პირველი შთაბეჭდილება კანის კინოფესტივალის პროგრამაზე
“გამოვედი კინოდარბაზიდან და ცრემლი ვეღარ შევიკავე. ვბღაოდი ბავშვივით და მეგონა, რომ მთელი ჩვენი მუშაობა უშედეგო გამოდგა” - წერდა მონიკა ვიტი 1960 წელს, მიქელანჯელო ანტონიონის “თავგადასავლის” პრემიერის შესახებ. სურათი პირველად კანის კინოფესტივალზე უჩვენეს. როგორც მონიკა ვიტი იგონებს, პრესისთვის განკუთვნილ სეანსზე კინოკრიტიკოსები ყველაზე დრამატულ სცენებზე ხარხარებდნენ, ფინალში კი გაისმა სტვენა და კანის კინოფორუმისთვის ტრადიციული “მუუუუუუუ!”... უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილი, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ფილმი ვერ გადაურჩა მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფესტივალზე, რომლის კონკურსში მონაწილეობაზე ოცნებობდა და ოცნებობს ყველა კინემატოგრაფისტი. ისიც კი, ვინც დასცინოდა და “ბურჟუაზიულობაში” ამხელდა მას. თავის დროზე, “მუუს” ვერ გადაურჩდნენ კანში გამარჯვებული ფილმებიც - სტვენა და დაცინვა მოჰყვა მარტინ სკორსეზეს “ტაქსის მძღოლს”, მორის პიალას “სატანის მზის ქვეშს”... დევიდ კრონენბერგის “ავტოკატასტროფის” დასრულების შემდეგ კი ვიღაცამ ისტორიული შეძახილი “იკადრა”: “რეჟისორი ავადმყოფია, უმკურნალეთ!”. ეს “მუუ”, როგორც ჩანს, ჟიურიზე ზემოქმედების ხერხიცაა. კინოკრიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ამით რაღაც განწყობის მსგავსს უქმნიან კანის ფესტივალის მსაჯულებს. არ ვიცი, სხვა როგორ, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა მხოლოდ ამ მიზნით დავუსტვინეთ თავის დროზე ნიკიტა მიხალკოვის ფილმს, რომლის ზუსტი სათაური არ მახსოვს და, მართალი გითხრათ, ახლა, კანის დილის სეანსის წინ, ნახევრად მძინარეს, მაგრად მეზარება სურათის სათაურის მოძებნა ინტერნეტში.
დილის სეანსი კინოკრტიკოსებისთვის აქ 8.30-ზე იწყება. პრინციპში, თუ გინდა, რომ ნომალური ადგილი შეგხვდეს ძმები ლიუმიერების უზარმაზარ და აშკარად სარემონტო კინოდარბაზში, ფილმის სანახავად ნახევარი საათით ადრე მაინც უნდა მიხვიდე; მერე ზიხარ და აკვირდები იმას, რასაც ერთი მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა, “პრესა” ჰქვია; უსმენ სხვადასხვა ენაზე წარმოთქმულ გვარებს “ალმოდოვარი”, “დარდენები”, “მუნჯუ”, “ჯარმუში”... გვარებს, რომლებიც წლევანდელი ფესტივალის ამინდს ქმნიან, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსისა კანის კინოფორუმის ისტორიაში. ამ კინოფორუმს უკვე აქვს თავისი სახე - ფილმების ჩვენება, ვარსკვლავების სვლა წითელ ხალიჩაზე გრძელდება გაძლიერებული დაცვის ფონზე (ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კრუაზეტზე საფრანგეთის მთელი არმიაა გამოყვანილი), საკონკურსო პროგრამა კი გამოირჩევა ყველაზე გრძელი ფილმებით კანის კინოფორუმის ისტორიაში - “ოქროს პალმისთვის” მებრძოლი ფილმების აბსოლუტური უმრავლესობის ქრონომეტრაჟი სამ საათს აღწევს.
