ამის ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ნეპოტიზმის დამტკიცება ყოველთვის ადვილი არ არის. მაშინაც კი, როდესაც პირადად ვართ მომსწრენი ნეპოტიზმის ფაქტების, ასეთი ფაქტების საჯაროდ გამოტანა და დამნაშავეების გამოვლენა ყოველთვის ადვილი საქმე არ არის. პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების ყველაზე უსინდისო ნაწილი ჩვენი უმოქმედობით და სათანადო მექანიზმების არარსებობით ნაყოფიერად სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო...
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული შეწყალების კომისიის ყოფილმა და ამჟამინდელმა თავმჯდომარეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს კომისიაზე ზეწოლაში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 10 დეკემბერს, შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ითხოვდნენ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას, როგორც მისი თავმჯდომარეობის, ასევე კომისიის წინა თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დროს.
წინა დღეს, 9 დეკემბერს, კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, თავის მხრივ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი აპირებდა, პროკურატურაში დაესახელებინა ასევე კონკრეტული გვარები გავლენიანი ადამიანებისა, რომლებსაც იგი კორუფციაში და ზეწოლაში სდებს ბრალს. მან აღნიშნა, რომ საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ მის სიცოცხლეს ამის გამო შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების ერთი ნაწილისგან ელისაშვილის და ქორიძის განცხადებებს უმალ საპირისპირო ბრალდებები მოჰყვა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმა ელისაშვილი ასევე ცილისწამებაში დაადანაშაულა და იუმორისტულ ნოტაზე აღნიშნა, რომ „ამას მისი ცხვირის ზომაც ადასტურებს“.
ელისაშვილს „ქართული ოცნების“ წევრებისგან წამოსული ბრალდებების არ შეშინებია. 12 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მამამისს ერთი მსჯავრდებულის გათავისუფლებაში 20 000 დოლარი შესთავაზეს. ასევე, მისივე თქმით, სხვადასხვა მსჯავრდებულების საქმეებზე პოლიტიკოსები აქტიურად ახორციელებდნენ მასზე, როგორც კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას. ზეწოლის ასეთ ფაქტებს იგი შემდეგნაირად აღწერს:
„ერთ საქმეზე ზედმეტი ინტერესი იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ვითომც არაფერი, მაგრამ მეორე შეწყალებაზე ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა. მესამე შეწყალებაზე იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმე გაიტანე განსაკუთრებული წესითო. ვეუბნებოდი, რომ ის არ ჯდებოდა კრიტერიუმებში. მპასუხობდნენ, რომ ვიცით, რომ არ ჯდება კრიტერიუმებში, მაგრამ მაინც უნდა გაიტანოო. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი. ბოლო მესიჯი მივიღე პირდაპირ ძახილის ნიშნებით, როგორ ბედავ და არ გაგაქვს შეწყალებაზეო.“
ამ საქმის გამოძიება დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მმართველი კოალიციის ბედი დიდწილად ამ გამოძიებაზე არის დამოკიდებული. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც არ არიან ეჭვმიტანილი კორუფციაში, ზეწოლასა და შანტაჟში ღიად დაუჭირონ მხარი ელისაშვილის და ქორიძის მიერ წამოყენებული ბრალდებების სამართლიანად გამოძიებას. თავად პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა გავლენიანი წევრები ამ საქმეზე ჯერჯერობით დუმან, ან საუბარი სხვა თემებზე გადააქვთ. მომავალში, ასეთმა საქციელმა შეიძლება უარესი დარტყმა მიაყენოს მმართველ კოალიციას.
სამართლიანად გამოძიებასა და გამოძიების ბოლომდე მიყვანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უზრუნველყოთ ელისაშვილის და ქორიძის უსაფრთხოება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საეჭვო ვითარებებში საჯარო პირებს მოუკლავთ თავი, ან გაზით გაგუდულან; ასევე, ქვეყანა, სადაც უახლოეს წარსულში უკვე მოუკლავთ, უცემიათ, დაუშანტაჟებიათ, უკანონოდ ციხეში ჩაუსვამთ ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ხელისუფლების მაკრიტიკებელი მოქალაქეები. დღეს თუ უფლება მივეცით, ამ საქმის სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ჯოხი ელისაშვილზე და ქორიძეზე გადატეხონ, ე.ი. თავისუფლების ღირსები არ ვყოფილვართ. ამიტომ, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, მივადევნოთ თვალი მოვლენებს და არ მივცეთ არავის უფლება, გადაკვეთოს წითელი ხაზი.