ჰომო-sacer-სექსუალობა

ჰომოსექსუალობის მიუღებლობის ფსიქოლოგიური მიზეზები ბანალური და არასაინტერესოა: რეალური ჰომოფობი, ანუ ისეთი, რომელშიც ჰომოსექსუალობა ზიზღით გამოხატულ შიშს აღძრავს, ლატენტური, ან ვერრეალიზებული ჰომოსექსუალია, რომელიც შემდგარ ჰომოსექსუალში საკუთარ თავს, საკუთარ ვერგანხორციელებულ სურვილს ამოიცნობს, რაც მასში ერთდროულად შურსაც იწვევს და საკუთარი ფარული ვნების მხილების პანიკურ შიშსაც. კიდევ არსებობენ მიბაძვით ჰომოფობები, ანუ ისეთები, რომლებიც რეალურად სულაც არ არიან ჰომოფობები, მაგრამ იმის გამო, რომ ჰომოფობია კულტურულად მიღებულია, ანუ უმრავლესობას ჰომოსექსუალობის მიმართ განცხადებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ისინიც, ვისაც ჰომოფობიის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, ჰომოფობობენ, იმიტომ, რომ ასეა მიღებული. ამას განწყობის ფსიქოლოგია „კონფორმიზმს“ უწოდებს: ადამიანი ვერ აყალიბებს, ან ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს იმ მარტივი მიზეზით, რომ უმრავლესობა სხვა აზრზეა. თავად ეს უმრავლესობა კი სწორედ ასეთი კონფორმისტების სიმრავლეა.

ბევრად უფრო საინტერესო და მრავალმხრივია ჰომოსექსუალობის კულტურული მიუღებლობა, ანუ კულტურული ჰომოფობია, რომელშიც არა მხოლოდ უცხოსადმი სიძულვილის ტრადიციული სტერეოტიპები აირეკლება, არამედ ის, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჰომოსექსუალობის ხასიათს, მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს, მეორე მხრივ კი, მისი კულტურული თვითგამოხატვის ფორმებს.

რა არის კულტურული ჰომოფობია და როგორ აისახება ის როგორც ჰომოსექსუალურ სურვილზე, ისევე მის კულტურულ არტიკულაციაზე?

კულტურულ ჰომოფობიაში იგულისხმება ის ადგილი, რომელიც კულტურამ, ანუ იმან, რაც ადამიანს ცხოველთა სამყაროდან განასხვავებს - ადამიანების მიერ არა ბუნებით თანდაყოლილმა, არამედ ხელოვნურად შექმნილმა სოციალური ურთიერთობის ფორმებმა - ადათ-წესებმა, რელიგიამ, პოლიტიკურმა და სამართლებრივმა აზროვნებამ თუ მორალურმა წარმოდგენებმა და კულტურულ ღირებულებათა იდეალებმა, ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მიუჩინა: ესაა მარგინალურობა, რომელსაც ეპოქისა და კონკრეტული კულტურის შესაბამისად ხან დეკადენტობა, ხან ცოდვა, დანაშაული, სუბკულტურა და ა.შ. ეწოდება.