მქუხარე ოვაციებს ან “მუუს” მოჰყვება დისკუსია პრესისთვის განკუთვნილ აივანზე და კინოკრიტიკოსების ვარსკვლავები ყოველდღიურ კინოჟურნალებში. ეს უკვე ჟიურიზე ზემოქმედების პირდაპირი გზაა: არავინ გთხოვს არგუმენტებს, მიაწერე ფილმს ორი, სამი, ოთხი ვარსკვლავი, ან მიახატე “ოქროს პალმა”. ამის შემდეგ “პრესა” იტყვის, რომ ესა თუ ის ფილმი კანის კონკურსის ლიდერია, სხვამ კი კატასტროფული მარცხი განიცადა.
კანის წლევანდელი საკონკურსო პროგრამა მართლაც უკიდურესად ძლიერია. თანამედროვე კინოს თითქმის ყველა ლიდერმა “შეინახა” თავისი ახალი ფილმი კანის კონკურისთვის, ამიტომ ფესტივალი უკვე მართლა ტიტანების ბრძოლას ემსგავსება. დაძაბულ შეჯიბრში კი მით უფრო ფასობს ოვაციებიც და “მუუც”, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვის როგორ შეაფასებს ეს “პრესა”. მნიშვნელოვანი - ჟიურისთვის, კინომანებისთვის და კინობაზრისთვის, გამქირავებლებისთვის, რომლებიც ფილმისთვის უნდა დაიხარჯონ. სწორედ ეს ხალხი ადევნებს თვალყურს განსაკუთრებული ყურადღებით დარბაზის რეაქციებს და ვარსკვლავებს კინოჟურნალებისთვის. სწორედ ამ ხალხს უქმნის პირველ რიგში დისკომფორტს კანის წლევანდელი კონკურსის “გაგრძელებული” ფილმები: ივლის კი პუბლიკა სამსაათიანი ფილმების სანახავად? ბოლომდე დარჩება კი კინოთეატრში, მაგალითად, რუმინული ფილმის, “სიერანევადის” სეანსზე? არადა სურათის ავტორს, კრისტი პუიუს აქ ბევრი უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას. ამბავი 40 წლის ბუხარესტელ ექიმზე, რომელიც თავის მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთად საგანგებო სადილს აწყობს გარდაცვლილი მამის “ორმოცისთვის”, შეიძლება ითქვას, არც არის “ამბავი”... ესაა უფრო სამსაათიანი სურათი, რომელსაც აღბეჭდავს “ზედამხედველი-კამერა” - სურათი პოსტკომუნისტური რუმინეთისა. სურათი ნამდვილად ოსტატურად იქმნება. მაგრამ კინო - ნაკლებად. მთელ ამ პოლიტიკურ-კულინარიულ დისკუსიაში (პერსონაჟები დიდხანს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მომზადდა კერძები ორმოცისათვის, შემდეგ კი “შარლი ებდოს” ტრაგედიას განიხილავენ) არაფერი ვითარდება...
რუმინეთი არ განვითარდა და იმიტომ. შეიძლება ამას გულისხმობს ავტორი. მაგრამ როცა არ ვითარდება ფილმი. რა საჭიროა მაშინ ფილმი?
არა, განვითარებასაც გააჩნია, რა თქმა უნდა. აგერ, კრიტიკოსებმა აიტაცეს და ქება-დიდება არ დააკლეს გერმანელი რეჟისორის, მარიან ანდეს ფილმს “ტონი ერდმანი, (არადა კანის ფესტივალზე გერმანულ კინოს დიდად არ სწყალობენ). ფესტივალის პირველი ნახევრის რეიტინგებით ეს სურათი, რომლის მოქმედება, სხვათა შორის, სწორედ რუმინეთში ვითარდება, ლიდერია ყველა გამოკითხვაში. ესაა ე.წ. “ნეოლიბერალიზმის კრიტიკა” და სატირა ახლა უკვე დასავლეთევროპელ “ბიზნესვუმენზე”, რომელიც ბუქარესტში რომელიღაც ნავთობკომპანიის მენეჯერად მუშაობს. გერმანიიდან მის მოსანახულებლად და დაბადების დღის მისალოცად ჩადის მამა, მუსიკის ყოფილი მასწავლებელი (ფილმის დასაწყისში მას უკანასკნელი მოსწავლე გაექცა) და ცდილობს, დაუბრუნოს შვილი ნორმალურ ცხოვრებას, ჩამოაშოროს ამ ყალბ ბიზნესკოქტეილებს და ვითომც ძალიან საქმიან შეხვედრებს... აბა, მეტი რა უნდა გაბრაზებულ დასავლელ კინოკრიტიკოსს კანში? მერე რა, რომ მთელი ეს პუბლიცისტიკა, უსაშველოდ პრიმიტიულად გადაღებული კარიკატურა, ეს სტერეოტიპული პერსონაჟები, არც სახეებს გამახსოვრებინებს, არც ატმოსფეროს. მთავარი ისაა, რომ ეკრანზე აისახება ზიზღი, რომელსაც ის ჩვენი გაბრაზებული კრიტიკოსი თავის თავში ატარებს, მთავარი ისაა, რომ გერმანელი რეჟისორი დასცინის ნეოლიბერალებს. თანაც, ძალიან მწარედ... გაბრაზებული კრიტიკოსისთვის, იმისთვის, ვინც ბერლინელ რეჟისორს ოვაციები გაუმართა, ეტყობა, სწორედ ესაა მთავარი!