თვით უძველეს ცივილიზაციებშიც - ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ირანში, განსაკუთრებით ანტიკურ საბერძნეთსა თუ რომის იმპერიაში -რომლებიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით იყვნენ ცნობილი, სექსუალობის ამ ფორმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ დაუკავებია ცენტრალური ადგილი, არ ქცეულა „მეინსტრიმად“, არც მაშინ, როდესაც რომის ერთ-ერთი უძლიერესმა იმპერატორმა ადრიანემ, ერთადერთმა, რომელიც საკუთარ ჰომოსექსუალობას არ მალავდა, საკუთარი შეყვარებული - 17 წლის ბიჭი ანტინუსი - რომის სენატს ღვთაებად შეარაცხინა და მის სახელზე ტაძრები და საკურთხევლები ააშენა. არც ბერძნული პანთეონის უმაღლეს, ოლიმპილ ღმერთთა (ზევსი, აპოლონი, დიონისე) ზოგჯერ ტრაგიკულ სასიყვარულო თავგადასავლებს ლამაზ ბიჭებთან; არც აქილევსისა და პატროკლეს ჰეროიკულ სიყვარულს; არც კუნძულ ლესბოსის მკვიდრ დიდ ბერძენ ქალ პოეტ საფოს, რომლის შემოქმედებაც ლესბოსური სიყვარულის სახელმდებელი გახდა; არც სოკრატესა და პლატონის ამაღელვებელ სიტყვებს მამაკაცებს შორის სიყვარულზე თუ ალექსანდრე მაკედონელის შეშლილობამდე მისულ მწუხარებას მისი შეყვარებულის - ჰეფესტიონის დაღუპვის გამო - არაფერი საერთო ჰომოსექსუალობის კულტურულ ჰეგემონიურობასთან არა აქვს. ამასაც აქვს თავისი კულტურული მიზეზები, რომლებიც თავად კულტურის შინაარსსა და მიზნებს უკავშირდება.

ნორმატიული სექსუალობა, როგორც არაბუნებრივი ბუნებრიობა

ჰომოსექსუალობა არასდროს ყოფილა ნორმა, რამდენადაც ნორმატიულობა საზოგადოების მოწყობისა და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპებს უკავშირდება. კულტურაში დომინანტი ყოველთვის იყო გამრავლების ინსტინქტი, რომელიც თავისი არსით არა კულტურული, არამედ ბუნებრივი, ანიმალური წარმოშობისაა, ანუ ის, როგორც ინსტინქტი, ისეთივეა ადამიანში, როგორც ორგანული სამყაროს ნებისმიერ სხვა წარმომადგენელში. ამდენად, გამრავლება ბუნებრივი დეტერმინიზმის ნაწილია და არა კულტურული მონაპოვარი. კულტურა იწყება მაშინ, როდესაც გამრავლების ინსტინქტის რეგულაცია შემოდის, ანუ როცა ცხოველთა ჯოგში სოციალური ორგანიზაციები ჩნდება. სამეცნიერო თეორიების უდიდეს ნაწილს ადამიანის ბუნებისგან, ანუ ცხოველთა სამყაროსგან გამოყოფის და კულტურის დაბადების პირველ ნაბიჯად სექსუალური ცხოვრების რეგლამენტაცია, კერძოდ კი სისხლის აღრევის, ანუ ინცესტის აკრძალვა მიაჩნია. ამგვარად ჩნდება პირველი სოციალური ორგანიზაციები: ოჯახი, გვარ-ტომი, თემი, რომლებიც დროთა განმავლობაში სახელმწიფოდ და ერად ვითარდება. რამდენადაც ყველა ეს სოციალური ორგანიზაცია პატრიარქალურია, ანუ მამრობითი სქესის დომინანტურ პოზიციას, მის ძალაუფლებას ეფუძნება, სექსუალობის ნორმირებაც პატრიარქალური წესრიგის განმტკიცებას ემსახურება. მამაკაცის ძალაუფლება სიმბოლურად სექსუალურ აქტშიც აისახება, რომელიც, ერთი საკმაოდ გავლენიანი ანთროპოლოგიური თეორიის თანახმად, მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობად გაიგება, ან, სულხან-საბა ორბელიანის მიერ სექსუალური აქტის განმარტებას რომ შევადაროთ, - „კაცთაგან ქალის დამცირებად“. ქალის სექსუალური დაუფლებით, მასზე სიმბოლური ძალადობით, ყოველი მამაკაცი, შეიძლება ითქვას, ღვთაებრივი ძალაუფლების უმაღლეს არქეტიპს - შესაქმის აქტს იმეორებს, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ ქაოსზე ძალადობად და მის ძალადობრივ დამორჩილებად გამოისახება. ქორწინების ღამეს დაღვრილი ქალწულობის სისხლი სიმბოლურად შესაქმის აქტის იმიტაციაა.

სექსუალობის ნორმირებას გარდა სიმბოლურისა, ეკონომიური მნიშვნელობაც აქვს და ისიც, საბოლოო ჯამში, ძალაუფლებას უკავშირდება: გამრავლებამდე სექსუალობის დაყვანით დაქვემდებარებული ქალის სექსუალობა რეპროდუქციის ფუნქციით შემოისაზღვრება. სიამოვნებაზე უფლება, რომლის საშუალებადაც არა მხოლოდ ქალი გამოიყენება, პრივილეგიად გადაიქცევა: სექსუალური, ისევე, როგორც ყველა სხვა სახის სიამოვნება, პრივილეგირებული ფენების, ძალაუფლების მქონეთა უფლებაა. გარდა ამისა, გამრავლებით, ჯერ ოჯახის, შემდგომ გვარ-ტომისა თუ სანათესაოს, ბოლოს ერის დემოგრაფიული ზრდით, ძალაუფლების არეალი ფართოვდება.

ასეთ კულტურულ ფონზე ჰომოსექსუალობა, რომელიც არაა გამრავლებისა და ექსპანსიის საშუალება, არ მონაწილეობს დანათესავება-დამოყვრების პროცესში, არამედ სუფთა სახის ვნებაა, მთელი პატრიარქალური სისტემის საბოტაჟად გაიგება. ჰომოსექსუალობის, როგორც არაბუნებრიობის (რაც გამრავლების ინსტინქტზე უარის თქმას გულისხმობს) ცოდვად, გარყვნილებად, გადახრად, დეკადენტობად თუ დანაშაულად შერაცხვა, კულტურული ეკონომიის პერსპექტივიდან გამომდინარე, მისი სწორედ საბოტაჟად, მტრობად, წესრიგზე თავდასხმად აღქმიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთანავე, ნორმირებული სექსუალობის პირობებში, სადაც სექსუალური როლები მამაკაცისა და ქალის ძალაუფლებრივ ბალანსს, უფრო სწორად, მამაკაცის მიერ ქალის დაუფლება-დაქვემდებარებას ემსახურება, ჰომოსექსუალობას სრული სუბვერსია და ქაოსი შემოაქვს და სქესთათვის განსაზღვრული კულტურული და სოციალური როლები წყობიდან გამოჰყავს. ასეთი საეჭვო მოვლენა მარტივად გადაიქცევა აგრესიისა და სიძულვილის სამიზნედ, პარაზიტად, რომელიც არ მონაწილეობს ბიოლოგიური დოვლათის შექმნაში, რომელიც უარს ამბობს საჯიშე ცხოველობაზე და, შესაბამისად, მისი, როგორც უსარგებლო საგნის, ღირებულება და ფასი დაბალია.