ამას წინათ სტუდენტებთან ვიკამათეთ ცოტა შეიძლება უცნაურ თემაზე “კარგი და ცუდი ფილმი”. შევეცადეთ შეგვედარებინა მსგავს თემაზე გადაღებული კარგი და ცუდი ფილმები.
კანის წლევანდელ ფესტივალზე სწორედ ეს დისკუსია გამახსენდა: გერმანულ საკონკურსო ფილმს წინ უძღოდა პრემიერა ბრიტანელი კინოვეტერანის, კენ ლოუჩის ახალი სურათისა “მე, დენიელ ბლეიკი”. ესაა ამბავი 59 წლის მარტოხელა დურგალზე, რომელსაც ინფარქტის მერე უკრძალავენ მუშაობას, თუმცა სოციალური დახმარების გაფორმება მისგან ჯოჯოხეთურ ბიუროკრატიასთან ბრძოლას მოითხოვს.
ლოუჩის ფილმში არის ასეთი ეპიზოდი. დენიელ ბლეიკს სთხოვენ, დაბეჭდოს სოცდახმარების კითხვარი კომპიუტერზე და ინტერნეტით გაუგზავნოს სოცდახმარების ოფისს. მაგრამ მან არ იცის კომპიუტერის ხმარება - მთელი ცხოვრება დურგლად მუშაობდა და არც კომპიუტერი დასჭირვებია და არც ინტერნეტი. ეს მხოლოდ ლოუჩს შეუძლია მგონი. მხოლოდ ლოუჩს შეუძლია შექმნას მხატვრული სახე ყოფითი სცენიდან. უფრო მეტიც, შექმნას ნამდვილი დრამა ადამიანზე, რომლის ბედი, რომლის სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ტექსტის დაბეჭდვას და მეილის გაგზავნას.
ესეც თქვენი განსხვავება - სისტემის კრიტიკა ზიზღით და სისტემის კრიტიკა სოლიდარობით. სისტემის კრიტიკა კარიკატურული “ბიზნესვუმენებით” და სისტემის კრიტიკა ადამიანებით, რომლებიც არ არიან დამნაშავეები ამ სისტემის არსებობაში. სისტემის კრიტიკა კრიტიკისთვის და სისტემის კრიტიკა ადამიანისთვის. დაბოლოს, უნიჭობა და ნიჭიერება. არა, მხოლოდ ეს არა. უნიჭობა და გენიალურობა!
კენ ლოუჩის გმირი ბოლოს გულის შეტევით კვდება. მეგობრები მას დილით ადრე ასაფლავებენ, რადგან დამკრძალავ ბიუროს დილის საათებზე “სეილი” აქვს გამოცხადებული. მეტის საშუალება კი ამ ხალხს არა აქვს.
ამაზე როგორ არ უნდა გაგეცინოს? მაშინაც კი, როცა ცრემლს ვერ იკავებ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ატირებული დარბაზი კენ ლოუჩის ფილმის დასრულების შემდეგ კანის ფესტივალის წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილებაზეც იმოქმედებს. რისთვის ვართ აბა აქ კრიტიკოსები ჟიურიზე ზემოქმედება თუ არ მოვახდინეთ?!