Homo sacer

კულტურის ისტორიიდან ცნობილია ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს აუფასურებს და მას არსებობის ღირსადაც არ თვლის. რომაულ სამართალში ამ მოვლენას homo sacer-ი ეწოდება. homo sacer ლათინურად წმინდა ადამიანს ნიშნავს, რომლის „წმინდანობა“ იმითი გამოიხატება, რომ ამ სტატუსის მქონე ადამიანი გარიყულია საზოგადოებისგან, მას აღარ იცავს კანონი, შესაბამისად, არც მისი მოკვლა ან წამება ისჯება. გარდა ვიწრო ისტორიულ-სამართლებრივი შინაარსისა, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში „ჰომო საკერი“ უფრო ფართო მნიშვნელობებითაც იხმარება საზოგადოებისგან გარიყული, უფლებაწართმეული ადამიანების აღსანიშნავად. ასეთი ჰომო საკერია, მაგალითად, თემიდან განკვეთილი ადამიანი, რომელზეც თემის მფარველი ღვთაების, ან ჯვარ-ხატის წყალობა აღარ ვრცელდება; ჰომო საკერები იყვნენ პირველი ქრისტიანი მოწამეები, რომლებსაც იმპერატორმა ნერონმა რომის გადაწვაში დასდო ბრალი; მოწამე წმინდანები, რომლებსაც საბოტაჟში, ავხორცობაში, ინცესტსა თუ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ. შემდგომში თავად გამარჯვებულმა ქრისტიანობამ შექმნა ახალი ჰომო საკერები ურჯულოების, მწვალებლებისა თუ კუდიანების სახით. ჰოლოკოსტში, ანუ გერმანელი ნაცისტების მიერ ებრაელთა, როგორც დაბალი რასის წარმომადგენლების განადგურებაში, ამგვარი სტატუსის მქონეებად ებრაელები იქცნენ. იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა, რომლის სახელსაც უკავშირდება ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობით გავრცელება, თანამდეროვე ჰომო საკერებად „ანტიტერორისტული ომის“ ტყვეები - გუანტანამო ბეის პატიმრები მიიჩნია, აგრეთვე ლტოლვილები, რომელთა მიღებაც არცერთ სახელმწიფოს არ სურს. კულტურული ჰომოფობიის პერსპექტივიდან, ჰომოსექსუალია ერთგვარი უნივერსალური ჰომო საკერი, რომლის, როგორც არა კვლავწარმოების საშუალების ფასი არ წარმოადგენს სასიცოცხლო ღირებულებას. შესაბამისად, ჰომოსექსუალთა უფლებრივი გათანაბრება პირდაპირი ხელყოფაა კვლავწარმოებადი უმრავლესობის აღმატებულობისა და მასზე დაქვემდებარებულის მიმართ ძალადობის წმინდა უფლებისა.

ჰომო საკერი ჰომოფობურ კულტურასა და მის ეკონომიურ აზროვნებაში ჰომოსექსუალობის რეალური სტატუსია. ჰომოსექსუალობის შეუწყნარებლობა, რომელსაც მისი დემონიზაცია, ცოდვად და გარყვნილებად შერაცხვა, შემდგომ კი ავადმყოფობად და სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაცია მოჰყვა, სათავეს მონოთეისტური რელიგიებიდან იღებს. განსაკუთრებული როლი ამ მხრივ ითამაშა ქრისტიანობამ, რომელმაც თავდაპირველად ყოველგვარი ხორციელი სიამოვნება დაგმო და შეაჩვენა, ხოლო შუა საუკუნეებში ჰომოსექსუალობა მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა და ამით ახალი დროებისათვის ჰომოსექსუალობის დევნისა და განადგურების ნიადაგი შეამზადა. სწორედ განმანათლებლურ და გონების ბატონობის ხანაში გახდა ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის სასიყვარულო ურთიერთობა „გადახრა“, ნორმიდან გადახვევა თუ დანაშაული. ასეთი განვითარების დაგვირგვინება იყო ფაშისტურ რეჟიმებსა თუ საბჭოთა დიქტატურაში ადამიანების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დევნა და ხშირად ფიზიკური განადგურებაც. თუმცა XX საუკუნეშივე დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალობის ჯერ დეკრიმინალიზაციისათვის, შემდეგ კი სრული სამართლებრივი ლეგალიზაციისათვის, რომლის დაგვირგვინებაცაა უკვე XXI საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში ჰომოსექსუალურ ქორწინებათა დაკანონება, ანუ ურთიერთობის ამ ფორმის იმ კულტურაში ინტეგრაცია, რომელმაც ჰომოფობიის წარმოშობა განაპირობა. თუმცა სწორედ ამგვარმა ჰუმანისტურმა პოლიტიკამ გაამძაფრა ჰომოფობიის ახალი ტალღაც. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ჰომოფობია პატრიარქალური წესრიგის დამცველი ულტრაკონსერვატორების, რელიგიური ფანატიკოსებისა და ექსტრემისტების, მემარჯვენე პოპულისტებისა და ნეოფაშისტების უკანასკნელი თავშესაფარია.

ჰომოსექსუალობის არაბუნებრიობა, როგორც „პრივილეგია“

შეიძლება ერთი შეხედვით პარადოქსად გამოიყურებოდეს, რომ ჰომოსექსუალობის კულტურული ღირებულება განპირობებულია ზუსტად იმავე მიზეზებით, რომლებიც ჰომოსექსუალობას ჰომო საკერად აქცევს. მრავალსაუკუნოვანმა დევნამ და მარგინალიზაციამ ჰომოსექსუალური კულტურა დაიცვა გამეინსტრიმებისა და, შესაბამისად, გაუფასურებისაგან. ამით ის ყველა სახის ალტერნატიული თუ კონტრკულტურის პროტოტიპად და ულევ საბადოდ აქცია. ამასთანავე, ჰომოსექსუალობის კულტურული თვითგამოხატვის ფორმები, მისი განსაკუთრებულობა და ხიბლი თუ რევოლუციური მუხტი მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ რეპრესიების შედეგია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ხორციელდება მასზე. რელიგიურმა შეუწყნარებლობამ კი ჰომოსექსუალობას სწორედ რელიგიური, შეიძლება ითქვას, საკრალური შარავანდედი შესძინა: ჯერ იუდაიზმში, შემდეგ კი უფრო მძაფრად ქრისტიანობაში, განსაცდელი და დევნა ღვთის რჩეულობის, სიწმინდის ნიშანია. სახარებიდან ცნობილი ქრისტეს სიტყვები - „ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი“ (მათე 20;16) - პირდაპირ შეიძლება მიესადაგოს ჰომოსექსუალობის, როგორც მარადიული უმცირესობის პათოსს.

მარგინალიზებული, აკრძალული და დევნილი უმცირესობის პათოსი ქმნის იმ კულტურული თვითგამოხატვის სუბვერსიულ, ანუ დამამხობელ, არეულობის შემომტან ფორმებს, რომლებიც ჰომოსექსუალური კულტურისთვისაა დამახასიათებელი.

ჰომოსექსუალობის კულტურული თვითგამოხატვის პირველი მთავარი ფორმა მოწამეობრიობაა, რომელშიც და რომლის მეშვეობითაც ადრექრისტიანულმა მარტიროლოგიამ თანამედროვეობამდე მოღწევა შეძლო, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჰომოსექსუალი თანამედროვე ჰომოფობურ გარემოში იმავე როლს ასრულებს, როგორსაც კატაკომბების დროინდელი პირველი ქრისტიანები. შემთხვევითი არაა, რომ ჟან პოლ სარტრი პირველ ღიად ჰომოსექსუალ მწერალს ჟან ჟენეს წმინდანს უწოდებდა და ჟენესადმი მიძღვნილ თავის გიგანტურ მონოგრაფიაში მისი წმინდანობის დასაბუთებას ცდილობდა.

ჰომოსექსუალობის თვითგამოხატვის მეორე მთავარი ნიშანია „კარნავალურობა“, რომელიც ყველაზე ცხადად ე.წ. „გეი აღლუმებზე“ ჩანს და კონსერვატორი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. კარნავალურობა უკვე ანტიკურ ხანაში გაჩნდა, მაგრამ თავის ფართო გავრცელებას შუა საუკუნეებში მიაღწია. კარნავალურობისათვის დამახასიათებელია პაროდია, შავი იუმორი, გროტესკი, გადამეტება, სქესობრივი როლების აღრევა, „უცენზურობა“ და ეპატაჟი. კარნავალური კულტურა ჩაგრული, ხმა და უფლებაწართმეული ხალხის კულტურა იყო, რომელიც კარნავალური ფორმებით საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ არსებობას და თავისუფლების სურვილს. სწორედ ამგვარი „უცენზურო“ და ნორმატიული წესრიგის ამრევი ელემენტები იწვევს კულტურულ აფეთქებებს. „კულტურული აფეთქება“ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იური ლოტმანის შემოტანილი ტერმინია, რომელიც კულტურის დინამიკის, მისი თვითგანახლებისა და განვითარების მთავარი მექანიზმია და ის იმდენ ხანს არის ქმედითუნარიანი, სანამ კულტურის მიერ მისი მიღება-ათვისება და, შესაბამისად, „გაუვნებელყოფა“ არ მოხდება.

ჰომოსექსუალობა არაბუნებრივია, თუკი ბუნებრიობა გამრავლების ინსტინქტამდე დაიყვანება. სწორედ ეს არაბუნებრიობა ანიჭებს მას განსაკუთრებულობას და ერთგვარ მომნუსხველ-მომაჯადოებელ ელფერს, რომელიც თავისი არა ბუნებრიობით, არამედ ბუნების წინააღმდეგ სვლით, წმინდა სახის ხელოვნებაა, რამდენადაც ხელოვნება არცერთი ბიოლოგიური ინსტინქტის დაკმაყოფილებას არ ემსახურება და სამომხმარებლო ეკონომიის თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო და ზედმეტია. ისევე, როგორც ყოველგვარი ხელოვნება, რომელიც არაბუნებრივი თუ ბუნების მიერ არშექმნილი საგნების შექმნას გულისხმობს, გარკვეული აზრით, ჰომოსექსუალურია და როგორც ჰომოსექსუალობა, ხელოვნებაც სუბვერსიულია ნორმატიული წესრიგის მიმართ.

ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სიყვარულს არანაირი სხვა მიზანი, გარდა თავად სიყვარულისა, არ გააჩნია, მისი ნაყოფი არაბიოლოგიურია. ჰომოსექსუალობის საიდუმლო, რომელიც ცხოვრების ამ ფორმის მიმართ სიძულვილსაც იწვევს და ხიბლსაც, შურსაც და დაცინვასაც, აგრესიასაც და თანაგრძნობასაც, შიშსაც და განცვიფრებასაც - ერთგვარი „დაუინტერესებელი ჭვრეტაა“, როდესაც სექსუალობა არა რომელიმე სხვა მიზნის მიღწევის საშუალებაა, არამედ თავად მიზანია და ის მასში არანორმირებული, „პირველქმნილი“ მრავალფეროვნებით ცხადდება. თუ სექსუალობის ნორმირებით სიამოვნების ფაქტორის შეზღუდვა ხდება, ნორმებზე გადაბიჯებით კი შებოჭილი სიამოვნება რამდენადმე იზრდება, რაც ჰომოსექსუალობას სიამოვნების ეკონომიაში უპირატესობას უქმნის. კულტურული ჰომოფობიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ჰომოსექსუალობის ამგვარი პრივილეგირებულობაა.

ჰომოსექსუალობის მთავარი „პრივილეგია“ მისი კულტურული მიუღებლობაა, რაც მას გამეინსტრიმულებისა და შემოქმედებითი მუხტის დაკარგვისგან იცავს. ეს თვისება ჰომოსექსუალობის მარტიროლოგიურობამ, მოწამეობრივმა ბუნებამ განაპირობა. როგორც პირველქრისტიან მოწამეებს დევნა მხოლოდ რწმენას უმტკიცებდა და მიმდევრებს მატებდა, ასევე დევნა-შევიწროება ჰომოსექსუალობას მხოლოდ სიმტკიცეს და გაბედულებას მატებს, კიდევ უფრო მეტ ბრძოლისუნარიანობას და შემოქმედებით ენერგიებს ანიჭებს. ამდენად, 17 მაისის დარბევები და ოჯახის დაცვის კონგრესები, მთელი თავისი ნეოფაშისტური რიტორიკებით, პირველ რიგში, ჰომოსექსუალობის საუკეთესო „პროპაგანდაა“.